ილია მეორე ინდოეთის პრემიერს ქეთევან დედოფლის ნაწილების საქართველოში კიდევ 6 თვით დატოვების თხოვნით მიმართავს
06.03.2018
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე
ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის წმინდა ქეთევან დედოფლის ნაწილების საქართველოში დამატებით 6 თვით დატოვების საკითხის განხილვის თხოვნით მიმართავს.
პატრიარქი თავის წერილში მადლობას უხდის ინდოეთის მთავრობას გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის საფუძველზეც ექვსი თვით საქართველოს დაუბრუნდა ქეთევან დედოფლის გოას შტატში მოკვლეული ნაწილები.
"ჩვენი ხალხი დიდი სიყვარულით შეხვდა თავის დედოფალს. მისი წმინდა ნეშტის ნაწილების მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღემდე გრძელდება, მაგრამ ვინაიდან ეს დრო არ აღმოჩნდა საკმარისი მრევლის მასთან მიახლებისათვის, გთხოვთ, განხილულ იქნას სიწმინდეების საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელება თუნდაც კიდევ ექვსი თვის ვადით", - ნათქვამია საქართველოს პატრიარქის წერილში.