დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მსახურებისთვის სავარაუდოდ, თვის ბოლოს გაემგზავრება
06.02.2018
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მსახურებისთვის სავარაუდოდ, თვის ბოლოს გაემგზავრება.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"თავად დეკანოზმა განუცხადა.
საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის განცხადებით, მისი მოსკოვში გამგზავრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საპატრიარქოს მხრიდან უკვე მიღებულია.
მამა კახაბერის თქმით, მოსკოვიდან მისი მიწვევის შესახებ ოფიციალურ წერილს ელოდება, რის შემდეგაც გაემგზავრება. მამა კახაბერისთვის ასევე უცნობია, რა დროით მოუწევს მას მოსკოვში მსახურებისთვის დარჩენა.
"მოსკოვში ჩემი გამგზავრება საპატრიარქოდან გადაწყვეტილია. ზუსტი თარიღი ჯერ ჩემთვისაც უცნობია. ვიზა და საჭირო დოკუმენტაცია ჯერ არ მაქვს. სავარაუდოდ, თვის ბოლოს გავემგზავრები", – განაცხადა მამა კახაბერმა.
შეგახსენებთ, რომ არქიმანდრიტი მირიან შენგელია, რომელიც მანამდე მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მსახურებდა, ამჟამად თბილისში სამების საკათედრო ტაძარში მსახურებს.
დეკანოზ მამა კახაბერისთვის უცნობია რატომ მოხდა არქიმანდრიტ მირიან შენგელიას საქართველოში დაბრუნება, რომელიც მანამდე აღნიშნულ ტაძარში თითქმის ერთ წელზე მეტი მსახურებდა.