ილია მეორე - წარსულში თითქოს უფრო უჭირდა ხალხს, მაგრამ სიხარული მაინც იყო, სად დაიკარგა ეს სიხარული?!
04.02.2018
წარსულში თითქოს უფრო უჭირდა ხალხს, მაგრამ სიხარული მაინც იყო, სად დაიკარგა ეს სიხარული?!, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
"მოგვიახლოვდა დიდი მარხვა და ამით გვიახლოვდება დიდი მარხვის შემდეგ აღდგომის ზეიმი. ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგვითენოს უფალმა. არ უნდა დავკარგოთ იმედი. წარსულში თითქოს უფრო უჭირდა ხალხს, მაგრამ სიხარული მაინც იყო. სად დაიკარგა ეს სიხარული, სად დაიკარგა ეს მშვიდობა?! მაგრამ მშვიდობა დაბრუნდება, რადგან ჩვენთან არს ღმერთი",- აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
მისი თქმით, დღეს არის უძღები შვილის კვირიაკე და უძღები შვილის შესახებ იგავი მოჰყვა, რომელიც, მისი თქმით, წინასწარმეტყველებაც არის.
"ეს არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ კაცობრიობა განუდგება უფალს, მაგრამ ისე გაუჭირდება, რომ დაბრუნდება უკან როგორც უძღები შვილი. მამაზეციერი არასდროს ტოვებს კაცობრიობას, ფიქრობს, ზრუნავს მასზე. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მწუხარება ხშირად თრგუნავს ადამიანს, მაგრამ ადამიანმა არ უნდა დაკარგოს ღვთის იმედი. მაცხოვარი ამბობს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ადამიანმა იპოვოს თავისი გზა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი გზა არის ის გზა, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ღმერთისკენ. ეკლესია არის კარიბჭე სასუფევლისა. ღმერთმა ძალა და მადლი მოგვცეს, რომ ვპოვოთ ეს ჭეშმარიტი გზა. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი უძღები შვილი დაბრუნდეს თავის მამასთან",- განაცხადა პატრიარქმა.