საქართველოს საპატრიარქო ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხს არკვევს
14.01.2018
საქართველოს საპატრიარქო ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხს არკვევს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს დაკავშირება სერბეთის საპატრიარქოსთან, რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის გარკვევა.
"ჯერჯერობით ამას გარკვევა სჭირდება, რა მოხდა, როგორ იყო და საპატრიარქო ამ ყველაფერს არკვევს", - განაცხადა ზვიდაძემ.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა. ამის შესახებ სააგენტო "რესს" ბიბილოვის პრესმდივანმა დინა გასიევამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრა სერბეთის პატრიარქის რეზიდენციაში გაიმართა.
"პრეზიდენტმა მის უწმინდესობას აუდიენციისთვის მადლობა გადაუხადა და მას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც მართლმადიდებლობა სამხრეთ ოსეთის ხალხის ისტორიაში და თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასრულებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მართლმადიდებლობის პრიორიტეტული როლი ასახულია რესპუბლიკის კონსტიტუციაში", - განაცხადა გასიევმა.
"პატრიარქ ირინეოსმა, თავის მხრივ, ანატოლი ბიბილოვს და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მშვიდობა, სიკეთე და აყვავება უსურვა",- აღნიშნავენ ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურში.
როგორც ცნობილია, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ სერბთა რესპუბლიკაში 8-13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. "ვიზიტის" ფარგლებში ბიბილოვი ასევე სერბთა პრეზიდენტ მილორად დოდიკს შეხვდა.