ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სერბეთის პატრიარქს შეხვდა
14.01.2018
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა. ამის შესახებ სააგენტო "რესს" ბიბილოვის პრესმდივანმა დინა გასიევამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრა სერბეთის პატრიარქის რეზიდენციაში გაიმართა.
"პრეზიდენტმა მის უწმინდესობას აუდიენციისთვის მადლობა გადაუხადა და მას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც მართლმადიდებლობა სამხრეთ ოსეთის ხალხის ისტორიაში და თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასრულებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მართლმადიდებლობის პრიორიტეტული როლი ასახულია რესპუბლიკის კონსტიტუციაში", - განაცხადა გასიევმა.
"პატრიარქ ირინეოსმა, თავის მხრივ, ანატოლი ბიბილოვს და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მშვიდობა, სიკეთე და აყვავება უსურვა",- აღნიშნავენ ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურში.