ილია მეორე - თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი ამ სიმძიმეს
05.01.2018
თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი ამ სიმძიმეს, - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში მისი 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.
ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით ორ ტომად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული "ბიბლიის" პრეზენტაცია.
"დღეს ისტორიული თარიღია ეკლესიის და ერის ისტორიაში და მე მინდა, მოგესალმოთ ყველას. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ თანადგომისათვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ამ ორმოცი წლის მანძილზე. მე ვერ შევძლებდი ამ მძიმე ტვირთის ზიდვას, თქვენი დახმარება რომ არ ყოფილიყო. მე პირველი შეხება ხელნაწერთა ინსტიტუტთან მქონდა ჩემი სტუდენტობის დროს, როცა ვამთავრებდი მოსკოვის სასულიერო აკადემიას. მე მქონდა აღებული საკანდიდატო თემა ივერიის მონასტრის ისტორია და ჩამოვედი თბილისში და მე მქონდა შეხვედრა ილია ბუღაძესთან. იგი ხელმძღვანელობდა ამ ინსტიტუტს. მე მეხმარებოდა იმ მასალების მოპოვებაში, მოძებნაში, რომელიც საჭირო იყო. მე კიდევ ერთელ მადლობას გიძღვნით თქვენი სიყვარულისათვის", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.