ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის - "წმინდა ნინოს ჯვარი" - ახალ ლაურეატებს ასახელებს
02.01.2018
27 დეკემბერს უკვე მეშვიდედ ჩატარდა ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი "წმინდა ნინოს ჯვარი".
ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს მასპინძლობდა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი.
ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ლია დაუშვილმა ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ფესტივალის მთავარი პრიზით - "წმინდა ნინოს ჯვარი" დააჯილდოვა ბატონი ბაღათერ არაბული. "წმინდა ნინოს ჯვარი" ასევე გადაეცა ზაალ ბოტკოველს - ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და წიგნისათვის "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების".
ფესტივალის ჟიურიმ: ზაალ ბოტკოველი (თავმჯდომარე), მამა ილია ჩიკვაიძე, მაია მიქაია, თემურ ჩალაბაშვილი ფესტივალის მთავარი პრიზი "წმინდა ნინოს ჯვარი" მიაკუთვნა: მანანა ჩიტიშვილს, მზია სალვარიძეს, ვანო ჩხიკვაძეს, ელგუჯა მარღიას.
ფესტივალის პრიზი - "წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონი" გადაეცათ: ზოია ვაშაკიძეს, თამარ შაიშმელაშვილს, ბადრი სულაძეს, ელდარ ჭიჭიაშვილს.
ფესტივალის პრიზით - "წმინდა ნინოს ჯვრის მედალი" დაჯილდოვდნენ: თამარ ფარჩუკიძე, მაია დიაკონიძე, ნუნუ ძამუკაშვილი, ნინო ტარყაშვილი, მარი მიროტაძე, ლალი მიქაია, კესარია (დოდო) აბაშიძე, მელანო ზუკაკიშვილი, გივი ჩიღვინაძე, დავით კიკვაძე, გიორგი ნატროშვილი.
აქვე გთავაზობთ ფესტივალის მთავარი პრიზით დაჯილდოებულ პოეტთა ფესტივალზე წარმოდგენილ ლექსებს:
მანანა ჩიტიშვილი
იესო
წლებმა ფუტკრის გუნდივით
დარდი დამასიესო,
ვით ყვავილებს ნუშის...
არსად არ მიძებნიხარ,
ჩემო ტკბილო იესო,
აქა მყავდი, გულში.
განა შენ არ მიხსენი
ყოველგვარი იჭვიდან,
თვალთ ამხსენი ბანდი...
მომყვებოდი გვერდით და
როცა ძლიერ მიჭირდა,
ხელში ამიყვანდი.
როგორ მომიგურგურე
ქარიშხლებით ნაოხარს,
ვით ობოლს ნერგს ფიჭვის...
ხომ შენ მიერ მებოძა
სულის ჩემის საოხად
ლექსის წერის ნიჭი.
ჩემს დაბინდულ ცარგვალზე
გააბრწყინე ცისკარი,
დამიამე წყლული...
შენ არ შემომაბრუნე
ლეთის ნაპირს მიმდგარი,
ჩვეულ სასწაულით.
ანგელოზნი გალობენ _
,,მამა ღმერთთან ჰგიებსო,
ცა ვარსკვლავეთს უშლის..."
მე არსად არ დაგეძებ,
ჩემო ტკბილო იესო,
აქა მყავხარ, გულში.
ვანო ჩხიკვაძე
ქაშუეთი - გუდიაშვილის ფრესკა
მარიამო, გაბმით რეკავს
ქრისტეშობის ზარებს გული -
ყრმა იესო მერცხალია
ხელში შეფრთხიალებული.
მარიამო, უნანავებ
მოჟღურტულე ცეროდენას,
ჯერ არ იცი, რომ ჯვარცმა და
ცრუ ამბორი ელოდება.
ჯერ არ იცი,
კაცთა მოდგმა
სულს მოითქვამს მისი ლოცვით,
გაივლის და ფეხისგულებს
დედამიწა დაუკოცნის.
შეჟრჟოლდება ნატერფალიც
იორდანეს ნაპირებთან,
როცა შესძრავს ქვესკნელსა და
ზესკნელს შენი დატირება...
ჯერ კი მამა უფალი დგას
ვარსკვლავების რიკულებთან
და ფრესკიდან, ბედნიერი,
დედა ღვთისა იყურება.
ელგუჯა მარღია
გმირი
სამშობლოსთვის თავდადებულებს...
ქვეყანაზე, უფლის ნებით,
როცა გმირად იბადები,
თავდადების წამიც დგება...
სიმამაცით, თავგანწივით,
რაც მარტივად ყველამ ვიცით,
იბადება უკვდავებაც...
როცა ბერი თევდორე გვყავს,
მტერს აოცებს როცა ცოტნე...
აღარ უნდა დაჩიავდე
ერო! _ აღარ უნდა მოკვდე!..
ეჰ, რამდენი უსახელოც,
ეჯიბრება სახელიანს...
(ლაჩრებთან და გამცემებთან
უკვდავებას რა ხელი აქვს?..)
უსახელო უფლისციხელს,
მხარს უმაგრებს მარაბდელი...
მებრძოლი და წამებული,
ერიც გმირებს მარად ელის...
გმირს ნატრობდა არაერთი
დიდებული წინაპარი...
გმირს ეძებდა... რადგან გმირი,
გზას გვინათებს, ვით ლამპარი...
გმირი ქვეყნის ჯავშანია,
გინა ხმალი, გინა ფარი...
გამოაჩენს გმირს დრო-ჟამი,
მეორდება ისტორიაც...
და იმათთან ჩემი სიტყვაც
ზედმეტი და ლიტონია...
აღარ მინდა... (გევედრები
მხედრობაო, ცაში მყოფო...)
არც სამშობლო უგმირო და
აღარც გმირი უსამშობლო...
მზია სალვარიძე
მაჭახლის სტვირი
მე ერთი უბრალო, უმწეო სტვირი ვარ
მაჭახლის მოკვეცილ ფერდიდან აჭრილი,
*კარჩხალი მტკივა და ნამსხვანში მატოკებს
ეს ნაოხრალი და ნაფეხვი აჭარა.
მე გუდასტვირი ვარ, ნაგვემარ-ნაკვესი
სხვის კარზე მაკვნესეს, შენს ქოხზე მოდერდალს,
ჩემსავით მრავალი გაწყვიტეს ყიაში
მამალი, ჯინზე რომ არაფრით მოდედლდა.
იმ ღამით, ტაძრიდან ჯვარი რომ ჩამოხსნეს
მესტვირემ სიმწრისგან ინდაყვზე იკბინა,
მახსოვს, როს ჩამბერეს, ისე ვიხრიალე
რომ თხები დავუფრთხე ჩვენს კილდიკიკვინას...
მას მერე ვტირი და
მას მერე ვკანკალებ,
სხვის მკერდზე მიკრული შენს უბეს მოველი,
რომ გულზე დამისვა,
რომ სული ჩამბერო,
რომ აღსდგეს თანდათან ღვთის ნებით ყოველი
და მერე ფეხდაფეხ მოვივლი შენს ბებერ
თვალვერმიუწვდენელ კლდეებზე საოცარ
ნაშენებ,
ნაოხრალ,
ნასისხლარ ციხეებს
და ტაძრებს, ოდითგან ჩვენს წმინდა სალოცავთ...
რომ ღმერთი ვადიდოთ,
რომ ღმერთი ვირწმუნოთ,
რომ ღმერთი ვეძიოთ ნატაძრალ ჯამეში,
ჩუქურთმის უბეში მოხვეწილ ვაზისებრ
ბრწკალით მოგეჭიდე, რომ არსად გაგეშვი
რომ აღარ მემღერა სხვისი სამღერელი
და აღარც მეცეკვა მავანთა დაკრულზე...
მიტომაც ღმერთივით ვეწამე და ჯვარზე
შემოვრჩი ბარაბას მხარდამხარ გაკრული...
*კარჩხლის მთა მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო კილდიკიკვინას მთა ჩვენს საზღრებშია საბედნიეროდ.