ღია მისალოცი წერილი კათოლიკოს-პატრიარქისადმი
23.12.2017
თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, უნეტარესო კათოლიკოსო მცხეთისა და უწმიდესო პატრიარქო ყოვლისა საქართველოჲსა, დიდო მეუფევ და მამავ ჩვენო!
ქრისტესმიერი შვილობრივი სიყვარულით, საპატიო კადნიერებით, მორჩილებრივი მოწიწებითა და კრძალულებით, გილოცავთ თქვენი საპატრიარქო ინტრონიზაციის ორმოცი წლის იუბილეს!
შეუცნობელია განგება ღმრთისა, აურაცხელია წყალობა მისი და "ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებად მისსა." სწორედ, ღმრთის გამოუკვლეველმა, სრულბრძენმა და ყოვლადსახიერმა განგებამ, ორმოცი წლის წინ, ქრისტეს აქეთ წელსა ათას ცხრაას სამოცდა ჩვიდმეტსა, არჩევითა და აღმსაყდრებლობითა ივერიის ეკლესიის ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავართა დაგადგინათ თქვენ, ორმოცდაოთხი წლის მიტროპოლიტი ილია, ივერიის უძველესი სამოციქულო ეკლესიის სამამამთავრო ტახტზე, მოგიწოდათ მწყსად ბაღისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა - ივერიისა და ღმრთივდაცულისა ერისა ივერიელთა, გიწოდათ თქვენ - უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი!
უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო! თქვენი აღსაყდრებისთანავე, მაცხოვრის უწმიდესი კვართის დამტევნელის - სვეტიცხოვლის დიდებული საპატრიარქო კათედრალის წმიდათა წმიდა ამბიონიდან, განგებამან ღმრთისამან წარმოგათქმევინათ ფრაზები, რომელიც მყისიერად ისტორიულად და ისტორიის საკუთრებად იქცა. "მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც ღმრთის ამ წმიდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. მუხლს ვიყრი მისი ძლიერების წინაშე და თაყვანს ვცემ მარადიულ ხსენებას მისას", - ბრძანა თქვენმა სიწმიდემ. ჭეშმარიტად, ნეტარ ხართ თქვენ, რამეთუ არასდროს შეორგულებიხართ ამ ისტორიულ სიტყვებს, რომელიც ერთგვარ აღთქმად და ამავდროულად იმედად გამობრწყინდა ქართველთა შორის... იმედად, რომელმაც მართლმორწმუნე ივერიელთა გულებში წარმოშვა სასოება, რომ ღმრთის მოწყალება, თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის მამამთავრული მოღვაწეობითა და მსახურებით აღასრულებდა უღმრთოთაგან დიდად შეჭირვებული საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის სამშვიდობო ბილიკზე გასვლასა და დაყენებას. ჭეშმარიტად აღსრულდა გამოუკვლეველი ნება და წყალობა სამყაროს შემოქმედისა, რომლის განგებითა მით მიუწვდომელითა, თქვენი მრავალწლოვანი პირველიერარქული მწყემსმთავრობით, აურაცხელი საუკუნოვანი მისია ერთ სისრულეში, კომპლექსურად აღსრულდა!
თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ! ძალზედ რთული და თითქმის შეუძლებელია, ცალ-ცალკე განვიხილო თქვენი ვრცელი მოღვაწეობის კონკრეტული ეპოქალური ასპექტები, რამეთუ ისინი მრავალ და შორს მიმავალნი არიან... თქვენი მამამთავრობა, თქვენი პატრიარქობის ყოველ ჟამს სალბუნად ეფინებოდა ჩვენს მრავალსაუკუნოვან სამოციქულო საყდარსა და ფესვუძველეს ივერიელთა მოდგმას... დღესდღეობით კი, გაასკეცებულია ის შიდა თუ საგარეო გამოწვევები, რაც თქვენი პატრიარქობის ყოველ ეტაპზე მრავლად გხვდებოდათ. შესაბამისად, დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია და ქართველი მართლმორწმუნე ერი არსებულ გამოწვევათა ფონზე და საპირწონედ, ჰაერის დარად საჭიროებს თქვენს მშვიდობით, დღეგრძელ სიცოცხლეს, რათა თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის ჩვეული, ღრმა სიბრძნისა და ათწლეულობით დაგროვილი კოლოსალური გამოცდილების მეშვეობით, დაიძლიოს და გადაილახოს გამოწვევათა ის კასკადი, რომელიც აღიმართა საქართველოს ეკლესიის წინაშე, რასაც სამწუხაროდ და სავალალოდ, დასაყრდენი ძალა შიდა სივრცეშიც გამოუჩნდა, თუმცა იუდას ქმედების გამო, მაცხოვარი არ შებილწულა და არ დაგმობილა...
ვსასოებთ მოწყალე ნებას უფლისა და შეწევნას ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა, რათა თქვენი უწმიდესობა და უნეტარესობა ჩვეული შემართებით, კვლავ მრავალ წელს ზიდავს უმძიმეს ჯვარს კათოლიკოს-პატრიარქისა, რომელიც ჩვენდა სავალალოდ და სამარცხვინოდ, ნაცვლად შემსუბუქებისა, კიდევ მეტად დაგიმძიმეთ...
უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო! ღმრთის მოწყალე ნებამ უხვად გიბოძათ არა მხოლოდ უმაღლესი საეკლესიო იერარქიული მდგომარეობა და პატივი, არამედ, აგრეთვე დაგაჯილდოვათ საღმრთო სიყვარულით, უფლისგან თქვენზედ დადგენილი და მონდობილი სამწყსოს მიმართ, რომელსაც უშურველად, აზრით, სიტყვითა და ქმედებით აღასრულებთ, ოთხი ათეული წელიწადია...
დაე, მოწყალემან განგებამან ყოვლადწმიდისა სამებისა - შემოქმედისა და განმგებლისა ხილულისა და უხილავისა, კვლავ მშვიდობით, კეთილდღეობით, წელთა სიუხვითა და ჯანის სისრულით აღავსოს თქვენი უწმიდესობა და უნეტარესობა და მოგმადლოთ მრავალჟამიერი პირველიერარქული მოღვაწეობა, რომელიც ჭეშმარიტად დაიმსახურეთ და რომელსაც, კვლავ და კვლავ საჭიროებს თქვენი უწმიდესი მამამთავრული ომოფორის ქვეშ დავანებული ქრისტეანი მართლმორწმუნე ქართველი ერი!
მრავალჟამიერ უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, უნეტარესო კათოლიკოსო მცხეთისა და უწმიდესო პატრიარქო ყოვლისა საქართველოჲსა!
ქრისტესმიერი, შვილობრივი სიყვარულით
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი; თეოლოგიის მაგისტრი; პოლიტოლოგიის მაგისტრი