პატრიარქი ბავშვებს - თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს გაეკარებით ნარკოტიკებს
17.12.2017
ჩვენი ახალგაზრდობა სხვებთან შედარებით კარგი ახალგაზრდობაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ნაკლი - ჩვენ ვართ ზედმეტად ამაყები,
- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა ახალგაზრდების აღზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა იღებს ნარკოტიკს, რაც დიდი ცოდვაა.
პატრიარქმა ბავშვებს პირობა დაადებინა, რომ ისინი ნარკოტიკს არასოდეს გაეკარებიან.
"დღეს მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ბავშვების აღზრდას, ჩვენ ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა, უნდა ითქვას, სხვებთან შედარებით კარგი ახალგაზრდობაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ნაკლი - ჩვენ ვართ ზედმეტად ამაყები. ზოგიერთი ახალგაზრდა ღებულობს ნარკოტიკებს. ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე, თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს არ გაეკარებით ნარკოტიკებს. თანახმა ხართ? თქვით ერთად - თანახმა ვართ. თქვენ არც უნდა გასინჯოთ ეს საწამლავი. ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს და ამიტომ ყველას უნდა უთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გათავისუფლდება მავნე ჩვევებისაგან, ჩვენი ახალგაზრდობა იგრძნობს ნარკომანიის საშიშროებას. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ ნარკოტიკი არასოდეს არ გასინჯოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ახალგაზრდობა, ღმერთმა გაათავისუფლოს ნარკომანიისაგან, მავნე ჩვეულებისაგან. დღეს მე მინდა ასევე შევეხო აღზრდას. თქვენ იცით, ამას წინათ დიდი უბედურება მოხდა, ახალგაზრდებმა მოკლეს ორი ახალგაზრდა. ღმერთმა გვაპატიოს ეს ცოდვა", - ბრძანა პატრიარქმა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ბავშვებთან ერთად წარმოთქვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღენ კურთხეულო ღვთისმშობელო".
როგორც პატრიარქმა ბრძანა, ეს ლოცვა "ძალიან ძლიერია და იცავს ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან".
პატრიარქმა ქადაგებისას ასევე დალოცა უცხოეთში მყოფი ქართველები და ისურვა, რომ ისინი სამშობლოში მალე დაბრუნდნენ.
"ბევრი ახალგაზრდა დღეს წასულია უცხოეთში. ზოგი სწავლობს, ზოგი მუშაობს, ზოგი ცხოვრობს უბრალოდ თავისი ყოფა-ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ღმერთმა დალოცოს უცხოეთში მცხოვრები ქართველები და ღმერთმა მალე დააბრუნოს ისინი სამშობლოში", - ბრძანა პატრიარქმა.
ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბავშვები ამბიონზე აიყვანა და დალოცა.