29 ნოემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის უნიკალური ფრესკების სკანირებისა და მათი ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების პროცესი დაიწყო.
სამუშაოები მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მიერ აღებული იმ ვალდებულებების ფარგლებში ხორციელდება, რომლებიც გელათის მონასტრის, როგორც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკონსერვაციო მდგომარეობისა და მონიტორინგის რეჟიმების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ქმედებები გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის შესახებ სრულფასოვანი დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს. თანამედროვე კვლევების საფუძველზე მომზადდება შესაბამისი ანაზომებისა და სააღრიცხვო ბარათი, რომელიც შემდგომში ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა სისტემაში განთავსდება.
პროექტი, რომელსაც კომპანია "ინჟინრული აზრის" თანამშრომლები და კედლის მხატვრობის ქართველი სპეციალისტები ახორციელებენ, გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის, წმინდა გიორგი სახელობის ტაძრისა და კარიბჭეში არსებული კედლის მხატვრობისა და მოზაიკის 3D ფორმატით ლაზერულ სკანირებას და მაღალი გარჩევადობის ციფრულ ფოტოინფორმაციის სპეციალური პროგრამული უზრუნვეყოფით დაარქივებას ითვალისწინებს.
ფრესკების დაზიანების შემთხვევაში, სკანირებული ინფორმაციის არსებობა სააგენტოს მათი უზუსტესად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. მიღებული მასალის სიზუსტე და მაღალი ხარისხი მოხატულობის ფართებისა და ცალკეული ზომების, მოხატული ზედაპირის ფორმის, ფრესკების დაზიანების ხარისხისა და გაბარიტების, ნახატის გრაფიკისა და ფერთა გამის განსაზღვრის ეფექტურ საშუალებას იძლევა.
ფრესკების სკანირების დასრულების შემდეგომ, სააგენტოს მათზე პერმანენტული ზედამხედველობისა და მონიტორინგის საუკუთესო ინსტრუმენტი შეექმნება. სკანირებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდება სამომავლო კონსერვაციის პროცესზე კონტროლიც.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ციფრული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ცდომილებების გარეშე, მაქსიმალური სიზუსტით დაფიქსირდეს ფრესკული (კედლის) მხატვრობა, როგორც ბრტყელ, ასევე ცილინდრულ, სფერულ და სხვა რთულ ზედაპირებზე. ამასთან, მათი ინფორმაციით, ციფრული ფიქსირება კოორდინატთა სისტემაში და სამგანზომილებიან სივრცეში ინტერიერის თუ ექსტერიერის სკანირებულ ყველა მონაკვეთს ზუსტ ადგილმდებარეობას ანიჭებს.
სააგენტოს განცხადებით, სკანირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლებელია დამზადდეს გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის ამა თუ იმ ფრესკის (ორიგინალის) ზუსტი ასლი, რომელსაც ცნობილი მუზეუმები საგამოფენო ექსპონატად გამოიყენებენ. ამავდროულად, ჩნდება ისეთი ფრესკების კალკირების შესაძლებლობა, რომლებზეც სხვადასხვა მიზეზის გამო ფიზიკური კონტაქტი დაუშვებელია.
ფრესკების ციფრული მოდელების მეშვეობით მეცნიერებიც ისარგებლებენ, რომელთაც როგორც გელათის, ისე სხვა საკულტო ნაგებობების კედლის მხატვრობებთან ვებ-გვერდების გამოყენებით ექნებათ წვდომა. დაარქივებული მასალები სამომავლოდ ხელოვნების დარგის სასწავლო დაწესებულებისათვის გახდება ხელმისაწვდომი.