მოგეხსენებათ, რომ 22 ოქტომბერს ბელგიაში მცხოვრებ ქართველთა სამრევლოს დიდი ხნის ოცნება აუხდა, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას ქალაქ ბრიუსელში არსებული ტაძარი გადასცეს.
ეკლესია 1840-იან წლებშია აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული. საფრანგეთისა და ინგლისის ორი ტაძრის შემდეგ ეს იქნება მესამე ეკლესია, რომელიც დასავლეთ ევროპაში საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესიის მფლობელობაში გადმოვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბელგია-ჰოლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარ დოსითეოსისადმი მიმართვაში წერს:
"შევიტყვეთ სასიხარულო ცნობა, რომ ბელგიაში მცხოვრებ ქართველთა სამრევლოს გადმოეცა ეკლესია, სადაც ამიერიდან საშუალება ექნებათ, მოისმინონ მშობლიურ ენაზე წირვა-ლოცვა და მონაწილეობა მიიღონ მსახურებებში.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეს ღირშესანიშნავი მოვლენა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის დაარსებიდან 3 წლისთავს დაემთხვა. ღმერთმა დალოცოს ამ ეპარქიის ქართველობა. აქ მოღვაწე ჩვენი მოძღვრები და თქვენ, მეუფე დოსითეოს, რომელსაც ეპარქიის განვითარებისათვის დიდი შრომა გაქვს გაწეული. ღმერთმა დალოცოს კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიტროპოლიტი ათინაგორე და ყველა ის პიროვნება, ვინც წვლილი შეიტანა ამ საღვთო საქმეში".
- მეუფე დოსითეოს, როგორ მოხდა ბელგიაში მცხოვრებ ქართველთა სამრევლოსთვის ეკლესიის გადაცემა?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. დიდი ხანია, გვსურდა, საკუთარი ეკლესია გვქონოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადაწყვიტა, ცალკე ჩამოეყალიბებინა ბელგიაჰოლანდიის ეპარქია, რომელსაც, ცხადია, თავისი საკათედრო ტაძარი სჭირდებოდა. ეპარქიის დაარსების სამი წლის თავზე გადმოგვეცა ეკლესია. მას შემდეგ რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, უწმინდესის თავმჯდომარეობით, დასავლეთ ევროპის ეპარქიიდან ორი ახალი ეპარქია ჩამოაყალიბა, მათ შორის ბელგიისა და ჰოლანდიის, ჩვენ მის მმართველ მღვდელმთავრად გამოგვირჩია. დროთა განმავლობაში საჭირო გახდა ეპარქიას საკათედრო ტაძარი ჰქონოდა. ბრიუსელის წმიდა თამარ მეფის სამრევლოს, რომელიც უწმიდესის ლოცვა-კურთხევით 2001 წელს დაფუძნდა ბრიუსელის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, პატარა სამლოცველოში ჰქონდა ბინა დადებული. ჩვეულებრივ, კვირის მსახურებებზე შეიძლება ეს ფართი ჩვენთვის საკმარისი იყო, მაგრამ სადღესასწაულოდ იმდენი ხალხი მოდიოდა, რომ აუცილებლად უნდა გვეფიქრა დიდ ტაძარში გადასვლაზე. ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიას ვთხოვეთ დახმარება. ბელგიაში, ზოგ შემთხვევაში, უმრევლობის გამო ეკლესია თავისუფალია, ან ძალიან მცირე მრევლია და იშვიათად ტარდება მსახურება. ეს საკითხი გავიტანეთ ასევე ბენელუქსის ქვეყნებში წარმოდგენილ მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა კონფერენციაზე, სადაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელს, რომელიც ბელგიის სამეფოში
მართლმადიდებელ ეკლესიას წარადგენს სახელმწიფოს წინაშე, ვთხოვეთ შუამდგომლობა. იმედი გვქონდა, რომ ეკლესია გადმოგვეცემოდა. თუმცა, არ ვიცოდით, რამდენად იქნებოდა გათვალისწინებული ის, რომ ეს ეკლესია გადმოგვცემოდა იჯარის გარეშე. ერთი წლის ლოდინის შემდეგ ჩვენი სამრევლოდან 200 მეტრში, ცენტრალურ ვაგზალთან მდებარე ეკლესია შემოგვთავაზეს. ადრე ამ ეკლესიაში ბერძნები მსახურობდნენ. ეს ადგილი ცნობილი იყო მართლმადიდებლური ღვთისმსახურებისთვის. მივიღეთ შემოთავაზება. წმინდა თამარ მეფის ეკლესიის სამრევლო საბჭოს წევრები შევხვდით კათოლიკური ეკლესიის ქორეპისკოპოსს და შევთანხმდით, რომ გაგვეფორმებინა იურიდიული გადმოცემის წინა შეთანხმება, რომელშიც გრძელვადიან გადმოცემაზეა საუბარი, მაგრამ, თუ იურიდიულად ეს ეკლესია გადმოგვეცემა, შენობის შენახვის მთელი სიმძიმე (არა მხოლოდ საკადასტრო და დაზღვევის გადასახადები, არამედ სამომავლო მოვლა-პატრონობაც) ეპარქიამ უნდა იტვირთოს, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და ფინანსური თვალსაზრისით ეპარქიისთვის შეუძლებელი. საუბარია დიდ ქონებაზე, ულამაზეს და უდიდეს ეკლესიაზე, რომელიც თუ ხელისუფლების და ეკლესიის სურვილი იქნება, საქართველოს საკუთრება შეიძლება გახდეს. ეკლესია ბრაბარტისN75-ე ქუჩაზე მდებარეობს. ამ ისტორიით და სურათებით, რომელიც, ამ ეკლესიის შესახებ ცოტა წარმოდგენას შექმნიდა, ამ ზაფხულს უწმიდესს ვესტუმრე. უწმინდესს ტაძარი მოეწონა და ლოცვა-კურთხევა მოგვცა, რომ საბოლოო გადმოცემაზე მუშაობა გაგვეგრძელებინა. 8 ოქტომბრისათვის შეთანხმება გაფორმდა, ხოლო 22 ოქტომბერს საზეიმო ლიტურგიით აღვნიშნეთ ეს ისტორიული დღე. მოვიწვიეთ ბრიუსელში წარმოდგენილი მართლმადიდებელი ეკლესიები: კონსტანტინოპოლის, რუსეთის, რუმინეთის, სერბეთის წარმომადგენლები. ძალიან სასიხარულო იყო საქართველოდან ალავერდელი მიტროპოლიტის, დავითის ჩამოსვლა. შაზეიმო ღვთისმსახურებას დაესწრნენ საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში, ქალბატონი ნატა საბანაძე, საქართველოს ელჩი ნატოში ბატონი ალექსანდრე მაისურაძე, საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, ბატონი კონსტანტინე სურგულაძე, ღონისძიება გააშუქა ქართულმა და უცხოურმა საინფორმაციო საშუალებებმა. მორწმუნეები ძალიან გაახარა უწმიდესის მოლოცვის წერილმა და ლოცვა-კურთხევამ. ბელგიის საზოგადოებრივი ტელევიზიისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ 2018 წლის გაზაფხულისთვის ჩვენი ღვთისმსახურების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართოს. ეს მეორედ მოხდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიის, ქართული გალობისა და ეკლესიის ისტორიის პირდაპირი ეთერით გადაცემა. პირველად ასეთი პროექტი 4 წლის წინ განხორციელდა.
- მეუფე, ტაძრის წინამძღვარი თქვენ ბრძანდებით?
- საკათედრო ტაძრის წინამძღვრობას დროებით ვითავსებთ. ეპარქიაში სულ ოთხი სასულიერო პირი ვმსახურობთ. ხშირად მიწევს მღვდლის ადგილზე მსახურება. მოგეხსენებათ, ეპარქია საქართველოდან არანაირ სუბსიდიას არ იღებს და სასულიერო
პირის მოწვევა ამის გამო რთულდება. მაგალითად, ანტვერპენის სამრევლოს წინამძღვარი კვირის სადაგ დღეებში მუშაობს, შაბათ-კვირას კი მსახურებაზეა - ეპარქიას არ შეუძლია ფინანსურად უზრუნველყოს მისი ოჯახი. დიაკვნებიც ასევე მუშაობენ. რვა სამრევლო გვაქვს: ბრიუსელის, ანტვერპენის, გენტის, ლიეჟის, ჰააგის, ამსტერდამისა და ჰეერდეს. სამრევლოებში ვმსახურობთ გარკვეული მონაცვლეობით შაბათს და კვირას. ჩვენი საეკლესიო ცხოვრების პირობები განსხვავებულია საქართველოს პირობებისაგან.
ეპარქია ერთი ოჯახია. ვმსახურობთ და ვმოღვაწეობთ ისე, როგორი საშუალებაც გვაქვს. სულ მალე ლიეჟის სამრევლოსაც ექნება საკუთარი ტაძარი. ეკლესია მოძიებულია, ზეპირი
შეთანხმება მიღწეული. რჩება დეტალების გარკვევა და ოფიციალური შეთანხმების დადება.
ახალგადმოცემულ საკათედრო ტაძარში ლიტურგია ყოველ კვირას და სადღესასწაულო დღეებში აღევლინება. შაბათ-კვირის გარდა, ოთხშაბათი და ხუთშაბათი საღამო კერძო მსახურებებისთვის, საუბრებისა და კატეხიზაციისათვის გვაქვს გამოყოფილი. ყოველი კვირის მსახურების შემდეგ ყველა სამრევლოში ტრადიციულად იმართება საერთო ტრაპეზი. ეს ყველაფერი გვაახლოებს, გვათბობს და უცხოობაში მყოფი ქართველებისთვის მშობლიურ გარემოს ქმნის. კულტურული ცხოვრებაც ეკლესიის წიაღში პოულობს ასახვას. თითქმის ყველა სამრევლოსთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც ასაკობრივ ჯგუფებში ახალგაზრდები ქართული წერა-კითხვის სწავლის გარდა ეცნობიან საქართველოს კულტურას, ხელოვნებას, ისტორიას. ბრიუსელში, ანტვერპენსა და ამსტერდამში საკვირაო სკოლებთან ერთად ყმაწვილებისთვის ფუნქციონირებს ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლები, ლიტერატურული წრეები. ადგილობრივებს ვაცნობთ ქართულ კულტურას, ტრადიციებს. უცხოეთში მოქმედი ყოველი სამრევლო, საეკლესიო ცხოვრების გარდა, ქართული სახელმწიფოს ძლიერების სამსახურში დგას და ეს მნიშვნელოვანია.
ეპარქიულ ცხოვრებაში სიახლის მომტანი ყოველი დღე, რომელიც წარმატებისკენ
მიგვიძღვის, გვამხნევებს და გვაერთიანებს, უფლის მადლიერს გვხდის და ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში გვაძლიერებს.