ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდთან" სასულიერო პირები მივიდნენ
25.11.2017
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდის" მიმდებარე ტერიტორიაზე სასულიერო პირები არიან შეკრებილები და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ელოდებიან.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს თბილისიდან ბათუმში ჩავა და და სასტუმრო "ლეოგრანდთან" დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში სასტუმრო "ლეოგრანდში" საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, სასტუმროსთან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
როგორც ბათუმის ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის საგამოძიებო მოქმედების დასრულებას დაელოდება, მანამდე კი კონკრეტული განცხადებებების გაკეთებისგან თავს შეიკავებს.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ადგილზე 17 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 120 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.
შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ოფიციალური ინფორმაციით ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა. დაშავებულთა შორის ასევე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი.
ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.