მამა გიორგი ზვიადაძე - მოსაყდრეს პატრიარქი განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ასახელებს, როდესაც თვლის, რომ შესაძლებელია რომელიმე პიროვნების დასახელებამ გარკვეულ გაუგებრობებს ბოლო მოუღოს
24.11.2017
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ რომელიმე პიროვნების გამორჩევა და დასახელება არ ნიშნავს იმას, რომ პატრიარქს არ აქვს უდიდესი პატივისცემა სხვა მღვდელმთავრების მიმართ ან რაიმე უნდობლობა აქვს
მათ მიმართ, - ამის შესახებ საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზვიადაძის თქმით, მისთვის გასაგებია, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებამ თანამოსაყდრის დასახელების თაობაზე გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია.
"ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა ინტერესი, თუ რას ნიშნავს ეს. პატრიარქის ყველა გადაწყვეტილება საეკლესიო კანონებს ეფუძნება. ეს არის მსოფლიო და ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები. საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს აქვს კანონიკური უფლებამოსილება და მას შეუძლია ნებისმიერ დროს დაასახელოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. რას ნიშნავს ეს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს პატრიარქი განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ასახელებს, როდესაც თვლის, რომ შესაძლებელია რომელიმე პიროვნების დასახელებამ გარკვეულ გაუგებრობებს ბოლო მოუღოს, აღმოფხვრას გაუგებრობები და როცა მას რომელიმე პიროვნების დახმარება პირადად სჭირდება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ რომელიმე პიროვნების გამორჩევა და დასახელება არ ნიშნავს იმას, რომ პატრიარქს არა აქვს უდიდესი პატივისცემა სხვა მღვდელმთავრების მიმართ ან რაიმე უნდობლობა აქვს სხვა მღვდელმთავრების მიმართ. საქართველოში ეს არის უნიკალური მოვლენა. 40 წელია პატრიარქი მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მას დღესაც ხელთ აქვეს სადავეები, ყველა მღვდელმთავარი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არის გამორჩეული და ხელდასხმული პატრიარქის მიერ", - განაცხადა პროტოპრესვიტერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც ცნობილია, პატრიარქმა მის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.