21 მაისს, წმინდა მოციქულის იოანე ღმრთისმეტყველისა და ღირსი არსენი დიდის ხსენების დღეს, ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიქოზისა და ცხინვალის
მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დააჯილდოვა.
ვულოცავთ მეუფე ისაიას დამსახურებულად მიღებულ უმაღლეს ჯილდოს და უფლის წყალობით, მრავალჟამიერ მოღვაწეობას ვუსურვებთ.
მიტროპოლიტ ისაისთვის აღნიშნული ჯილდოს მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის შესახებ გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
თეოლოგიისა და პოლიტოლოგიის მაგისტრი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე: -საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებულ, მოქმედ ჯილდოთა შორის უმაღლესი გახლავთ სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი, რომელიც მხოლოდ მიტროპოლიტის წოდების მღვდელმთავარს შეიძლება მიენიჭოს. ბრილიანტის ჯვრის მფლობელი მიტროპოლიტი უპირატესია სხვა მღვდელმთავრებზე, ხოლო უკეთუ, რამდენიმე მიტროპოლიტი არის დაჯილდოებული ბრილიანტის ჯვრით, აღნიშნულ შემთხვევაში, უპირატესობის მხრივ, ისინი პატივდებულნი არიან ქიროტონიის წესის მიხედვით.
1917 წლის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, პირველი ქართველი მღვდელმთავარი, რომელიც სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა, გახლდათ მიტროპოლიტი გიორგი (ალადაშვილი), რომელსაც აღნიშნული ჯილდო ებოძა 1922 წლის 14 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის მიერ. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით ასევე დაჯილდოებულნი გახლდნენ: მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე, შემდგომ კათოლიკოს-პატრიარქი, აწ წმიდანად შერაცხული) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის მიერ; მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომ კათოლიკოს-პატრიარქი) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა 1953 წლის 28 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის მიერ; მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი, შემდგომ კათოლიკოს-პატრიარქი) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა 1959 წელს, ჯერ კიდევ ეპისკოპოსობის ჟამს, კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის მიერ; მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა); მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი, ამჟამად კათოლიკოს-პატრიარქი) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა 1975 წელს, კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის მიერ; მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის მიერ; მიტროპოლიტი გიორგი (ღონღაძე) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა 1980 წლის 15 ოქტომბერს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ; მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა 1980 წლის 15 ოქტომბერს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ; მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ; მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ; მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ.
ამჟამად, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოებული არის ოთხი მღვდელმთავარი: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი) - დაჯილდოვდა 2000 წლის 21 სექტემბერს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ; ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) - დაჯილდოვდა 2010 წლის 19 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ; დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) - დაჯილდოვდა 2008 წლის 16 ნოემბერს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ; ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) - დაჯილდოვდა 2017 წლის 21 მაისს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ.