25.04.2017
მოგეხსენებათ, 1121 წლის 12 აგვისტოს ქართველთა ლაშქარმა წმიდა კეთილმსახური მეფის - დავით აღმაშენებლის სარდლობით, ეპოქალური გამარჯვება მოიპოვა თურქ-სელჩუკთა ლაშქარზე, რომელიც ისტორიაში მოიხსენიება, როგორც "ძლევაჲ საკვირველი".
მადლობა ღმერთს, დიდგორის გამარჯვებამ გადაწყვიტა საქართველოსა და ქართველთა მომავალი ხვედრი, რომლის ინერცია, თქვენ წარმოიდგინეთ, დღემდე გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი სამშობლო იარსებებს.
საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ ამ ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტმა დაიწყო განხილვა, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღე - 12 აგვისტო გამოცხადდეს სახელმწიფო უქმედ და როგორც ვიცით, მიმდინარე წლის 23 მარტს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა 12 აგვისტოს "დიდი გამარჯვების დღედ" გამოცხადებას, თუმცა, როგორც გვაუწყეს, საქართველოში თურქეთის საელჩომ გამოთქვა "მეგობრული" პრეტენზია, რომ მათთვის მიუღებელია ხსენებული კანონპროექტი. ისტორიის დოქტორანტი, თეოლოგიისა და პოლიტოლოგიის მაგისტრის ლაშა დეისაძე-შარვაშიძის განმარტებით, ისტორიული თვალსაზრისით, თურქული მხარის მოთხოვნა გახლავთ მეტად არაკომპეტენტური და არასამართლებრივი, ვინაიდან 1121 წლისთვის არ არსებობდა ოსმალეთი (თანამედროვე თურქეთი), რომელიც მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში დამკვიდრდა ისტორიული ბიზანტიის ტერიტორიაზე, მას შემდეგ, რაც 1453 წელს დაეცა კონსტანტინეპოლი. დიდგორის ბრძოლაში კი, ქართველებმა დაამარცხეს სელჩუკები - იღუზთა თურქული ტომის ერთ-ერთი შტო. შესაბამისად, აბსოლუტურად მიუღებელი და ალოგიკური გახლავთ თანამედროვე თურქული მხარის პრეტენზია. ამგვარი მიდგომით, იქნებ, გერმანიისთვისაც მიუღებელი არის 9 მაისის აღნიშვნა, რუსეთისთვის 9 აპრილის ან 2008 წლის აგვისტოს ქართველი გმირებისთვის პატივის მიგება?! აბსოლუტურად ვერ თავსდება კონტექსტში... ასევე, თურქეთის მიერ აღნიშნული მოთხოვნის გაჟღერება წარმოადგენს მათი მხრიდან განხორციელებულ ანტიმეგობრულ აქტს, რაც სამწუხაროდ, კიდევ ერთგზის ცხადს ჰყოფს, რომ თურქული სახელმწიფოს ოფიციოზი, რელურად, არც თუ პოზიტიურად გახლავთ განწყობილი საქართველოს მიმართ, ანუ თურქეთის მხრიდან ამ მოთხოვნის წამოყენება სინთეზურად წარმოადგენს: ისტორიულ ნონსენსსა და შენიღბული აგრესიის გამოხატვას საქართველოს წინააღმდეგ, რისი წარსული გამოცდილება, სამწუხაროდ საკმაოდ ვრცლად გაგვაჩნია ჩვენი სამშობლოს მატეანეში. ცალკე ტკივილი და განხილვის საკითხია, ტაო-კლარჯეთის ისტორიული ქართული ძირძველი ტერიტორია, რომელსაც ვფიქრობ, საქართველოს სახელმწიფომ, სპეციალური სამართლებრივი სტატუსი, გარკვეული ფორმით მაინც უნდა მიანიჭოს, რათა მსოფლიოს წინაშე დაფიქსირდეს, რომ ეს გახლავთ ქართული ტერიტორია. ასევე, დადგა იმის საჭიროებაც, რომ თურქეთს შევახსენოთ: ისტორიული თვალსაზრისით, მათი ყოფნა და სახელმწიფოს განლაგება ბიზანტიის ტერიტორიაზე გახლავთ ანტილეგიტიმური და იქნებ, საკუთარი სახელმწიფოს ამჟამინდელი ტერიტორიის ისტორიულ მნიშვნელობაზე ეფიქრათ?!
აქვე, გამოვდივარ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივით: სრულიად არგუმენტირებულად მიმაჩნია, რომ დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღესთან ერთად, უთუოდ სახელმწიფო უქმედ უნდა გამოცხადდეს და სათანადო მაღალი პატივით აღინიშნოს ხრესილის ბრძოლაში გამარჯვების დღე - 14 დეკემბერი, როდესაც 1757 წლის აღნიშნულ დღეს, ქართველთა (იმერთა) ლაშქარმა, წმიდა კეთილმსახური მეფის სოლომონ პირველის სარდლობით, ხრესილის ველზე (ოკრიბა, თანამედროვე ტყიბულის რ-ნი) სასტიკად დაამარცხა ოსმალთა ლაშქარი და საბოლოოდ დაასრულა ოსმალთა ბატონობა და თარეში დასავლეთ საქართველოში.
ერთმნიშვნელოვნად შევნიშნავ, რომ დიდგორის ბრძოლის არანაკლები მნიშვნელობისა გახლავთ ხრესილის ბრძოლაში ქართველთა სახელოვანი გამარჯვება. თუ არა ხრესილი, დღეს, საფუძვლიანად სავარაუდოდ, მთელი ამჟამინდელი დასავლეთ საქართველო ან მისი დიდი ნაწილი, თურქთა ხელში, ან თურქული განსახლებისა იქნებოდა (ისევე, როგორც სახეზე გვაქვს თურქეთის მხრიდან ტაო-კლარჯეთის ფაქტობრივი ოკუპაცია).
ვიმედოვნებ, აღნიშნულ ინიციატივას, პირველ ეტაპზე, გამხმოვანებელი მაინც გამოუჩნდება საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.