დაახლოებით, 37 წლის წინ დაისვა საკითხი კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს წმიდანად კანონიზაციის შესახებ.
მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო...
2016 წლის 12 (25) აპრილს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატის (ცინცაძე) დაბადების 150 წელი აღნიშნა.
წმინდა სინოდის განჩინებით კი გასული წლის 22 დეკემბერს წმინდანად შერაცხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) და ხსენების დღედ (21 იანვარი) 3 თებერვალი დადგინდა. წმიდა სინოდის ოქმში ვკითხულობთ: "წმიდათა დასში შეირაცხოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) და ეწოდოს მას, – წმინდა პატრიარქი კალისტრატე; შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (21 იანვარი) 3 თებერვალი."
როგორც თეოლოგიის მაგისტრმა, ისტორიის დოქტორანტმა ირაკლი ლორთქიფანიძემ გადმოგვცა, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, ქუთაისში დაიწერა წმინდა პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ხატი. ხატმწერი გახლავთ დამიანე (რობიზონი) რევიშვილი. 2017 წლის 18 იანვარს, ღმრთის განცხადების - ნათლისღების დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღვთისმსახრებაზე, ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ, წმინდა კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატის (ცინცაძე) ახლადდაწერილი ხატის კურთხევა შეასრულა.
19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, მიტროპოლიტ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, ახლადნაკურთხი ხატით, ქუთაისის ქუჩებში მოეწყო მსვლელობა და დაილოცა ქალაქი. ახლადკანოზირებულ წმინდათა მეოხება, მფარველობა, წინამძღოლობა არ მოჰკლებოდეს ივერიის უძველესი სამოციქულო ეკლესიის სამწყსოს.წმინდა პატრიარქს კალისტრატეს ორი ათეული წელი ეპყრა ივერიის უწმიდესი ეკლესიის სამამამთავრო საყდარი. უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე თავისი მართალი და წმინდა ცხოვრებით, ლამპარივით უნათებდა გზას თავის სამწყსოს... მან დაიმსახურა დიდი სიყვარული და ღრმა პატივისცემა ქართველი ერისა.