ხონი-სამტრედიის ეპარქიის დაარსების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო დღეების გაგრძელების მიზნით, ამავე ეპარქიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), ეპარქიის ყველა მომქმედ ტაძარში სამღვდელმთავრო წირვას აღავლენს.
რამდენიმე დღის წინ, სამტრედიის რაიონში მდებარე სოფელ ნოღის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინა სამღვდელმთავრო წირვა. მეუფე საბამ მრევლს ქადაგებით მიმართა, დალოცა და უფალთან მეტი სიახლოვისკენ მოუწოდა, -გვამცნობს მკვლევარი, ისტორიკოსი გოგიტა გიორგაძე. მისი განმარტებით, ნოღა იმერეთის მთისწინეთში მდინარე ხევისწყლის ხეობაში განფენილი სოფელია. სოფლის სახელწოდება, "ნოღა", მეგრულად დამშრალ მდინარეს ანუ ადგილს ნიშნავს, სადაც ღელე დიოდა (ნოღა-ნოღალი,ნაღელევი) აკაკი შანიძის აზრით, სიტყვა "ნოღა" მომდინარეობს ჭანური სიტყვიდან და ბაზარს ნიშნავს.
სოფელში ორი ეკლესია იყო, რომელიც ისტორიული წყაროებში XVIII საუკუნიდან იხსენიება. ორივე ხის და ორივე წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიები ხევისწყლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მდებარეობდა. ერთი ეკლესია შტატიანად ითვლებოდა ,მეორე კი ზედმიწერილად. გაღმა ნოღის ხის პატარა ეკლესია ძლიერ ქარს დაუნგრევია. ქვის ეკლესია 1903-1912 წლებში აუგიათ. იმ ავბედით 1937-1939 წლებში, მაშინდელი ადგილობრივი თავკაცების ბრძანებით დაუნგრევიათ ქვის ტაძარი. მისი აღდგენა XX საუკუნის 90-იან წლებში მოხდა ადგილობრივთა ინიციატივითა და ჯემალ თევზაძის, შალვა ეცადეიშვილის, ზაზა ვაშაკიძისა და შ.პ.ს ,,ოუველის"პარტნიორობითა და ფინანსური დახმარებით. განახლებული ტაძარი 2002 წელს, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) აკურთხა და წინამძღვრად დეკანოზი დავით თოლორაია დაადგინა. წმინდა გიორგის მეოხებით უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს, განამტკიცოს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში სრულიად საქართველო, ამინ.