საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სინოდზე დღეს ხუთი ახალი წმიდანის კანონიზირება მოხდა.
ესენი გახლავთ:
გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III, მეფე სოლომონ I, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და ორი მოღვაწე დედა, ორი იღუმენია - ნინო ამილახვარი და თამარ მარჯანიშვილი.
როგორც მეუფე ზოსიმემ განაცხადა, მომავალ წელს პატრიარქის აღსაყდრების 40 წელი სრულდება და წმინდა სინოდის სხდომაზე საუბარი იყო აგრეთვე აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე, ასევე - დიდი კრების დადგენილებაზე.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ იმ ფაქტით, რომ მამა დავით ისაკაძე მამა თეოდორე გიგნაძეს და ალექსანდრე გალდავას "მწვალებლებს" უწოდებს. მეუფის განმარტებით, "მითითება მიეცათ, რომ ასეთი რაღაცები ეკლესიაში არ მოხდეს".
ჩვენ დავუკავშირდით მეუფე ანანიას, რომელმაც გვაცნობა, რომ მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებთან გაკავშირებით გადაწყდა, ეს საკითხი შესასწავლად გადაეცეს საღვთისმეტყველო კომისიას.
ასევე სინოდმა იმსჯელა განათლების საკითხზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მონასტრებთან შეიქმნას საკვირაო სკოლები. ასევე განიხილეს საკითხი ეპარქიების დახმარების თობაზე.
სინოდის დადგენილება ახლო მომავალში გამოქვეყნდება და "კარიბჭე" მას აუცილებლად გაგაცნობთ.
შეგვეწიოს ახალშერაცხილი წმინდანების ლოცვა!