დეკანოზი პეტრე: ნუ დაარღვევთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევას! არ დაესწროთ მესას!
30.09.2016
საქართველოში პაპის ჩამოსვლასთან დაკავშირებით!
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს და ყველა მართლმადიდებელს ნუ დაარღვევთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევას!
არ დაესწროთ მესას, რადგან იქ, თუნდაც როგორც სანახაობაზე, დასწრებაც ძალზედ საშიშია და მძიმე ცოდვად ითვლება!
დეკანოზი პეტრე ტიტვინიძე:
-30 სექტემბერს საქართველოს რომის პაპი ეწვევა. ბუნებრივია, როგორც ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურს, მას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი. ასევე, როგორც კათოლიკური ეკლესიის მეთაურს და როგორც სტუმარს მას შეხვდება საქართველოს ეკლესიის პატრიარქი. პაპმა გამოთქვა სურვილი, რომ მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე ჩაატაროს მესა და მიმართოს საქართველოში მცხოვრებ კათოლიკე მრევლს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გააკეთა.
მოვიყვან ციტატას საპატრიარქოს განცხადებიდან: "შევნიშნავთ, რომ ჩვენსა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის შუა საუკუნეებიდან შეწყვეტილია ლოცვით-ევქარისტიული კავშირი და ვიდრე არსებობს დოგმატური სხვაობები მართლმადიდებელი მორწმუნეები არ იღებენ მათ მსახურებაში მონაწილეობას,-'' ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მისვლა და დასწრება თუნდაც სანახაობრივი მიზნით არის მძიმე ცოდვა. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს და ყველა მართლმადიდებელს: ნუ დაარღვევთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევას! არ დაესწროთ მესას, რადგან იქ, თუნდაც, როგორც სანახაობაზე, დასწრებაც ძალზედ საშიშია და მძიმე ცოდვად ითვლება!
მოციქულთა 45-ე კანონი: "ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც მწვალებლებთან ერთად ილოცებს განყენებულ იქნეს''. ''არ შეიძლება ერეტიკოსთან ერთად ლოცვა და მათ შესაკრებელში შესვლა სალოცავად.''
წმიდა მამათა განწესებანი ერისკაცთათვის: "თუ ვინმე ერისკაცი... მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, უზიარებლობით დაისაჯოს".
ასევე გავიხსენოთ ბასილი დიდის პირველი კანონი.
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმინდით, მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო,რომლისა არცა განცემულ ქმნილ ვართ, ვინაიდგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება!"
რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა. 1103 წელი. ქრისტესმიერი სიყვარულით!
დეკანოზი პეტრე