ხშირია შემთხვევა პანტანასას ხატზე ლოცვით ავთვისებიან სიმსივნეთა განკურნებისა3 სექტემბერი "პანტანასას" ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის საქართველოში ჩამობრძანების დღეა.
2 სექტემბერს, ზჰესში მდებარე "პანტანასას" სახელობის დედათა მონასტერში ღამისთევის მსახურება ღამის 11 საათზე დაიწყება. ღვთისმსახურებას აღავლენს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე). შეგახსენებთ, რომ საკმაოდ მოზრდილი, მომინანქრებული ღვთისმშობლის ხატი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში ბერებმა წმინდა ქეთევანის ტაძრისთვის საგანგებოდ შექმნეს. ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვებით იწერებოდა. საგანგებოდ შეირჩა ხის მასალა და ძვირფასი საღებავები, ბოლოს, ერთი თვის განმავლობაში, მასზე დაბრძანებული იყო სასწაულმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე ტარდებოდა საღმრთო ლიტურგია. "პანტანასას" ხატის ჩამობრძანების შემდეგ ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება - ადამიანები სულიერი და ფიზიკური სნეულებების განკურნებას შესთხოვენ. ხშირია შემთხვევა პანტანასას ხატზე ლოცვით ავთვისებიან სიმსივნეთა განკურნებისა. ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი რაზმაძე შეჭირვებულთათვის კვირაში ორჯერ-ოთხშაბათს და პარასკევს ჯანმრთელობის პარაკლისს იხდის.
ხატის გადმობრძანების დღეს ვათოპედის მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა აღნიშნა: სასწაულმოქმედი ხატის ასლი ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და ძალიან დიდი ძალა აქვს. იგი არა მხოლოდ სნეულებს განკურნავს, არამედ მთელი ერი მიიღებს მისგან განსაკურნებელ მადლსო, - თქვა მამა გიორგიმ. მოძღვრის თქმით, ყველაფერი ასე დაწყებულა: - ჩვენი ტაძრის მრევლის - ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმთა და ავადმყოფთა ერთმა ჯგუფმა (ათასზე მეტი კაცი) წერილობით სთხოვა მონასტრის იღუმენს ხატის ასლის დაწერა. ათონზე ხატის ასლის შექმნას შეუდგნენ.
ვათოპედის მონასტრის ტრადიციით, როცა ხატი იწერება, დამკვეთმა შესაწირი უნდა გაიღოს.
- როცა გავიგეთ შესაწირი თანხის ოდენობა, ძალიან შევწუხდით; მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა! ამ დროს ვათოპედის მონასტერს სტუმრობდა კვიპროსელი მდიდარი ადამიანი. ჩვენი ამბავი რომ გაიგო, უყოყმანოდ გადაიხადა 2500 ევრო. ეს ფაქტიც ხატის სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს.
ეს სასწაულმოქმედი ხატი XVII საუკუნისაა. მისი ორიგინალი ვათოპედის მონასტრის საერთო სალოცავის სვეტთანაა დაბრძანებული. თანამედროვე მოწმის, ბერის გადმოცემით, ერთ დღეს ტაძარში სალოცავად ახალგაზრდა კაცი შესულა. ხატს რომ მიუახლოვდა, უცბად ყოვლადწმინდას სახე განათებია და ყმაწვილი კაცი უხილავ ძალას ხატიდან შორს განუგდია. გონს მოსულს სინანულის ცრემლებით მოუნანიებია ბერების წინაშე დანაშაული, ის დაშორებული ყოფილა ღმერთს და მაგიას მისდევდა. ღვთისმშობლის სასწაულებრივმა ჩარევამ დაარწმუნა ახალგაზრდა, შეეცვალა ცხოვრების წესი და ღვთისმოშიში გამხდარიყო.
უწმინდესისა და ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევით, ზაჰესში, მთის წვერზე აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის "ყოველთა დედოფლის - პანტანასას" სახელობის დედათა მონასტერი, სადაც დაბრძანებულია "ყოველთა დედოფლის პანტანასას" სასწაულმოქმედი ხატის ასლი.