კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის არქეოლოგიური გათხრების ახალი აღმოჩენების შესახებ გვამცნობს,
რომ აწყურის კათედრალურ ტაძარში არქეოლოგიური გათხრების დროს ორი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გამოვლინდა. როგორც არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი აცხადებს, ტაძრის ინტერიერში გამოვლენილია ძველი შენობათა ნაშთები, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და ეს ძველი შენობების ნაშთები სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს წარმოადგენდა.
აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გარეთ კი აღმოჩენილია ადრეული შუა საუკუნეების კარგად შემონახული, აქამდე უცნობი ეკლესიის ნაშთები, ასევე ასომთავრული წარწერა და მრავალი სახის დეკორატიული ნივთი, რომელიც, სავარაუდოდ, მეათე საუკუნეს მიეკუთვნება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ "საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდთან" ერთად აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე, რეაბილიტაციის ფარგლებში, ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
აწყურის ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებები; აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.