26 ივნისს, კვირას, 16.00 საათზე, ყოველთა წმინდათა ხსენების დღეს, ზაჰესში მდებარე "პანტანასას" ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერში 200-მდე სიწმინდე იქნება გამობრძანებული.
მათ შორის ცხოველსმყოფელი ჯვრის, ღვთისმშობლის კვართის, წმიდა გიორგის, წმიდა ნინოს, წმიდა ნიკოლოზის და სხვა წმინდანის წმინდა ნაწილები. სიწმინდეები ჩამობრძანებულია მსოფლიოს სხვადასხვა წმინდა ადგილებიდან წინამძღვრის, დეკანოზ გიორგი რაზმაძის მიერ. მსურველებს საშუალება ეძლევათ მიეახლონ და თაყვანი სცენ სიწმინდეებს.
შეგახსენებთ, რომ " პანტანასა" ყოველთა დედოფალი, ცნობილია როგორც ონკოლოგიურად დაავადებულთა შემწე. ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა პანტანასას ხატზე ლოცვით ავთვისებიანი სიმსივნისგან განკურნებულან... ღვთისშმობლის (პანტანასას) მომინანქრებული ხატი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში დაიწერა ავჭალის წმინდა ქეთევანის სახელობის ტაძრისთვის. ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვების თანხლებით იწერებოდა. უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, აგრეთვე - ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევით ზაჰესში, მთის წვერზე, რამდენიმე წელია აშენდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ყოველთა დედოფლის - პანტანასას სახელობის დედათა მონასტერი. მას შემდეგ ხატი ამ მონასტერშია დაბრძანებული და ყოველდღე, დღის ორ საათზე, წინამძღვარი, მამა გიორგი შეჭირვებულთათვის ჯანმრთელობის პარაკლისს იხდის.
მამა გიორგი რაზმაძე:-საგანგებოდ შეირჩა ხის მასალა და ძვირფასი საღებავები. ბოლოს, ერთი თვის განმავლობაში, მასზე დაბრძანებული იყო სასწაულმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე აღევლინებოდა საღმრთო ლიტურგია. ხატის ჩამობრძანების შემდეგ ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება - მრევლი მას სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განკურნებას შესთხოვს. ყოველთა დედოფალი - პანტანასა ცნობილია როგორც ონკოლოგიურად დაავადებულთა შემწე. ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა პანტანასას ხატზე ლოცვით ავთვისებიანი სიმსივნისგან განკურნებულან... ხატის გადმობრძანების დღეს ვათოპედის მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა, აღნიშნა: სასწაულმოქმედი ხატის ასლი ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და ძალიან დიდი ძალა აქვს. იგი არა მხოლოდ სნეულებათაგან განკურნავს, არამედ მთელი ერი მიიღებს მისგან მაკურნებელ მადლსო.
ყველაფერი ასე დაწყებულა: - ჩვენი ტაძრის მრევლმა, ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმთა და ავადმყოფთა ერთმა ჯგუფმა (ათასზე მეტმა კაცმა) წერილობით სთხოვა მონასტრის იღუმენს ხატის ასლის დაწერა. ვათოპედის მონასტრის ტრადიციით, როცა ხატი იწერება, დამკვეთმა შესაწირი უნდა გაიღოს.
- როცა შესაწირი თანხის ოდენობა შევიტყვეთ, ძალიან შევწუხდით, მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა! ამ დროს ვათოპედის მონასტერს სტუმრობდა მდიდარი კვიპროსელი. ჩვენი ამბავი რომ გაიგო, უყოყმანოდ გადაიხადა 2500 ევრო. ეს ფაქტიც ხატის სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს.
"პანტანასას" სახელობის დედათა მონასტერში შეგიძლიათ მიბრძანდეთ შემდეგი ტრასპორტით: მეტრო სარაჯიშვილიდან N 48, დიდუბიდან N87, ვაგზლიდან N148.