მართლმადიდებელი ეკლესია თურმე არ ყოფილა რწმენის სიმბოლოს "ერთი ეკლესია"- ასე ამტკიცებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელი ეპისკოპოსი კირილე. სტატია განთავსებულია საიტზე რომფეა.გრ
ეპისკოპოსი კირილე ვარაუდობს, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ "ერთ წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას" მართლმადიდებელ მამათა გადმოცემებში არ დასტურდება, რომ რწმენის სიმბოლოს ერთადერთი ეკლესია მართლმადიდებელი ეკლესიაა.
ეპისკოპოსის აზრით, "ცდებიან ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ "ერთი ეკლესია" მხოლოდ მართლმადიდებლურია. წმინდა მამათა კანონიკური გადმოცემები ადასტურებენ, რომ "ერთ ეკლესიაში" სხვა, არამართლმადიდებლური ეკლესიებიც მოიაზრება" - ასე ამტკიცებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელი.
წყარო:
romfea.grაქვე გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ვლადიმერ ლოსკის ნაშრომიდან "სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება":
ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასარწმუნოების სიმბოლო რწმენის ობიექტად წარმოგვიდგენს ეკლესიას და ამით შეგვახსენებს, რომ ის არ არის, უბრალოდ, მორწმუნეთა ერთობა - ეკლესია პირველხარისხოვან როლს ასრულებს ცხონების ისტორიაში.
თავისი მიწიერი მსახურების დროს ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ მოციქულებს ამცნო, რომ ის თვითონ შექმნიდა ეკლესიას (მათე 16.18) და ბევრი ტექსტი გვეუბნება (მაგ., ეფეს. 1.22), რომ ქრისტე არის თავი ეკლესიისა. ებრაული კაჰალ-ის შინაარსია "ისრაელის შეკრება ღვთის მოწოდებით". მეორე რჯულში ვკითხულობთ: "არ დაგავიწყდეს შენი თვალით ნანახი საქმეები... ის დღე, როდესაც უფლის, შენი ღვთის წინაშე იდექი ხორებში და მე მეუბნებოდა უფალი: შემიკრიბე ხალხი და ჩავასმენ სიტყვებს... გამოგიცხადათ თავისი აღთქმა, რომლის შესრულება გიბრძანათ. ათი მცნება დაგიწერათ ორ ფიქალზე" (რჯულ. 4.9-10,13). ჩვენ გვხვდება აგრეთვე ტერმინი "კაჰალ - ეკლეზია", როგორც იერუსალიმში საზეიმო სახალხო თავყრილობის აღმნიშვნელი. ეს ტერმინი არსად გვხვდება არარელიგიურ კონტექსტში, რაც შეესაბამება მის გამოყენებას ახალ აღთქმას და ადრეულ ქრისტიანულ ლიტერატურაში, სადაც ის აღნიშნავს მორწმუნეთა კრებულსაც და ადგილობრივ ერთობასაც. ხშირად გვხვდება აგრეთვე გამოთქმა "ღვთის ეკლესია" (I კორ. 1.2). სარწმუნოების სიმბოლოში ეკლესია განსაზღვრულია, როგორც ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო. ეკლესიის დასახასიათებლად მოხმობილი ეს განსაზღვრებები ერთ განუყოფელ მთლიანობას შეადგენენ, რადგან თითოეული მათგანი დანარჩენებთან არის დაკავშირებული. აზრობრივად ისინი განსხვავდებიან, მაგრამ ვერც ერთ მათგანს ვერ გამორიცხავ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რომელიმე მათგანის არასწორი განმარტება ან გამოტოვება დანარჩენების აზრსაც დაამახინჯებს. ასე მაგალითად, მართლმადიდებლური თვალსაზრისი ერთობის შესახებ ("[მრწამს] ერთი... ეკლესია"), დაკავშირებულია ქრისტიანთა ერთობის განსაზღვრულ გაგებასთან.
შემთხვევით როდი უწოდა წმიდა კვიპრიანე კართაგენელმა მწვალებელთა წინააღმდეგ მიმართულ თავის შრომას "კათოლიკე ეკლესიის ერთობის შესახებ". როდესაც ვმსჯელობთ მოძღვრებაზე ეკლესიის შესახებ, თავი უნდა ვარიდოთ ორაზროვნებას და ბუნდოვან წარმოდგენებს. ორ უკიდურესობას უნდა ვერიდოთ: ერთი მხრივ, მეტისმეტად "სულიერ" გააზრებას, რომელიც უარყოფს მის საზოგადოებრივ და აღმშენებლობით რეალობას; ხოლო, მეორე მხრივ, ხაზგასმულ ინსტიტუციონალიზმს, რომლის დროსაც ჩრდილში გადადის ეკლესიის სულიერი მხარე. პრაქტიკულად, ეს ორი ასპექტი შეიძლება გაერთიანდეს, რაც მოხდა კიდეც პროტესტანტულ ეკლესიოლოგიაში, რომელიც გარკვეული ორმაგობით არის აღბეჭდილი: ერთ მხარეს აღმოჩნდა სულიერი ეკლესია რჩეულთათვის, მეორე მხარეს - მორწმუნეთა აღმშენებელი თემები.
ეკლესია ერთია - ერთიანი და განუყოფელი. ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ მხოლოდ ერთი ეკლესია დააარსა, რომელსაც თავისი შემწეობა აღუთქვა და რომელიც ევანგელური ხარების სრულუფლებიანი მემკვიდრეა. ეს თვალსაზრისი ძველ დროში მიჩნეული იყო უდავო ჭეშმარიტებად, რომელიც მტკიცებულებებს არ საჭიროებდა და რომელიც გადმოცემის ერთგული ჩვენი დროის ქრისტიანებისთვისაც უეჭველ ფაქტად რჩება.
არ შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ეკლესია ისევე, როგორც არ შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ჭეშმარიტება. მართალია, ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან მომდინარე ტრადიციის შესაბამისად, ზოგჯერ ახსენებენ "ეკლესიებს" და გულისხმობენ ადგილობრივ თემებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს სინამდვილეში არსებობდეს რამდენიმე ეკლესია, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ ევქარისტიას მრავალ ადგილას აღასრულებენ, სულაც არ ნიშნავს, თითქოს ქრისტე რაიმე სახით დაიყო...
როდესაც მრწამსში წარმოვთქვამთ, რომ ეკლესია არის ერთი, იგულისხმება მთელი სისავსე ამ მტკიცებისა. ეკლესიის ერთობაში ჩვენ ორმაგ შინაარსს ვდებთ: ჯერ ერთი, არსებობს დროში ერთობა - დღევანდელი ეკლესია თავისი არსით იგივეა, რაც მოციქულებისა და ქრისტიანების პირველი საუკუნეების წმიდა მამათა ეკლესია; და მეორეც, არსებობს სივრცეში ერთობა - ადგილობრივი ეკლესიები, რომლებიც წმიდად ინახავენ მართლმადიდებელ სარწმუნოებას და მოციქულთა მემკვიდრეობის ერთგულნი რჩებიან, ერთი ეკლესიის სხვადასხვა ნაწილს წარმოადგენენ: მათ ჰყავთ ერთი დამფუძნებელი და თავი - იესო ქრისტე.
ჩვენი წინა პუბლიკაციებიდან ალბათ გახსოვთ, რომ მეუფე იეროთეოსი (ვლახოსი) ითხოვდა დიდ კრებაზე მისაღებ დოკუმენტებში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას. აქვე შეგახსენებთ მისი მოთხოვნების მცირე ნაწილს, რომლებიც ამ სტატიაში მოყვანილი თემის გაგრძელებაა:
დოკუმენტში "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი"- ნაცვლად ფრაზისა: "მართლმადიდებელი ეკლესია ადასტურებს ქრისტიანული ეკლესიებისა და კონფესიების არსებობას" უნდა იყოს: "ადასტურებს ქრისტიანული გაერთიანებებისა და კონფესიების არსებობას".
- ტექსტში წინააღმდეგობაა: ერთდროულად არის მტკიცება იმისა, რომ ეკლესიის ერთობის დარღვევა შეუძლებელია და ამავე დროს არის საუბარი ქრისტიანთა ერთობის აღდგენის მცდელობაზე. ამიტომ გთავაზობთ შევიტანოთ ასეთი ცვლილებები: "მართლმადიდბელ ეკლესიას სწამს, რომ მისი ერთობის დარღვევა შეუძლებელია და მონაწილეობას იღებს სხვა ქრისტიანთა ერთობის აღდგენისთვის დაწყებულ მოძრაობაში ანდა - სხვა ქრისტიანთა მიერ დაკარგული ერთობის აღდგენაში, აგრეთვე იღწვის იმ დღისათვის, როცა "უფალი შეისმენს მართლმადიდებელი ეკლესიის ნატვრას, შეკრებს ყველა გაბნეულ ცხვარს მასში - ერთ სამწყსოში".
- 22-ე პარაგრაფში წერია, რომ "მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ ცალკეული პირებისა და ჯგუფების მიერ ეკლესიის ერთიანობის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა, თითქოსდა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დაცვის მიზნით, განსჯას იმსახურებს. როგორც მართლმადიდებლი ეკლესიის ცხოვრება გვაჩვენებს, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის შენარჩუნება მხოლოდ კრებითი წყობითაა შესაძლებელი, რაც ძველთაგანვე წარმოადგენდა ეკლესიის უმაღლეს და კომპეტენტურ კრიტერიუმს რწმენის საკითხებში". აქ უნდა დაემატოს მეორე მსოფლიო კრების მე-6 კანონი და პირველ-მეორე კრების 14 და 15.
- პარაგრაფში, სადაც საუბარია ქრისტიანთაშორისი საღვთისმეტყველო დიალოგის აუცილებლობის შესახებ, ნათქვამია: "უნდა გამოირიცხოს პროზელიტიზმისა და კონფესიათა შორის ანტაგონიზმის გამომწვევი სხვა სახის გამოვლინებები", აქვე ფრჩხილებში უნდა მიეთითოს, რომ კავშირზე საუბრისას " ხაზს ვუსვამთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია უარყოფს ეკლესიათა გაერთიანების ამ ფარისევლურ მეთოდს"
- ტექსტი, რომლის თანახმადაც "ადგილობრივი ეკლესიები მონაწილეობენ მსოფლიო კრების მუშაობაში და ყველა შესაძლო საშუალებით შეაქვთ წვლილი ჭეშმარიტების დამოწმებასა და ქრისტიანთა ერთობაში", უნდა შეიცვალოს "ყველა საშუალებით ხელს უწყობს მშვიდობიან თანაარსებობასა და თანამშრომლობას მნიშვნელოვანი სოცილურ-პოლიტიკური და გამოწვევებისა და პრობლემების დარეგულირებისას".