საპატრიარქო და გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებენ, ბზა სახლის პირობებში გაახარონ
18.04.2016
საპატრიარქო და გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებენ, ბზა სახლის პირობებში გაახარონ.
საპატრიარქოში დღეს კამპანიის "ნუ მოჭრი ბზას" ფარგლებში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სხვა პირები მონაწილეობდნენ.
პრესკონფერენციაზე მეუფე თეოდორემ მოსახლოებას ბზობის მოახლოებული დღესასწაული მიულოცა და მოუწოდა, გაუფრთხილდნენ კოლხურ ბზას, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშეა.
მიტროპოლიტმა მიმართა მოსახლეობას ბზის ნერგები სახლებში გაახარონ და შემდგომ ბზობის დღესასწაულებს სახლში გახარებული ბზის ტოტებით შეხვდნენ.
თავის მხრივ, პრესკონფერენციაზე მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კოლხური ბზის გადაშენებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საჯარიმო სანქციებზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, სოკოვანი დაავადებისა და "ბზის სიდამწვრის" გამო საქართველოში ბზა გადაშენების პირასაა. ამდენად, აგულაშვილის განმარტებით, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.
"საჯარიმო სანქციების ოდენობა, 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1 000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე", - განმარტა მინისტრმა.
აგულაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გაკეთდა ბზის თესლის ბანკი ჯანსაღი კორომების მისაღებად და ხდება ბზის კალმით გამრავლება. მინისტრმაც ასევე მოუწოდა მოსახლეობას, ბზა სახლის პირობებში გაახარონ.
ამასთან, სამინისტრო მოსახლეობას ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილ ბზას სთავაზობს, რომელიც ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება.