ხარების სადღესასწაულო მსახურების შემდეგ უწმინდესი მცხეთას აკურთხებს...
06.04.2016
7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე უწმინდესი წირვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს.
სადღესასწაულო მსახურების შემდეგ იკურთხება მცხეთა და სვეტიცხოვლის საკურთხეველში დაბრძანდება სამი ჯვარი, რომლებიც აქ ჯვართაღმართების დღესასწაულამდე იქნება, შემდგომ კი აღდგომიდან მესამე კვირას - ჯვართაღმართების დღეს - ტრადიციისამებრ ეს სამი ჯვარი გადაბრძანდება საქართველოს სამ ტაძარში.
(მრევლისათვის ავტობუსი გავა საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8.00 საათზე).
მცხეთა - საქართველოს ძველი დედაქალაქი, ადგილი, რომელსაც უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. მცხეთიდან იწყება ქრისტიანობის ისტორია საქართველოში. მცხეთაშია დაფლული ქრისტიანულ სიწმიდეებს შორის ქართველთათვის უდიდესი - უფლის კვართი.
ქალაქს სამი კარი ჰქონდა: მოგვთა, მუხნარისა და არაგვისა. მის შესასვლელებს კი ციხე-სიმაგრეებთან ერთად, ქრისტიანობის ბურჯად აღმართული ტაძრები იცავდა - "აღიმართა ცხოველსმყოფელნი ჯვარნი ქრისტეს მეუფისა დასამხობელად მტერთა" (ვახუშტი ბატონიშვილი). ჩრდილოეთით სამთავრო იყო; იქვე, "კართა ზედა არაგვისათა, სადა იყვნეს კოშკნი მტკიცენი საბრძოლონი" - ეკლესია სტეფანწმინდისა; დასავლეთით - გეთსიმანია; აღმოსავლეთით - ჯვრის მონასტერი; მტკვრისა და არაგვის შესართავთან - ანტიოქია; შუაგულში კი ქართველთა მთავარი სალოცავი, ეკლესიათა შორის უპირველესი, უფლის კვართზე აღმართული სვეტიცხოველი იდგა.
მცხეთის უადრეს ეკლესიათა სახელები მომლოცველებს წმინდა მიწასთან აახლოვებდა. მცხეთა მეორე იერუსალიმად განიცდებოდა და უმთავრესი მიზეზი ამისა, ცხადია, სვეტიცხოველი იყო - ქალაქის შუაგულში, უფლის კვართზე - როგორც უფლის საფლავზე აღმართული. ამიტომაც სვეტიცხოვლის ტაძრის შიგნით, უფლის კვართის სიახლოვეს, გაცილებით გვიან - XV საუკუნეში იერუსალიმის უფლის საფლავის ეკლესიას მიმგვანებული პატარა სამლოცველოც კი ააგეს.
პირველი ქრისტიანი მეფეების მიერ აშენებულ მრავალრიცხოვან ეკლესიებს VI საუკუნიდან ასურელი მამების მიერ დაარსებული მონასტრებიც შეემატა. სწორედ ათცამეტ ასურელ მამათა მოღვაწეობით დაიწყო მეუდაბნოეობის ისტორია საქართველოში. წმინდა მამათა მიერ შექმნილ უმნიშვნელოვანეს სასულიერო კერათაგან ორი მცხეთის სიახლოვეს იყო: ზედაზენი - წმინდა იოანეს სამყოფელი იმ მთაზე, სადაც ოდესღაც ზადენის კერპი იდგა და შიომღვიმე, რომელიც წმინდა იოანეს მოწაფემ, წმინდა შიომ დააარსა იქვე, ქალაქის შემოგარენში.
IX საუკუნის შუა ხანიდან მცხეთის საკათალიკოსოს სვეტიცხოველში მირონის მომზადებისა და კურთხევის უფლება მიენიჭა.
სვეტიცხოველი იყო ადგილი, სადაც ქართველი ბაგრატიონები მეფედ ეკურთხებოდნენ. სვეტიცხოველში იკრძალებოდნენ საქართველოს მეფეები, სამეფო გვარის წარმომადგენლები, კათალიკოს-პატრიარქები. აქ ჰპოვეს სამუდამო განსასვენებელი ვახტანგ გორგასალმა და საქართველოს უკანასკნელმა მეფეებმა, ერეკლე II-მ და გიორგი XII-მ. 1917 წლის 25 მარტს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა. ქართველებისთვის სვეტიცხოველი დღესაც უპირველესია ტაძართა შორის, მცხეთა კი - ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთიანად მომცველი.