როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფეისბუქის გვერიდიდან ვგებულობით, პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ქალაქ ბოლნისს ელიას მთიდან დაჰყურებს, 23 ოქტომბერს საზეიმოდ ეკურთხა.
ღვთისმსახურება მაღალ-ყოვლად უსამღვდელოეს ბოლნელს მთავარ ეპისკოპოს ეფრემთან ერთად ხაშურისა და სურამის, თეთრიწყაროსა და მანგლისის, მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსებმა აღავლინეს. ტაძრის მშენებლობა ძველ ნანგრევებზე მეუფე ეფრემის ლოცვა-კუთხევით 7 წლის წინ დაიწყო და ხალხის შემოწირულობებით აშენდა. საზეიმო ღვთისმსახურებას დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი, სამღვდელო დასი, მრევლი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ტაძრის კურთხევასთან ერთად, ბოლნისის ეპარქია მეუფე ეფრემის დაბადების დღეს ზეიმობს. ეპარქიების მეუფეებმა ბოლნელ ეპისკოპოს იუბილე მიულოცეს, სამონასტრო კომპლექსის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ტაძარს ხატები და ჯვარი გადასცეს.
მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით პეტრე და პავლე მოციქულთა ტაძარში მღდელმსახური დადგინდა. ახლადაშენებულ ტაძარში ღვთისმსახურებას ამიერიდან მამა შიო არჯევანიძე აღავლენს.
ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი:
"ეს დიდებული ტაძარი არის დღევანდელი ჩვენი ხალხის, ჩვენი რწმენის , სიყვარულის, ეროვნულობის ავტოპორტრეტი. როგორც უწმინდესი ბრძანებს, ამ ტაძრის აშენებით დღევანდელმა ჩვენმა ბოლნისის მოსახლეობამ გამოხატა თავისი ნება ღვთისდიდებისა, ერის სიყვარულისა, ერთობისა , სარწმუნოებისა. ღმერთმა გააძლიეროს, ღმერთმა გადაარჩინოს ჩვენი საქართველო მხოლოდ რწმენით, ეკლესია-მონატრების აშენებით და ერთად ყოფნით. ყველა პიროვნება მინდა დავლოცო, ვინც თუნდაც უმცირესი წვლილი შეიტანა ამ დიდებული ტაძრის აშენებაში. მთელი ბოლნისი მონაწილეობდა და მთელი მოსახლეობა. ღმერთმა გაგახაროთ, დიდი მადლობა ყველას".
გოგი მეშველიანი-ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:
"დღეს იკურთხა პეტრე-პავლე მოციქულთა სახელობის ტაძარი ელიას მთაზე და მინდა ყველა ბოლნისელს მივულოცო დღევანდელი დღე. ამ ტაძრის მადლი ჰფარავდეს ბოლნისსა და სრულიად საქართველოს".