15.08.2015
უწმინდესმა სამების ტაძარში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დალოცა პროექტის დაწყება "მოსიარულე ბიბლიოთეკა – წიგნი ყველა სოფელს" და "მოსიარულე ბიბლიოთეკას" წიგნები გადასცა.
"მოსიარულე ბიბლიოთეკა" რაჭის მიმართულებით გაემგზავრა. როგორც ნიკორწმინდის ეპარქიის ფეისბუქის გვერდიდან ვგებულობთ, "დავითიანნის" წარმომადგენლები გუბერნატორთან ერთად ნიკორწმინდელ ეპისკოპოსს–მეუფე ვახტანგს (ლიპარტელიანი) შეხვდნენ, რომელმაც დალოცა ახალგაზრდები და მადლობა გადაუხადა მათ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის.
პროექტი საქართველოს საპატრიარქოს, სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევითა და ახალგაზრდული ორგანიზაცია "დავითიანნის" ორგანიზებით ხორციელდება და რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
"წიგნი ყველა სოფელს" ფარგლებში, ახალგაზრდული ორგანიზაცია "დავითიანნის" წარმომადგენლები სახელმწიფო რწმუნებულს–გუბერნატორს პაპუნა მარგველიძეს შეხვდნენ და პროექტის მიზანი გააცნეს. გუბერნატორის ინიციატივით აღნიშნული პროექტის განხორციელებაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთვება, ადმინისტრაციულ შენობებში შესაძლებელია გამოიყოს ოთახები, სადაც მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩააბარონ ძველი დაზიანებული წიგნები შემდგომში მათი გადამუშავების მიზნით, ეს კი პროექტის ორგანიზატორებს საშუალებას მისცემთ კიდევ უფრო მეტი ახალი წიგნი დაამზადონ და მეტი სოფლის ბიბლიოთეკა აღჭურვონ ახალი ლიტერატურით.