მიუხედავად რეპრესიებისა, ქართველი ხალხი ათეისტურ რეჟიმს ვერ ურიგდებოდა
13.08.2015
სრული სამოცდაათი წელი ცხოვრობდა საქართველო ათეისტური რეჟიმის ქვეშ, ათასნაირი ხერხით ცდილობდა რუსი დამპყრობელი, დაევიწყებინა ქართველისთვის ჭეშმარიტი სარწმუნოება, ქრისტეს მოძღვრება, მაცოცხლებელი წყარო ჩვენი ერისა
, "რომელმაც ჩვენი ეროვნება, - როგორც ილია მართალი ბრძანებს, - ვითა ობოლნი შეიკედლა, თავისის ღვთაებურის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუდგა გული რკინისა... და შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა". ამიტომ იყო, რომ, მიუხედავად რეპრესიებისა, ქართველი ხალხი ათეისტურ რეჟიმს ვერ ურიგდებოდა და თავგამოდებით იბრძოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაკარგული ავტოკეფალიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. მრავალმა საკუთარი სისხლით დაამოწმა უფლისა და სამშობლოს სიყვარული.
სოციალისტური იდეოლოგია უარყოფდა ღმერთის არსებობას.ლენინი რელიგიის შესახებ წერდა, რომ ეს არის "ოპიუმი ხალხისათვის". საბჭოთა კავშირში კომუნისტური იდეოლოგიის ხალხში გავრცელებისათვის სარწმუნოება დაბრკოლებას წარმოადგენდა. ერთადერთი, რისიც ხალხს უნდა ეწამა დადაეჯერებინა, ეს იყო საბჭოთა იდეოლოგია და კომუნისტი ბელადები, ამიტომ საბჭოთა ხელისუფლებამ ყველა რელიგიური მიმდინარეობა კანონგარეშედ გამოაცხადა და მათ წინააღმდეგ მძლავრი ანტირელიგიური პროპაგანდა აწარმოა. კომუნისტები რელიგიას ხალხის ჩაგვრის ინსტრუმენტად აცხადებდნენ. მის წინააღმდეგ ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე დაიწყო. უფროს თაობაში რწმენის დაკნინების, ხოლო ახალგაზრდების ათეისტებად აღზრდის მიზნით, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში შეიქმნა "რელიგიასთან მებრძოლ უღმერთოთა კავშირები", დაარსდა ანტირელიგიური უნივერსიტეტი, გაიხსნა ანტირელიგიური მუზეუმები. აგიტატორები ავრცელებდნენ ათეისტურ ლიტერატურას, აწყობდნენ საჯარო სასამართლო პროცესებს, სადაც ხალხის თანდასწრებით "ასამართლებდნენ" რელიგიას. საბჭოთა კავშირში იყვნენ ე. წ. უღმერთო პედაგოგები, რომლებიც აგიტატორებს აგიტაციის მეთოდებს ასწავლიდნენ. 1931 წელს ქუთაისში ჩატარდა ნორჩ უღმერთოთა კონფერენცია. ანტირელიგიურ კამპანიაში ჩართული იყო ყველა: პრესა, რადიო, თეატრი, კინო,მეცნიერება. რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა დასრულდა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ჩართვის შემდეგ. ანტირელიგიური კამპანია კომუნისტები რელიგიას ხალხის ჩაგვრის ინსტრუმენტად აცხადებდნენ.
კომუნისტები მხოლოდ ათეიზმის ძალდატანებით დანერგვით არ იფარგლებოდნენ, ისინი რელიგიის მსახურთა წინააღმდეგაც იყენებდნენ რეპრესიულ მეთოდებს. სასულიერო პირებს აუკრძალეს ღვთისმსახურება, ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა, სცემდნენ, ფიზიკურად ანადგურებდნენ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე საქართველოში 1600-მდე სასულიერო პირი იყო, ხოლო 1923 წლის აპრილში მათი რაოდენობა 500-მდე შემცირდა. ეკლესიის მსახურებს კომუნისტები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ, მათ "სარწმუნოებრივ შარლატანებს", "მუქთახორებს", "პარაზიტებს" უწოდებდნენ. კომუნისტები ხურავდნენ და ანგრევდნენ მართლმადიდებლურ, სომხურ, კათოლიკურ ეკლესია-მონასტრებს, მუსლიმანურ მეჩეთებს, ებრაელთა სალოცავებს (სინაგოგებს). 1923 წელს საქართველოში დაიხურა 1212 ეკლესია, შემდეგ წლებში მათი რიცხვი გაიზარდა. დანგრევას გადარჩენილი ეკლესიის შენობები გადააკეთეს თეატრებად, კლუბებად, სამკითხველოებად, საწყობებად... თბილისში, ნაძალადევის რაიონის ეკლესია აბანოდ გადააკეთეს. საქართველოში დაიწყო საეკლესიო ქონების აღწერა და საეკლესიო ნივთების ეკლესიიდან გამოტანა. ეკლესიებიდან გამოჰქონდათ წმინდა ნაწილები, შეურაცხყოფდნენ ხატებსა და ჯვრებს.
გაზეთი "კვირის პალიტრა" თავის ერთგულ მკითხველს სთავაზობს რიგით მეთერთმეტე წიგნს -"საბჭოთა ტერორი" სერიიდან ,,საქართველოს ილუსტრირებული ისტორია". საქართველოს ისტორიის ეს ვიზუალური რეკონსტრუქცია მთავარ მოვლენებს, მნიშვნელოვან ფაქტებს, ოდესღაც რეალურად მომხდარ ამბებს ცალკეულ წიგნებად ყოფს და ერთ დიდ, მთავარ სერიად აერთიანებს.
რეპრესიებს რელიგიის წინააღმდეგ ამ წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს.
აღნიშნული გამოცემა, 10 დან 17 აგვისტომდე გაყვება "კვირის პალიტრას", წიგნის სპეციალური ფასია 8.50. გაზეთთან ერთად 10 ლარი იქნება.
მოდით ერთად გადავხედოთ ჩვენი დროის წარსულს. მისი განსჯა კი, თქვენთვის მოგვინდია მკითხველო!