საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ვარძიის გადარჩენისა და განვითარების ხუთწლიანი სახელმწიფო პროგრამა აქტიურ ფაზაში შევიდა.
ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად განახლდა ვარძიის ფართომასშტაბიანი კვლევითი სამუშაოები. მიმდინარე წელს, არქეოლოგიური კვლევის პირველივე ეტაპზე, ორი ახალი იარუსი და მასში განთავსებული ათი ახალი ქვაბული გამოვლინდა,- ვკითხულობთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფეიბუქის გვერდზე.
უახლესი აღმოჩენა ვარძიაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად მოინახულა. გამოკვეთილი ქვაბულებიდან ორი დარბაზული ტიპისაა, რომლებიც საცხოვრებელ და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდნენ. ერთ-ერთში უძველესი თონის ნაშთებიც იკვეთება. ასევე ფიქსირდება უძველესი სათავსოები და ქვევრები, სადაც ერთი ათეული საუკუნის წინ ღვინოს და მარცვლეულ კულტურას ინახავდნენ.
სამრეკლოს მიმდებარედ დაწყებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს გამოვლენილი ქვაბულის კვლევისას აღმოჩენილია მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკის ჭურჭელი - ფიალა, ქოთანი, სარქველები, რკინის შუბის პირი და გოძალი, რომელსაც არქეოლოგები XIII-XIV საუკუნით ათარიღებენ.
ვარძიაში დაწყებული კომპლექსური კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოები საფუძვლად დაედება ვარძიის მენეჯმენტ გეგმის მომზადებას და ძეგლის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში სრულფასოვან წარდგენას.
დღეს ვარძიის გადარჩენისა და განვითარებისთვის პროგრამა ერთ-ერთი მასშტაბური და მრავალკომპონენტიანი პროექტია, რომელიც კლდის და კედლის მხატვრობის სტრუქტურის კვლევისა და კონსერვაციის გარდა, მოიცავს ძეგლის არქეოლოგიურ კვლევას და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ვარძია არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. პროგრამას ხელმძღვანელობს კლდის კვლევის, გამაგრებისა და კონსერვაციის მიმართულებით კლაუდიო მარგოტინი, კედლის მხატვრობის კვლევისა და კონსერვაციის მიმართულებით - დევიდა პარკი (ინგლისის კურტოს უნივერსიტეტი და ნანა კუპრაშვილი - სამხატვრო აკადემია), არქეოლოგი შოთა ირემაშვილი, ილიას უნივერსიტეტი და კომპანია "არქიტექსი".
ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი 1939 წელს შეიქმნა, იმ დროიდან კომპლექსის კვლევას სხვადასხვა პერიოდში, კოტე მელითაური და გივი გაფრინდაშვილი ახორციელებდენენ, რომლებმაც ვარძიის შესწავლას მრავალი სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნეს.
თეა ცაგურიშვილი