დავით გარეჯის დოდო რქის მონასტრის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, კლდეში, დარბაზული ტიპის ახლადგამოვლენილი სამლოცველოსა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი კედლის მხატვრობის გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები დასრულებულია,
- ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გვამცნობს. არქეოლოგების ზედამხედველობით სამლოცველო, წლების განმავლობაში დაგროვილი მიწის ფენებისგან სრულად გათავისუფლებულია. განხორციელდა: ნაგებობის ბზარ-ნაპრალების სიღმისეული წმენდა და ინექტირება; მიკრობზარებისა და სხვა დაზიანებების ჰერმეტიზაცია; ბაქნების ჰიდროიზოლაცია და კლდის მასივისა და ეკლესიის ნაშენი ზედაპირების სამჯერადი დამუშავება. წმინდანთა გამოსახულებებით მოხატული სამლოცველო 2015 წლის დასაწყისში გამოვლინდა. სპეცილისტების აზრით, დოდო რქის დღემდე უცნობი ფრესკები, რომელიც წლების განმავლობაში მიწით დაფარულ, უჰაერო სივრცეში იყო დამალული, კედლის მხატვრობის ნიმუშთა შორის კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მხატვრობის მდგომარეობა სტაბილურია და დოდოს რქის ინტერიერში გამოსახულებების სრული კონსერვაცია მომავალ წელს არის დაგეგმილი.