დრტვინვაში და სასოწარკვეთილებაში კი არ უნდა ჩავცვივდეთ, არამედ გამოვფხიზლდეთ და უფალი ასეთ განსაცდელს ჩვენს ერზე აღარ დაუშვებს.
ჩვენს ქვეყანაში მომხდარი სტიქიური მოვლენები სოფელ წყლულეთსაც შეეხო.
უხვლად მოვარდნილმა ნალექმა წყლულეთამდე მისასვლელი გზა მთლიანად გაანადგურა. ადიდებული წყლის ნაკადი წყლულეთისკენ წამოვიდა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის შუაგულში გაიარა. ტაძარი უვნებელი გადარჩა. სოფლად შემორჩენილი თითო ოროლა მოსახლე და იქ არსებული მამათა მონასტრის წევრებიც მედგრად უმკლავდებიან მომხდარს. წყლულეთი დახმარების მოლოდინშია...
"კარიბჭემ" ცოტა ხნის წინ გააცნო მკითხველს ამ ულმაზესი სოფლის წარსული და დღევანდელობა. მთის ფერდობზეა შეფენილი თეთრიწყაროს რაიონის სააგარაკო დასახლება - ქვემო წყლულეთი, რომელსაც ძველი ნასოფლარის ადგილი უკავია. დასახლების ცენტრში, სააგარაკო სახლებს შორის დგას ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.
როცა თავად ვნახე ეს სოფელი, სულ სხვა გრძნობა დამეუფლა... ადგილობრივი მკვიდრი თითზე ჩამოსათვლი თუ შემორჩა... აქაურობა ნასოფლარად ქცეულა... ღვთის ანაბარად დარჩენილ სოფელს სანუგეშოდ თითქოს ივერიის ღვთისმშობელი მოევლინა და თავის სახელზე ტაძარი აღადგინა. ქვემო წყლულეთში რამდენიმე წელია ივერიის ღვთისმშობლის სხელობის ტაძარი მოქმედებს და წირვა-ლოცვა აღესრულება. სასიხარულოა ისიც, რომ ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე ანანიას ლოცვა-კურთხევით ტაძართან არსებული მამათა მონასტერი დაფუძნდა. მონასტერს სქემიღუმენი ნიკოლოზი (ცაბაძე) წინამძღვრობს.
სტიქიის შემდეგ მამა ნიკოლოზს დავუკავშირდი:
-წყლულეთი ვერის ხეობაში მდებარე სოფელია. გარშემო მდინარე ვერე ჩამოუდის. ამ შემთხვევაში წვიმის წყალი დაგროვდა და სოფელ წყლულეთში ჩამოვიდა. მადლობა ღმერთს, რომ ორ ნაწილად გაიყო წყლის ნაკადი. მთლიანად რომ ჩამოსულიყო მონასტრის სახლსაც წაიღებდა. მადლობა ღმერთს, ტაძარს არაფერი დაუშავდა. მონასტრის წევები სანთლებს რომ ვამზადებდით, იმ სახლის პირველი სართული შლამით ამოივსო. ჩვენთვის გზა არის ყველაზე დიდი პრობლემა ...
მონასტრის ეზოში ღამით რომ შემოვარდა წყლის დიდი ნაკადი, მეზობლის სახლის კედელი მთლიანად გაიტანა. მთელი ღამე არ გავჩერებულვრათ. მადლობა ღმერთს, სოფელში სახლები არ დანგრეულა. მშენებარე მონასტრისთვის სამშენებლო მასალა გვქონდა და ისიც წყალმა წაიღო. დახმარებისთვის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტს მივმართედ. იმედია, დახმარებას გაგვიწევენ. ჩვენი ტაძრის მგალობლებმა მოახერხეს ჩვენამდე მოსვლა. გზის გარკვეული ნაწილი ფეხით გამოიარეს. მადლობა ღმერთს, საკვები პროდუქტიც მომარაგებული გვაქვს.
სოფლამდე მოსასვლელი გზა მანგლისის მხრიდან არის, მაგრამ იქაც მეწყერია ჩამოწოლილი. სტიქიის ზონაში ვართ მოქცეული. სოფლამდე დამაკავშირებელი გზა არსაიდანაა. ალბათ რამდენი ხანიც გასტანს, იმდენი ხანი მოგვიწევს ასე ყოფნა.
მადლობა ღმერთს, რაც არის ის არის. სულ რომ მოგვწყვიტოს ისევ ისე გავაგრძელებთ მონასტრულ ცხოვრებას. ჩვენს მონასტერს ნამდვილად ვერ დავტოებთ.
როგორც სასულიერო პირი, ერთადერთს ვიტყვი: რაც მოხდა ეს თითეული ჩვენგანის გამოსაფხიზლებლად მოხდა. ღვთისთვის სათნო ცხოვრებით რომ ვცხოვრობდეთ, ალბათ, ამას არ დაუშვებდა უფალი. მივიჩნიოთ რომ ეს ღვთისგან დაშვებული მოვლენაა, რომ სწორი გზით გავაგრძელოთ ცხოვრება. გულისყურით ვუსმინოთ დედა ეკლესიას, უწმინდესს, მოძღვრებს. ალბათ მსგავსს შემთხვევებს ღმერთი აღარ დაუშვებს.
ხშირად ვამბობთ - საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანააო. ღმერთმა წყალობა რომ მოიღოს, უფრო მეტი მოფრთხილება და სწორად ცხოვრებაა საჭირო. დრტვინვაში და სასოწარკვეთილებაში კი არ უნდა ჩავცვივდეთ, არამედ გამოვფხიზლდეთ და უფალი ასეთ განსაცდელს ჩვენს ერზე აღარ დაუშვებს.
ყველა ვლოცულობთ სტიქიის დროს გარდაცვლილთა სულებისთვის. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მათ სულებს.