სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, სვიმეონის (ცაკაშვილი) ლოცვა-კურთხევით ეპარქიაში 25 აპრილს სამეცნიერო ინტერდისციპლინარული კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი ჩუბინიძის თქმით, სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ბევრი სიახლეა.
მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე რამდენიმე ღონისძების ორგანიზების საკითხებზე დაიწყო მუშაობა. ყოველივე ეს ჩვენს ეპარქიაში სულიერი თუ ინტელექტუალური საკითხების გამოცოცხლებას ემსახურება. პირველი, რასაც საინიციატივო ჯგუფი გეგმავს ეს არის სააღდგომოდ ეპარქიაში უპატრონო სასაფლაოების გასუფთავება. ამისთვის კი ჩვენი ეპარქიის ყველა ახალგაზრდას და არა მხოლოდ ახალგაზრდას მოვუწოდებთ, ვთხოვთ მათ შეგვეხმიანონ ეპარქიის ფეისბუქ გვერდზე და ჩვენი შესაძლებლობებით გავასუფთაოთ უპატრონო სასაფლაოები.
მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით, მეორე მნიშვნელოვანი ღონისძიება რომლის ორგანიზება უკვე დაწყებულია, არის სურამისა და ხაშურის ეპარქიაში პირველი სამეცნიერო ინტერდისციპლინარული კონფერენცის გამართვა. კონფრენციაში ჩვენს ეპარქიაში მცხოვრები მკვლევარები, ის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც შესაბამისი ნაშრომები ექნებათ ეპარქიაში არსებულ მატერიალური და არამატერიალური კულტურის ნაშთებზე, ტრადიციულ ყოფაზე, წმინდა დღესასწაულთა აღნიშვნის რიტუალებსა და სხვა საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ხაშურის რაიონის, აგრეთვე საქართველოს ისტორიის, კულტურის კვლევის საქმეში. ვინაიდან კონფერენცია ინტერდისციპლინარულია, მომხსენებლები წარმოადგენენ ლიტერატურულ საკითხებს, რომლებიც რაღაც კუთხით ჩვენს ეპარქიას უკავშირდება. მოგეხსენებათ, რომ სოფელ ქვიშხეთში, წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში გასულ საუკუნეში მწერალთა საზაფხულო რეზიდენცია იყო და იქ ზაფხულობით ქართველი კლასიკოსი მწერლები ისვენებდნენ, იწერებოდა ლექსები, პოემები, მოთხრობები, რომანები, სადაც აღწერილია ქართლის პეიზაჟები. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ამ საკითხებზეც შეიძლება გაამახვილონ ყურადღება.
სურამისა და ხაშურის ეპარქიის ახალაგზრდული საინიციატივო ჯგუფის მიზანია კონფერენცია მაღალ დონეზე ჩატარედეს. ამისთვის ყველა ჩვენგანი დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობთ. კონფერენცია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდგომ, აპრილის ბოლოს გაიმართება და ქართველ მკვლევარებსა და სტუდენტებს აქტიური ჩართვისკენ მოვუწოდებთ.