ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, მუდამ ვლოცულობ, რომ თქვენი მწირობა უცხო ქვეყანაში იყოს ხანმოკლე!
ვლოცულობ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თითოეულმა თქვენგანმა კარგად გააცნობიეროს ისიც, რომ თქვენ ხართ სახე საქართველოსი, რომ თქვენი ქცევა, თქვენი ქმედება პირდაპირ კავშირშია თქვენს სამშობლოსთან.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის - აბრაამის (გარმელია) ლოცვა-კურთხევით, იტალიაში, რომში ქართული გალობის ფონდის მიერ ორგანიზირებული ფესტივალი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ევროპაში მოღვაწე ქართული გალობისა და სიმღერების გუნდებმა. მათ შორის დუსელდორფის, ბარსელონის, მიუნხენის, ფლორენციის, რომის, ბრიუსელის, პარიზის სამრევლოებმა. პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის გუნდს "თამარიონნს" ქართული კულტურის პოპულარიზაციის და გაწეული ღვაწლისათვის სიგელი გადაეცა.
პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლოს არქიმანდრიტი - ანტონი (კანდელაკი): - ღონისძიების მოწყობასა და მასპინძლობისათვის მადლობას ვუხდი ფონდ "ქართულ გალობას", ქალბატონ ნანა გოთუას, რომის სამრევლოს და მის წინამძღვარს, არქიმანდრიტ იოანეს (ხელაია). განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი "თამარიონნს", მის ხელმძღვანელს, ბატონ ვალერი შარიფაშვილს. თითოეული გუნდის წევრს მათი დაუღალავი და დაუზარებელი შრომისათვის , სამშობლოს სიყვარულისთვის. რომ არა ეს სიყვარული, ჩვენ ამ ჯილდოს ღირსი არ გავხდებოდით.
გვეამაყებით და გვეიმედებით.
გთავაზობთ უწმინდესის მიმართვას რომში გამართული კონცერტის მონაწილეებისა და ემიგრანტების მიმართ.
"ძალიან დიდია ჩემი ტკივილიცა და სიხარულიც დღევანდელ შეხვედრასთნ დაკავშირებით. ტკივილი იმიტომ, რომ აქ თავმოყრილია სამშობლოდან გაჭირვების გამო უცხოეთს თავშეფარებული ადამიანები და მე მესმის ყველა თქვენგანის საერთო წუხილი; სიხარული კი იმიტომ, რომ მიუხედავად რთული საარსებო პირობებისა, არ ივიწყებთ ფესვებს, ჩვენს სულიერ ღირებულებებს; თქვენი შემოქმედებით დიდ სიკეთეს თესავთ და ამასთან პოპულარიზაციას უწევთ ჩვენს კულტურას.
ქართული ცეკვა, მრავალხმიანი უნიკალური ქართული სიმღერა და გალობა, ქართული ენა , ჩვენი ტრადიციები, რა თქმა უნდა სარწმუნოება, აყალიბებს ჩვენს შინაგან სამყაროს და დიდად განსაზღვრავს ქართველის მეობას.
ამიტომაც მინდა განსაკუთრებით დავლოცო უცხოეთში მოღვაწე ჩვენი მოძღვრები, რომელნიც ღვთისა და სამშობლოს სიყვარულს უნერგავენ თანამემამულეთ, დავლოცო ამ შვიდი შესანიშნავი ანსამბლის სულის ჩამდგმელნი და ხელმძღვანელნი, დავლოცო ფონდი "ქართული გალობა" - ამ კონცერტის ორგანიზატორი.
თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს რომში, ამ დარბაზში, ევროპაში მცხოვრები ქართველობა და საქართველო გაერთიანდება და აქ დაღვრილი გრძნობები ჩენი ქვეყნისათვის ერთ დიდი ჩაუქრობელ კელაპტრად აენთება.
ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, მუდამ ვლოცულობ, რომ თქვენი მწირობა უცხო ქვეყანაში იყოს ხანმოკლე!
ვლოცულობ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თითოეულმა თქვენგანმა კარგად გააცნობიეროს ისიც, რომ თქვენ ხართ სახე საქართველოსი, რომ თქვენი ქცევა, თქვენი ქმედება პირდაპირ კავშირშია თქვენს სამშობლოსთან. თქვენი ვალია , იყოთ ღირსეული შვილები ჩვენი ქვეყნისა, და მადლიერნი და კმაყოფილნი დაბრუნდეთ უკან.
საქართველოს თითოეული თქვენგანი სჭირდება. მისი ძლიერება თითოეული თქვენგანის კარგად ყოფნა და ძლიერებაა.
ღმერთმა დაგლოცოთ!
ღმერთმა მოგვასწროს ერთიან, სულიერად ძლიერ, აყვავებულ საქართველოს. ამინ!
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი".
05.12.214.