წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში წმინდა დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ბევრმა შესაძლოა არც კი იცის, რომ სოფელ ქვიშხეთში მდებარე სახლი, რომელშიც წმინდა დიმიტრი ყიფიანმა მთელი ცხოვრება გაატარა და შემდგომ წლების განმავლობაში მწერალთა საზაფხულო რეზიდენცია იყო დანგრევის პირასაა. ქართველი კლასიკოსი მწერლების არაერთი ლექსი თუ ნაწარმოები დაწერილა ამ სახლში.
ყიფიანების მშვენიერმა მამულმა სასიამოვნო გრძნობები აღუძრა თურმე. ამ კუთხის სილამაზის შესახებ ადრევე იცოდა ილიამ. ჯერ კიდევ 1885 წლის 28 აგვისტოს წერდა იგი დიმიტრი ყიფიანს: "მე შევიტყვე დიდს მთავარს მიხეილ ნიკოლოზის ძეს მანდ, ბორჯომის მიჯნაზე თქვენი მამულის ყიდვა ძალიან მოუწადინებია".
წმინდანად შერაცხული მამის ხელშენახები ნივთები, რაც ისტორიას შემორჩა, ამ სახლშია განთავსებული.
მუზეუმის ფონდებში დაცულია წმინდა დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა, ხელნაწერები, წერილები, ფოტომასალა, აგრეთვე ყოფისა და ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშები.
ამას გარდა ეს სასახლე წლების მანძილზე ქართველ მწერალთა საზაფხულო რეზიდენცია იყო, აქ იწერებოდა და იქმნებოდა ქართული კლასიკური ლიტერატურა ჩვენი სახელოვანი მწერლების მიერ, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებს ატარებდნენ ქვიშხეთში. მუზეუმი, როგორც ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი 1990 წელს გაიხსნა, თუმცა დღეს მისი მდგომარეობა მეტად სავალალოა.
ამ სახლში დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ დიმიტრის უმცროსი ვაჟი კოტე ყიფიანი მეუღლესთან ერთად და უფროსი ვაჟის ქალიშვილები. შემდეგ ქალიშვილები გადავიდნენ ცოტა მოშორებით. აქ კი კოტეს ოჯახი დარჩა. კოტე 1921 წელს გარდაიცვალა და დარჩა მეუღლე ნინო ყიფიანი, რომელიც 1937 წლამდე ცხოვრობდა. კომუნისტური წყობის დროს ფაქტობრივად ართმევდნენ ამ სახლს და ჯერ სკოლა გაიხსნა, შემდეგ ბაღი, ეს სახლი, რომ არ განადგურებულიყო და დაკარგულიყო, დიმიტრის რძალმა - ნინო ყიფიანმა - გადასცა მწერალთა კავშირს 1923 წელს. შემდეგ მწერალთა, მხატვართა და ხელოვანთა სახლად ითვლებოდა, მოგვიანებით კი მხოლოდ მწერლებს ეკუთვნოდათ. მწერალთა კავშირმა ეს სახლი ფაქტობრივად გადააკეთა დასასვენებელ სახლად, დაიტიხრა და დაახლოებით 35-მდე ოთახი გაკეთდა. ბევრი მემორიალური ნივთი მოუვლელობისა და უყურადღებობის გამო დაიკარგა და განადგურდა.
"კარიბჭე" მუზეუმში არსებულ პრობლემებზე რამდენიმე წლის წინ წერდა. ცოტა ხნის წინ დაიწყო ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით, "წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა", რომლის წყალობითაც ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია წმინდანის სახლ-მუზეუმის პრობლემებისა და დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. სასიხარულოა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომავლ წელს დაგეგმილია სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია.. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელი წმიდა დიმიტრი ყიფიანის წლად არის გამოცხადებული. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში წმინდა დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი და კულტურათაშორისი დიალოგის ასოციაცია.
კონფერენციას ესწრებოდნენ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი, მეუფე სვიმეონი (ცაკაშვილი), ქართველი მეცნიერები, მუნიციპალიტეტის მუზეუმის და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები. აგრეთვე, წმინდა დიმიტრი ყიფიანის შთამომავლები, ქართული უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
სამეცნიერო კონფერენციაზე წმინდა დიმიტრი ყიფიანის ღვაწლის შესახებ ისაუბრეს: ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, მეუფე სვიმეონმა, დეკანოზმა მალხაზ ყიფიანმა, რომელიც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, თბილისში, სვანეთის უბანში წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარს აშენებს. წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა ხაშურის რაიონის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელმა, თამაზ ლაცაბიძემ. საინტერესო მოხსენება შემოგვთავაზეს პროფესორებმა თამაზ ჯოლოგუამ, როზეტა გუჯეჯიანმა, ტარიელ ფუტკარაძემ, ლიტერატურათმცოდნე მურად მთვარელიძემ და სხვებმა..
მეუფე სვიმეონმა და მამა მალხაზ ყიფიანმა მთაწმინდის პანთეონში წმინდა დიმიტრი ყიფიანის საფლავთან პარაკლისი გადაიხადეს. შეგვეწიოს წმინდა დიმიტრი ყიფიანის მადლი!