გილოცავთ 100 000 მოწამის ხსენების დღეს!
13 ნოემბერს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებაა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ამ დღეს მეტეხის ხიდთან უამრავი მორწმუნე მოდის. მოგეხსენებათ, რომ წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალედინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის მე-13 საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II კი მეტეხის ხიდზე 17:00 საათზე დაიწყებს
პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოწამეთა პატივსაცემად მტკვარში ყვავილები ჩაიყრება.
წმინდა 100 000 მოწამის სახელობის ტაძარი მეტეხის ხიდთან
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნიდან" აცნობეს, ქალაქის სხვადასხვა უბნიდან მეტეხის ხიდისკენ ლოცვითი მსვლელობები გაიმართება. 14:00 საათზე, მეტეხის ხიდის მიმართულებით ლოცვითი მსვლელობა დაიწყება დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიიდან, 15:00 საათზე კი, ერთდროულად სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან და ვარდების მოედნიდან.
როგორც "დავითიანნში" აცხადებენ, სპორტის სასახლიდან და დიდუბის პანთეონიდან მსვლელობის მონაწილეები ერთმანეთს შეუერთდებიან გმირთა მოედანზე. შემდეგ ისინი ვარდების მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ასევე შეკრებილ მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდებიან. ვარდების მოედნიდან კი სავარაუდოდ 16:00 საათისთვის სამღვდელოება, მრევლი, ბაირაღოსნები და მედროშეები, საზეიმო მსვლელობით წააბრძანებენ წმინდა 100 000 მოწამის ხატს მეტეხის ხიდამდე, სადაც მათ ასევე ისნიდან მომავალი მრევლი შეუერთდებათ.
"დავითიანნი" საზოგადოებას მიმართავს, მიიღონ მონაწილეობა დღესასწაულის ერთად აღნიშვნაში, მსვლელობებში და ამით გმირი წინაპრების ხსოვნას პატივი მიაგონ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II კი მეტეხის ხიდზე პარაკლისს, 17:00 საათზე დაიწყებს, რომლის დასრულების შემდეგ მოწამეთა პატივსაცემად მტკვარში ყვავილები ჩაიყრება.
შეგვეწიოს წმინდა ასი ათასი მოწამის მადლი!