7 ნოემბერს, ზუგდიდში ათონის წმინდა მთიდან ღვთისმშობლის "ღირს არსის" ხატს ჩამოაბრძანებენ
07.11.2014
როგორც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს-ცენტრი გვამცნობს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმეს (შარაშენიძე) ლოცვა-კურთხევით, ათონის წმინდა მთაზე საგანგებოდ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიისთვის დაიწერა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ''ღირს არს"-ად წოდებულის ხატი.
ღვთისმშობლის ხატს ზუგდიდში 7 ნოემბერს, პარასკევს, 17:00 საათზე ჩამოაბრძანებენ. "პატივცემულო ზუგდიდელებო, ქრისტესმიერ საყვარელო დებო და ძმებო, ჩვენო სულიერო შვილებო, მოგიწოდებთ, ხატს ღირსეული პატივი მივაგოთ და მის დასახვედრად ჩვენი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შევიკრიბოთ. ხატი სალიტანიო მსვლელობით გადაბრძანდება ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში. იმავე ღამეს მეუფე გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს ღამისთევის მსახურებას, რომელიც 00:00 საათზე დაიწყება. - ვკითხულობთ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს-ცენტრის განცხადებაში.
მკითხველს შევახსენებთ ღვთისმშობლის "ღირს არსის" ხატის ისტორიას. ათონის მთის გადმოცემის მიხედვით X საუკუნეში კარეასის მონასტერთან სენაკში ერთი ბერი მორჩილთან ერთად ცხოვრობდა. ერთხელ სულიერი მამა მონასტერში წავიდა ღამისთევის ლოცვაზე, მორჩილს შუაღამისას კარზე მიუკაკუნეს. სტუმარი აღმოჩნდა ბერი, რომელმაც მასთან ერთად ლოცვაზე დგომა ისურვა და როდესაც ღვთისმშობელის საგალობელი - "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა" ჩვეულებისამებრ უნდა შეესრულებინათ, მან გალობა სულ სხვა სიტყვებით დაიწყო: "ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა", შემდეგ კი ლოცვა გაგრძელდა მანამდე არსებული სიტყვებით: "უპატიოსნესა" ... და ა. შ. მორჩილს ლოცვის ჩაწერა სურდა, მაგრამ ქაღალდი და კალამი არ ჰქონდა, მაშინ საოცარმა სტუმარმა გამოართვა ქვის ფილა, რომელიც როგორც ცვილი, ისე დარბილდა უცნობის ხელში, თითით ამოტვიფრა სიტყვები და უბრძანა: ამიერიდან ეს საგალობელი ასე წარმოეთქვათ და ელვის სისწრაფით გაუჩინარდა. ხატს, რომლის წინაშეც გალობდა ბერის სახით გამოცხადებული მთავარანგელოზი გაბრიელი მონაზონთან ერთად - "ღირს არსი" ეწოდა. ხატი დაბრძანებულია კარეასში, პროტატის მიძინების ტაძარში, რომელიც საკათედროა მთელი ათონისათვის და აგრეთვე ყველაზე ძველი. იგი გადმოცემით იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა დააარსა 335 წელს. ხატი ყველას რწმენითა და სიყვარულით შევრდომილებს მიჰმადლებს სულიერ და ხორციელ კურნებას.
ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელმა დაგვლოცოს და გაგვახაროს!