17.10.2014
როგორც "ინტერპრესნიუსი" გვამცნობს, 17 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე კვიპროსში გაემგზავრა.
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განაცხადებით, უწმინდესი კვიპროსზე თანხმლებ პირებთან ერთად კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსის, მისი უნეტარესობა ქრიზოსტომოს II-ის მიწვევით გაემგზავრა. მან ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზიტის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს, რადგანაც იგი მნიშვნელოვან შეხვედრებს მოიცავს.
მამა გიორგი ზვიადაძის თქმით, უწმინდესი ჩაბრძანდა ლარნაკას აეროპორტში, სადაც შეხვდა მედიის წარმომადგენლებს. დაგეგმილია შეხვედრა კვიპროსის ეკლესიის მეთაურთან, უნეტარეს ქრიზოსტომოს II-სთან. ასევე დაგეგმილია ოფიციალური სადილი უწმინდესის საპატივსაცემოდ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს კვიპროსის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და განათლებისა და კულტურის მინისტრი. უწმინდესი ექსკლუზიურ ინტერვიუს მისცემს ტელეკომპანია "მეგას" ბიზანტიის მუზეუმში.
მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, 19 ოქტომბერს წმინდა ლაზარეს წმინდა ნაწილების ამობრძანებასთან დაკავშირებით, ლარნაკას წმინდა ლაზარეს ტაძარში გაიმართება ერთობლივი წირვა, რომელშიც უწმინდესი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს დელეგაციასთან, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად.
20 ოქტომბერს უწმინდესი მოილოცავს კიკოსის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერს და იქ პარაკლისს გადაიხდის. უწმინდესი პატივს მიაგებს კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის არქიეპისკოპოს მაკარიუსის ხსოვნას და მოინახულებს მის საფლავს.
21 ოქტომბერს უწმინდესი თანმხლებ პირებთან ერთად მოილოცავს ღალიის ქართულ სამონასტრო კომპლექსს. ახლად აღდგენილ სამონასტრო კომპლექსში უწმინდესი გადაიხდის ამავე მონასტერში აღსრულებული სასულიერო პირებისა და ქტიტორების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს. შესრულდება პარაკლისი.
მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, უწმინდესი საქართველოში 22 ოქტომბერს დაბრუნდება.
მშვიდობით დაბრუნებას გისურვებ, უწმინდესო!