ხაშურში ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას ტიპის აღდგომის სახელობის ტაძარი უნდა აშენდეს
03.08.2014
ახალშექმნილ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ბევრი სიახლეა. მეუფე სვიმეონის (ცაკაშვილი) ლოცვა-კურთხევით, ხაშურში ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ერთ-ერთი უნიკალური ტაძრის - ბანას ტიპის აღდგომის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყება.
მეუფე სვიმეონის განმარტებით, ისტორიული ტაძარი, რომელიც საქართველოს ისტორიულ მხარეში, ტაო–კლარჯეთში მდებარეობს, აღდგება და დაუბრუნდება სურამ–ხაშურის ეპარქიასა და მთელ საქართველოს. ნგრევის პირას მყოფი ერთ–ერთი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელსაც იმ დროის საქართველოში პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა, ბაგრატიონებმა ერთ–ერთ საეკლესიო და სახელმწიფო ეროვნულ ცენტრში, ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, მდინარე ბანის მარჯვენა ნაპირას, ცენტრალური გზის მახლობლად ააგეს, რათა საქართველოში შემოსულ თუ გასულ სტუმარს ენახა, როგორ ქვეყანაში შემოდიოდა, როგორ ქვეყანას ტოვებდა. ჩვენ ვგეგმავთ ხაშურის ერთ–ერთ ღირსშესანიშნავ ადგილას აშენდეს და განახლდეს მისი იდენტური, აღდგომის სახელობის ტაძარი, რომლის მშენებლობაში ყველა ადამიანს ექნება მონაწილეობის მიღების საშუალება..
ეს იქნება სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც მრავალი შენობა გაერთიანდება, შესაძლებლობის ფარგლებში წარმოჩინდება კულტურული მემკვიდრეობა, ასევე გაიხსნება მცირე ზომის სამედიცინო კლინიკა, სადაც იმუშავებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო პერსონალი. აქვე იქნება ბიბლიოთეკა, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და სხვა მრავალი. საჭიროა ყველამ მიიღოს მონაწილეობა, რათა ჩვენს შთამომავლობას დავუტოვოთ უდიდესი სულიერი, ზნეობრივი და კულტურული ნავსაყუდელი, რომელიც იქნება გარანტი ჩვენი ბედნიერი მომავლისა.