ათონელ წმინდანთა სახელობის ტაძარი გახდება მნიშვნელოვანი სულიერი და კულტურული ცენტრი საქართველოში
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ათონზე, წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მოღვაწე ჩვენი თანამემამულის, ბერი ერმოლაოსის (ჭეჟია) ინიციატივით, საქართველოში ათონელ წმინდა მამათა სახელობის ტაძარი აშენდება.
მშენებლობას ორგანიზებას გაუწევს საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი - მამა გურამ ოთხოზორია უხელმძღვანელებს. ტაძრის საფუძვლის ჩაყრის დღისთვის დაგეგმილია ათონიდან წმინდა ილარიონ ქართველისა და წმინდა სილუან ათონელის წმინდა ნაწილების ჩამობრძანება.
როგორც მამა ერმოლაოსმა აღნიშნა, ათონელ წმინდანთა სახელობის ტაძარი გახდება მნიშვნელოვანი სულიერი და კულტურული ცენტრი საქართველოში, სადაც ათონის სულიერი გამოცდილებისა და კულტურული მემკვიდრეობის ქართულ სულიერ სამყაროში გაზავების აქტიური ხელშეწყობა განხორციელდება. და პირიქით -ათასხუთასწლოვანი ქართული ქრისტიანული ტრადიციების ათონზე გადმოტანის და ათონური სულიერი გამოცდილების გამდიდრების ბაზად იქცევა. ღმერთმა დალოცოს ყოველი, ვინც ამ საშვილიშვილო საქმეში თავის წვლილს შეიტანს!
მამა გურამ ოთხოზორიასთან საუბრისას გაირკვა, რომ მიკვლეულია წმინდა ილარიონ ახალი ქართველის წმინდა ნაწილები, რომელთა ჩამობრძანება პანტელეიმონის მონასტერში მოღვაწე სილუან ათონელის წმინდა ნაწილებთან ერთად, ღვთის ნებით, მალე მოხდება. ეს მოვლენა დაუკავშირდება თბილისში ათონელ წმინდანთა სახელობის ტაძრის საფუძვლის ჩაყრას. ტაძრის აშენების კურთხევა უწმინდესისა და უნეტარესისგან უკვე მიღებულია. წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანების კურთხევა მამა ერმოლაოსმა წმინდა პანტელეიმონის მონასტრის მოძღვრისგან აიღო. მამა ერმოლაოსის ინიციატივა და დიდი ხნის გულში ნადები კეთილი განზრახვა იყო საქართველოში, თბილისში, ათონელ წმინდანთა სახელობის ტაძრის აშენება და ამ ტაძრის მშენებლობის ფონდის დაფუძნებაც.
სასიხარულოა, რომ გამოიცა ბერი ერმოლაოსის ორი წიგნი - "სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა!" და "იესო ქრისტეს ცხოვრება". ამ წიგნების რეალიზაციიდან მიღებული თანხა მოხმარდება ზემოთ ხსენებულ ღვთივსათნო საქმეს. წიგნის შეძენის მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდეთ მამა გურამ ოთხოზორიას, ტელეფონზე: 555 -36- 86 -71.
"ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან" (მათ. 5, 7)”