დღის ლოცვა
მოწამეთა: თალალეს, ალექსანდრეს და ასტერიოსის კონდაკი:
მოწამეთა თანა ვნებულად გამოსჩნდი და იქმენ მხედარ ჭურვილად მეუფისა დიდისა განცდით, და სატანჯველითა სილაღე იგი კერპმსახურებისა დასთრგუნე; ამისთვისცა უგალობთ პატიოსანსა ხსენებასა შენსა, ბრძენო თალალე.
აღდგომიდან მე-5, სამარიტელის კვირა
ტროპარი: ბრწყინვალე იგი აღდგომისა ქადაგებაი ანგელოზისაგან ოსწავეს უფლისა მოწაფეთა დედათა და პირველი იგი წყევაი განაგდეს, და მოციქულთა სიხარულით ეტყოდეს: დაიხსნა სიკვდილი, რამეთუ აღდგა ქრისტე მკვდრეთით და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
კონდაკი: სარწმუნოებით მოსრულმან წყაროსა ზედა სამარიტელმან გიხილა შენ წყალი სიბრძნისა, რომლისა მსმენელმან უხვებით დაიმკვიდრა საუკუნოდ მაღალი იგი სუფევაი, ვითარცა მარადის დიდებულმან.