წმიდა ნიკოლოზ კავასილა
29. იმის თაობაზე, თუ რას გვყვედრიან ლათინები და ჩვენი პასუხი მათ საყვედურზე
ამის გამო ზოგიერთი ლათინი გვკიცხავს.
ისინი ამბობენ, რომ უფლის სიტყვების ("მიიღეთ და სჭამეთ" და ა.შ.) შემდეგ აღარ არის საჭირო კიდევ რაიმე ლოცვა , რადგან ისინი უკვე აღსრულებულია უფლის სიტყვებით. ამიტომაც, ვინც ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ძღვენს პურსა და ღვინოს უწოდებს და მათი კურთხევისთვის ისე აგრძელებს ლოცვას, თითქოს ისინი ნაკურთხი არ იყოს, გარდა იმისა, რომ ურწმუნოებით იტანჯება, ამაო და ზედმეტ საქმეს აკეთებსო, - ამბობენ ისინი. ხოლო იმის შესახებ, რომ ძღვენი სწორედ ამ სიტყვებით იკურთხება, ნეტარი ოქროპირის ნათქვამს იმოწმებენ და ამბობენ: როგორც შემოქმედებითი სიტყვა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ" (დაბ. 1:28) ღმერთის მიერ ერთხელ გამოითქვა და მუდამ მოქმედებს, ასევე მაცხოვრისაგან ერთხელ გამოთქმული ეს სიტყვები ყოველ დროში მოქმედებს. ამრიგად, უფრო მეტად საკუთარ ლოცვებზე, ვიდრე ღვთის სიტყვაზე დაყრდნობილები, ჯერ ერთი, მას სისუსტეში განსჯიან; მეორე - როგორც ჩანს, საკუთარ თავს უფრო ენდობიან; ხოლო მესამე ის არის, რომ ისეთ საქმეს, როგორიც საიდუმლოა, საეჭვო საქმეზე, ადამიანურ ლოცვებზე დამოკიდებულს ხდიან, მაშინ როდესაც იგი უეჭველად უნდა ვირწმუნოთ, საეჭვოს ხდიან. ამ შემთხვევაში, მლოცველს ყურადღება არ უნდა მიექცეს, თუნდაც იგი თავისი სიკეთეებით პავლეს მსგავსი იყოს.29. იმის თაობაზე, თუ რას გვყვედრიან ლათინები და ჩვენი პასუხი მათ საყვედურზე
მაგრამ ამ ყოველივეს გადაწყვეტა რთული არ არის.
პირველ რიგში, ღვთაებრივი იოანეს იმ სიტყვებით უნდა დავიწყოთ, რომელზედაც ლათინელები ეფუძნებიან: დავუშვათ, რომ ამ სიტყვას შემოქმედებითი ძალა აქვს, მაგრამ ჩავუკვირდეთ მას.
ღმერთის სიტყვა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ". რა არის ეს? განა ამ სიტყვის შემდეგ სხვა აღარაფერში გვჭირდება გამრავლებისთვის? თუ ისევ გვჭირდება ქორწინება, მეუღლეობა და სხვა საზრუნავები, რომელთა გარეშეც კაცობრიობა ვერ იარსებებს და ვერ გამრავლდება? აქედან გამომდინარე, ისევე როგორც შვილიერებისთვის მივიჩნევთ აუცილებლად ქორწინებას და შემდეგ თავად ქორწინებისთვის კვლავ ვლოცულობთ და ამით არ ვფიქრობთ შემოქმედის სიტყვის დაკნინებას, ვიცით რა, რომ, რასაკვირველია, იგი შობის მიზეზია, თუმცაღა ქორწინების, საზრდელისა და სხვა მრავალის საშუალებით, ასევეა აქაც: ჩვენ გვწამს, რომ საიდუმლოს თავად უფლის სიტყვა აღასრულებს, მაგრამ სწორედ მღვდელმსახურის მეშვეობით, მისი წარმომადგენლობით და ლოცვით; რადგან იგი არა უბრალოდ ყველაფრით და რაღაცნაირად მოქმედებს, არამედ მრავალი მოითხოვება, რის გარეშეც ის ვერ გასწევს თავის მოქმედებას. ვინ არ იცის, რომ ქრისტეს სიკვდილი სამყაროში ცოდვათა შენდობის ერთადერთი საშუალებაა? მაგრამ ვიცით ისიც, რომ მისი სიკვდილის შემდეგ საჭიროა რწმენაც, სინანულიც, აღსარებაც, მღვდელმსახურთა ლოცვებიც; და ადამიანი ვერ შეძლებს ცოდვათაგან თავის დაღწევას, თუკი ამას თითოეული ეს მოქმედება არ წარემძღვარება. მაშინ რა? ვაკნინებთ იმ სიკვდილს და სუსტად მივიჩნევთ მას, როდესაც ვფიქრობთ, მის მიერ აღსრულებული არ იკმარებს, თუ არ მივუძღვნით იმას, რაც ჩვენი მხრიდანაა საჭირო? - არა.
ესე იგი, უმართებულოა იმათი განსჯაც, ვინც ძღვნის კურთხევისთვის ლოცულობს. ამასთან, ლოცვას მინდობილნი საკუთარ თავს კი არ ენდობიან, არამედ ღმერთს, რომელმაც ლოცვისას წყალობის მიღება აღგვითქვა; ამას თავად ლოცვის მნიშვნელობა მიგვანიშნებს; ვინაიდან ლოცვის აღმსრულებელნი ლოცვისას იმას გამოხატავენ, რომ ისინი თხოვნილის მიღებას დამოუკიდებლად არ მოელიან, არამედ სწამთ, რომ ამას მხოლოდ ღმერთისგან იღებენ. ამგვარია მლოცველის გოდება, როდესაც, ტოვებს რა საკუთარ თავს, ღვთისკენ მიიჩქარის, რადგან არ აღიარებს რა ძალას საკუთარ თავში, ყოველივეს მხოლოდ მას მიანდობს. ეს ჩემი საქმე არ არის, არც ძალმიძს, - ამბობს იგი, - მხოლოდ შენ შეგიძლია, ყოველივეს შენ მიგანდობ, - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზებუნებრივ და ყოველივეზე აღმატებულ ისეთ საგნებზე ვლოცულობთ, როგორიც საიდუმლოებებია. ამ დროს მლოცველისთვის ყოვლად აუცილებელია მხოლოდ ღმერთზე მინდობა, რადგან ადამიანს, რომელიც ღვთისგან არ არის დარიგებული, ამაზე ფიქრის უნარიც კი არ აქვს, მისი შთაგონების გარეშე ამას ვერც კი მოისურვებს, პირობის მომცემის უტყუარობის იმედის გარეშე ვერ ექნება მიღების მოლოდინი.
ასე რომ, ვერავინ გაბედავდა ამგვარ საგნებზე ლოცვას, თუკი თავად ღმერთი უეჭველად არ გვაჩვენებდა, რომ მისთვის სათნოა, როდესაც ამისთვის ლოცულობენ და რომ იგი მზადაა მთხოვნელებს მისცეს წყალობა. ამიტომაც აქ ლოცვა უტყუარია, მიზანი კი თვალსაჩინო, რადგან თავად მწყალობელმა უფალმა ყოველნაირად აჩვენა, რომ მას წყალობა ნებავს.
ამიტომაც გვწამს საიდუმლოს კურთხევა მღვდელმსახურის ლოცვით, ვეყრდნობით რა მას არა როგორც რაიმე ადამიანურ ლოცვას, არამედ როგორც ღვთის ძალას, და არა იმიტომ, რომ ადამიანი ლოცულობს, არამედ იმიტომ, რომ ღმერთი ისმენს; ასევე არა იმიტომ, რომ მას ევედრებიან, არამედ იმიტომ, რომ ჭეშმარიტებამ ლოცვისთვის წყალობა აღგვითქვა.
ხოლო ის, რომ ქრისტემ გვიჩვენა, იგი ამ მადლის მოსაცემად ყოველთვის მზადაა, - სალაპარაკო არ არის. ამისთვის მოვიდა იგი დედამიწაზე, თავი მსხვერპლად შესწირა და მოკვდა; იმისთვისაა საკურთხევლები და მღვდელმსახურები, ყოველგვარი კურთხევა, ყველა მცნება და შეგონება, რათა ეს ტრაპეზი შემოგვეთავაზოს; ამიტომ ამბობს იგი, რომ ეს პასექი მოისურვა (ლუკ. 22:15), რომ მაშინ მოწაფეებისთვის ჭეშმარიტი პასექის სწავლება განიზრახა; ამიტომ მოუწოდა ამის აღსრულება თავის მოსახსენებლად (ლუკ. 22:19), რადგან სურდა, ჩვენ ყოველთვის აღგვესრულებინა მღვდელმსახურება.
კიდევ რა ეჭვი შეიძლება ჰქონდეს მლოცველს თხოვნასთან დაკავშირებით, თუკი ისინი, ერთი მხრივ, იმის მიღებას იმედოვნებენ, რისთვისაც ევედრებიან და თუკი, სხვა მხრივ, მოცემის შემძლებელს მოცემა სურს?
ამრიგად, ძღვნის ლოცვით კურთხევისას მორწმუნეები არც მაცხოვრის სიტყვას აკნინებენ და საკუთარ თავს ეყრდნობიან და არც საეჭვო საქმეზე - ადამიანურ ლოცვაზე ხდიან დამოკიდებულს წმინდა საიდუმლოს - როგორც ამაოდ გვყვედრიან ლათინები.
ასევე ყოვლაწმიდა მირონიც, რომელიც, ნეტარი დიონისეს სიტყვებით, ღვთაებრივი ზიარების ერთხარისხობრივია, ლოცვით აღესრულება და იკურთხება; ღვთისმოსავებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მას აღმასრულებელი და მაკურთხეველი ძალა აქვს.
ამგვარადვე მღვდელმსახურისა და მღვდელმთავრის ხელდასხმა ლოცვით აღესრულება, რადგან ითქმება: ვილოცოთ მისთვის, დაე, გარდამოვიდეს მასზე მადლი ყოვლადწმიდისა სულისა, - მოუწოდებს ხელდამსხმელი ამგვარად სასულიერო დასს ხელდასხმისას. ასევე ლათინურ ეკლესიაში მღვდლად ხელდასხმა ისე აღესრულება, რომ ხელდასხმულის თავზე მირონის ცხებისას საიდუმლოს აღმსრულებელი ლოცულობს მასზე სულიწმიდის მადლის უხვად გარდამოსვლას.
ზუსტად ასევე მონანულს ცოდვათა შენდობა მღვდელმსახურებრივი ლოცვით მიენიჭება.
დაბოლოს, ამგვარადვე მღვდელმსახურის ლოცვით აღესრულება ზეთის კურთხევის საიდუმლოც, რომელიც მის მიმღებს როგორც სხეულებრივი სნეულებისგან კურნებას, ასევე ცოდვათა შენდობას ანიჭებს, რასაც სამოციქულო გადმოცემა ამცნობს: "უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან; დაღაცათუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას" (იაკ. 5:14-15).
რას გვიპასუხებენ ამაზე ისინი, ვინც არ იწონებს საიდუმლოებებისას ლოცვებს?
თუკი, როგორც ისინი ამბობენ, არ ჩანს, რას აღასრულებენ ლოცვები, თანაბრად ამისა არ ჩანს, არის თუ არა მღვდელმსახური იგი, ვინც ამ სახელით იწოდება, არ ჩანს, შეუძლია კი მას მირონის კურთხევა; და ამრიგად, შეუძლებელია წმიდა ზიარების საიდუმლოს აღსრულება, რადგან ამ შემთხვევაში მართლაც არ არის არც მღვდელმსახური, არც საკურთხეველი, და ვინაიდან ისინი თავადაც არ იტყვიან, რომ უფლის სიტყვას, პიროვნებისა და საკურთხევლისგან დამოუკიდებლად, აღმასრულებელი ძალა აქვს.
მაგრამ საკურთხეველი, სადაც პური უნდა დაიდოს, მირონით იკურთხება, მირონი კი ლოცვით.
ზუსტად ასევე: ვინ გვაძლევს უეჭველ ცოდვათა შენდობას, თუკი მღვდელმსახურებიც და მათი ლოცვებიც საეჭვოა?
ამის შემდეგ ამ სიახლეების შემომტანთა მიმდევრებს სხვა არაფერი რჩებათ, თუ არა ქრისტიანობის მთლიანად განადგურება. ნათელია, რომ საეჭვო მოქმედება უმალ მათია, ვინც ამგვარად ფიქრობს და საშიშია იმათი საქმე, რომელნიც იგონებენ გაუცხოებულს მამათა გადმოცემებისგან, რომელთაც უეჭველობის თავდებობა აქვთ.
ღმერთი რომ მისადმი აღვლენილ ლოცვებს ისმენს, მთხოვნელს სულიწმიდას აძლევს და მათ, ვინც მას რწმენით მიმართავს, ყველაფრის შესაძლებლობას ანიჭებს, ამის შესახებ თავად ღმერთმა განაცხადა და შეუძლებელია ეს ჭეშმარიტება არ იყოს. მაგრამ ის, რომ მხოლოდ რაიმე სიტყვების გადმომცემზე მსგავსი რამ აღესრულოს, არსად თქმულა.
ამასთან, საიდუმლოთა ლოცვით აღსრულება მამებმა გადმოგვცეს, მიიღეს რა მოციქულებისა და მათი მოწაფეებისგან სხვა ყველაფერიც, - როგორც ვთქვი, - და წმიდა ევქარისტიაც; გადმოგვცეს მრავალთა შემდეგ ბასილი დიდმაც, იოანე ოქროპირმაც - ეკლესიის დიდმა მოძღვრებმა; ისინი, ვინც მათ ეწინააღმდეგება, მათ, ვისაც მართლმორწმუნედ ყოფნა სურს, პასუხის ღირსად არც უნდა ჩააგდონ.
ძღვნის კურთხევისთვის თითქოს თხრობის სახით გამოთქმული საიდუმლოს შესახებ უფლის სიტყვა რომ კმარა, ამის შესახებ არც მოციქულთაგან ან მოძღვართაგან ვინმეს ნათქვამი არ ჩანს. რომ უფლისგან ერთხელ გამოთქმული - სწორედ იმიტომ, რომ მის მიერ ითქვა - როგორც შემოქმედებითი სიტყვა, ყოველთვის მოქმედებს, ამის შესახებ ნეტარი იოანე ამბობს; მაგრამ მას, რასაც ამჟამად მღვდელმსახური წარმოთქვამს, ძალა აქვს, რადგან მის მიერ წარმოითქმება, ამას ვერსაიდან ვერ დავინახავთ, რადგან ის შემოქმედებითი სიტყვა იმიტომ კი არ მოქმედებს, რომ გარკვეულ შემთხვევებში რომელიმე ადამიანი წარმოთქვამს, არამედ იმიტომ, რომ ერთხელ უფალმა გამოთქვა.