წმიდა ნიკოლოზ კავასილა
2. რატომ თავიდანვე არ იდება პატიოსანი ძღვენი ტრაპეზზე
პირველ რიგში, განვიხილოთ ის, რაც აღესრულება და წარმოითქმება წმიდა ძღვნის მირთმევისას, ასევე თავად მისი მიტანა და მირთმევა.
რატომ არის, რომ ის უცბად არ მიიტანება ტრაპეზზე წმიდა მსხვერპლისთვის, არამედ თავიდანვე უფლის წინაშე ძღვნის სახით წარდგება?
ეს იმიტომ ხდება, რომ ძველები ღმერთს სწირავდნენ როგორც სისხლიან მსხვერპლს - ცხოველთა დაკვლით, ისე სხვა სახის ძღვენს - მაგალითად, ოქროსა და ვერცხლის ნივთებს.
ხოლო ქრისტეს სხეული როგორც ერთს, ასევე მეორეს წარმოადგენს: ის იყო მსხვერპლიც - დასასრულისაკენ, როდესაც მსხვერპლად შეიწირა მამის დიდების გამო; მაგრამ პირველად იგი ღმერთს მიეძღვნა პატიოსანი ძღვნის სახით და თითქოს მიღებულიც იქნა მისგან, ერთი მხრივ - როგორც ჩვენი მოდგმის საწყისი, მეორე მხრივ კი - სჯულისმიერად: რადგან პირმშო იყო (გამოს. 13:2).
სწორედ ამ მიზეზით ის, რაც ამჟამად მიერთმევა და რასაც მოწმობს ეს სხეული, თავიდანვე კი არ იდება ტრაპეზზე როგორც წმიდა მსხვერპლი - ეს ხდება დასასრულისაკენ, ხოლო თავდაპირველად ის მიერთმევა, ემსახურება და იწოდება ღმერთის პატიოსან ძღვნად.
ასე მოიქცა თვით ქრისტე, როდესაც ხელში აღებული პური და ღვინო ძღვნად წარუდგინა, შესთავაზა და მიართვა ღმერთს. საიდან ჩანს ეს? იქიდან, რომ ამგვარად იქცევა ეკლესია და მას ძღვენს უწოდებს. იგი არ გააკეთებდა ამას, თუკი არ ეცოდინებოდა, რომ ასე მოიქცა ქრისტე; ეკლესიამ შეისმინა მისი ბრძანება: "ამას ჰყოფდით" (ლუკ. 22:19). ამ მოქმედებაში რომ არ ყოფილიყო მსგავსება ქრისტეს ქმედებასთან, არც ეკლესია მიბაძავდა მას.
3. იმის შესახებ, რომ ძღვენი ღმერთს შეეთავაზება როგორც ადამიანური სიცოცხლის საწყისი
რა სახისაა ძღვენი?ძველები მიართმევდნენ ნაყოფის, ფარის, ნახირის ან სხვა არსებების საწყისებს (II რჯ. 18:4), ხოლო ჩვენ, რომელიც ჩვენს სხეულში სიცოცხლეს ინარჩუნებს, ღმერთს ვუძღვნით ამ ძღვენს, როგორც ჩვენი ცხოვრების საწყისს, რადგან ის ადამიანურ საზრდელს წარმოადგენს. უფრო მეტიც, საზრდელით სიცოცხლე არა მარტო ნარჩუნდება, არამედ საზრდელი სიცოცხლის ნიშანია. ჩვენ მასთან ერთად ვჭამეთ და ვსვით აღდგომის შემდეგ (საქ. მოც. 10:41), - ამბობდნენ ქრისტეზე მოციქულები, რითაც სურდათ ეჩვენებინათ, რომ იგი ცოცხალი ნახეს. ასევე უფალმა, როდესაც ერთი მკვდარი აღადგინა, უბრძანა მისთვის საზრდელის მიცემა, რათა ამით ყველა დაერწმუნებინა, რომ იგი ცოცხალია (ლუკ. 8:55). ვინც საკვების მიღებას იწყებს, მასზე უმცირესი შეუსაბამობის გარეშე შეიძლება დავასკვნათ, რომ იგი სიცოცხლეს იწყებს.
მაგრამ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ თითქმის ყველაფერი, რასაც ძველები ღმერთს მიართმევდნენ, ასევე შესაძლებელია ადამიანის საზრდელად გამოდგეს? ეს იყო ნაყოფი, რომელიც მიწათმოქმედებს მოჰყავდათ და საჭმელად ვარგისი ცხოველები. მაშინ რაღა? ყველაფერი ეს ადამიანური სიცოცხლის საწყისს ემსახურებოდა?
არა. აღნიშნულ საგანთაგან არც ერთი არ არის საკუთრივ ადამიანის საზრდელი; ისინი სხვა ცხოველთა საზრდოც არის: ზოგი - ფრინველთა და მძოვართათვის, სხვანი - მტაცებელთათვის. ადამიანის საზრდელს მხოლოდ ადამიანის ნიშანდობლივ საკუთრებას ვუწოდებთ. თანაც საკვებად პურისა და საზრდელად ღვინის დამზადების საჭიროება მხოლოდ ადამიანისთვის არის დამახასიათებელი.
ამიტომაც მიერთმევა წმიდა ძღვენი ამ სახით.
4. რატომ იყო საჭირო, რომ ძღვენს ადამიანის სიცოცხლის საწყისი გამოეხატა?
რა არის მიზეზი, რა არის საფუძველი იმისა, რომ ეს ძღვენი უფალს უნდა მივართვათ როგორც სიცოცხლის საწყისი?ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთი ამ ძღვნის სამაგიეროდ სიცოცხლეს გვანიჭებს. ხოლო სამართლიანობა მოითხოვს, ძღვენი სრულად არ განსხვავდებოდეს გასაცემისაგან, არამედ მათ შორის იყოს რაიმე მსგავსება და თუ უკანასკნელი სიცოცხლეა, მაშინ პირველიც სიცოცხლე უნდა იყოს, ყოველგვარი მნიშვნელობით, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ძღვნის დამდგინებელი და გასაცემელის გამცემელი ერთი და იგივე მართლმსაჯულია, ყოველივესთვის ზღვრისა და საზომის მომრიგებელი (სიბრძ. სოლ. 11:20). მან მოგვცა მცნებად პურისა და ღვინის მირთმევა; ის თავად მოგვცემს ამისთვის ცოცხალ პურს და მარადიული სიცოცხლის სასმისს. როგორც მოციქულებს დაჭერის წილ დაჭერა მიანიჭა: თევზის დაჭერის წილ კაცთა დაჭერა (მათ. 4:18-19), და მდიდარ კაცს, რომელმაც სასუფევლის შესახებ ჰკითხა, მიწიერი დიდების წილ ზეციური დიდება აღუთქვა (მარკ. 10:21), ასევე აქაც, მაგრამ პირიქით: რისი მეშვეობითაც მარადიული სიცოცხლის მონიჭება სურდა (ვამბობ მის ცხოველმყოფელ ხორცსა და სისხლზე), სწორედ იმის მიძღვნა დაგვიდო მცნებად, რითაც დროებითი სიცოცხლე სულდგმულობს, რათა მადლს გასაცემელის სახე ჰქონოდა, რათა უსაზღვრო მოწყალებას თავის თავში სიმართლის საზომიც მოეცვა - რათა აღსრულებულიყო თქმული: "დავდევ სამართალს ლარად და სიმართლეს - შვეულად" (ის. 28:17).
ამგვარად აიხსნება არა მხოლოდ ეს საიდუმლო, არამედ ნათლობის საიდუმლოც: ჩვენ ვიღებთ სიცოცხლეს სიცოცხლის წილ, ერთს გავცემთ, მეორეს მის სამაგიეროდ ვიღებთ. მაგრამ სიცოცხლის გაცემა სიკვდილს გამოხატავს, ხოლო სიცოცხლეში დაბრუნება არის საკუთრივი მნიშვნელობით სიცოცხლე. რადგან მხსნელმა სიკვდილი იგემა და აღდგა, კეთილინება, ჩვენც გაგვეზიარებინა მისი ახალი სიცოცხლე და ამიტომ გვიბრძანა, ჩვენც რაიმე მიგვეტანა მისთვის ამ დიადი ძღვნიდან. კერძოდ რა? მისი სიკვდილისათვის მიბაძვა. როგორი სახით? ჩვენი სხეულის, ვითარცა სამარეში, წყალში დაფარვით და ამის სამგზის აღსრულებით. ამის შემდეგ ის მისი სიკვდილისა და დაფვლის თანამონაწილეებად გვიღებს და თავის ახალ სიცოცხლეს გვანიჭებს.
აქაც ზუსტად ამგვარად არის.
5. რატომ არ იდება მთლიანი პური, არამედ მხოლოდ განსაკუთრებული ნაწილი ამოიკვეთება
საჭიროა განიმარტოს ისიც, რატომ არ აკურთხებს მღვდელმსახური, მიართმევს რა ძღვენს ღმერთს და დადებს მას ტრაპეზზე, ყველა იმ პურს, რომელიც მირთმეული იყო, არამედ მხოლოდ იმას, რომელსაც ის მათგან ამოკვეთს.ესეც ქრისტეს შესაწირავისთვის განკუთვნილი თავისებურებაა. სხვა ძღვენს მათი მფლობელები აცალკევებდნენ ერთგვაროვან საგანთაგან, მიჰქონდათ ტაძარში და მღვდელმსახურებს გადასცემდნენ, ხოლო ეს უკანასკნელნი მიიღებდნენ და მიართმევდნენ მათ, ან მსხვერპლად სწირავდნენ, ან ისე იქცეოდნენ, როგორც ამა თუ იმ მიტანილ საგანს შეეფერებოდა.
მაგრამ ქრისტეს სხეული გამოცალკევებულია მისდაგვარ საგანთაგან, მიტანილია, მიღებულია, მირთმეულია ღმერთისთვის და ბოლოს მსხვერპლად არის შეწირული ღვთისმსახურის ხელით: იმიტომ, რომ ღვთის ძემ თავად გამოირჩია სხეული თავისთვის, გამოყო იგი ჩვენი შემადგენლობიდან, თავად მიართვა იგი ძღვნად ღმერთს, დაადგინა მამის წიაღში, რადგან თავად არასდროს განშორებულა მისი წიაღიდან, არამედ იქვე იმყოფებოდა მას შემდეგაც, რაც შექმნა ეს სხეული და შეიმოსა მისით, ასე რომ იგი წარმოშობისთანავე უკვე ღმერთისადმი იყო მიძღვნილი და ბოლოს მან თავად აიყვანა იგი ჯვარზე და მსხვერპლად შესწირა.
ამიტომაც პურს, რომელიც უნდა გარდაიქცეს ქრისტეს სხეულად, მღვდელმსახური თავად განაცალკევებს სხვა ერთგვაროვანი პურებისაგან, თავად სთავაზობს ღმერთს, წმიდა ფეშხუმზე დადებულს, ხოლო ტრაპეზზე გადატანის შემდეგ მსხვერპლად სწირავს.
6. რატომ განასახიერებს მღვდელმსახური პურზე ქრისტეს ვნებას
ამოკვეთილი პური, სანამ სამკვეთლოზე დევს, უბრალო პურია. ის მხოლოდ მირთმეულია ღმერთისთვის და ქცეულია ძღვნად. ამით გამოიხატება დროის ის პერიოდი, როდესაც ქრისტეც ძღვენი იყო; ხოლო იგი, როგორც ზემოთ აღინიშნა, შობიდანვე, სჯულის მიხედვით, ძღვენი იყო მისივე დაბადებით, ვინაიდან პირმშო იყო.მაგრამ ის, რაც ამ სხეულზე აღესრულა შემდგომში, - ვნება ჩვენს სახსნელად, ჯვარი და სიკვდილი, - ბევრად ადრე, ჯერ კიდევ ძველების მიერ იყო პირველსახედ, ამავე მიზეზით აქაც ღვთისმსახური, პურის ტრაპეზზე გადატანამდე და მსხვერპლად შეწირვამდე, წინასწარ ცდილობს მასზე ამ სახეების წარმოდგენას. როგორ აკეთებს ამას? მთლიანი პურიდან გამოყოფს, მისგან ძღვენს ქმნის. ეს კეთდება ან აუცილებლობით, ან განზრახვით, სწორედ ეს მნიშვნელობა მიანიჭოს თავის მოქმედებას: ეს მოქმედებები თავად საქმეებით თხრობას წარმოადგენს ქრისტეს ვნებისა და სიკვდილის შესახებ.
ეს არის ძველი ჩვეულება: იყო დრო, როდესაც ჰყვებოდნენ, არწმუნებდნენ, წინასწარმეტყველებდნენ ქმედებებით. მაგალითად, წინასწარმეტყველმა, როცა ებრაელთა ტყვეობის ჩვენება უნდოდა, ბორკილები დაიდო (ეზეკ. 3:25). აგაბოსიც სწორედ ასევე მოიქცა - ასევე ბორკილებით გამოხატა პავლე (საქ. მოც. 21:11). გვიამბობენ ასევე, რომ ერთმა ღმერთშემოსილმა მამამ, როდესაც ჰკითხეს, თუ რა არის მონაზონი, სიტყვა არ მიუგო, არამედ გაიძრო სამოსი და დაიწყო მისი ფეხებით გათელვა.
და თავად უფლის სიკვდილს და მთელ მის მნეობას ძველები თავადაც გამოხატავდნენ და უფლისაგან იგებდნენ არა მხოლოდ სიტყვათა მეშვეობით, არამედ მოქმედებითაც; ასე იყო, მაგალითად, კვერთხით გაპობილი ზღვა (გამოს. 14:16,21), ცეცხლმოკიდებული მაყვლოვანი (გამოს. 3:2), მამისადმი სამსხვერპლოზე მიმყოლი ისააკი (დაბ. 22:1-13) და სხვა მოქმედებები, რომლებიც თავიდანვე მოასწავებდა გამოხსნის საიდუმლოს.
ხოლო ღვთისმსახური იმ პიროვნებას წარმოადგენს, რომელიც ზუსტად ამგვარად იქცევა: რაც იცის ამ მსხვერპლის შესახებ, სიტყვებით გადმოსცემს და მოქმედებებით გამოხატავს, რამდენადაც შესაძლებელია ამგვარ ნივთიერებებზე გამოხატვა. ის თითქოს ამბობს: აი, ასე მიდიოდა უფალი ვნებისაკენ, აი, ასე მოკვდა იგი, აი, ასე უგმირეს მას ფერდში, აი, ასე გადმოვიდა მაშინ გახვრეტილი ფერდიდან სისხლი და წყალი.
და ამგვარად იქცევა, პირველ რიგში, იმისათვის, რათა, როგორც აღვნიშნე, გვიჩვენოს, რომ ამ ჭეშმარიტებას, ამ სინამდვილეს წინ უძღოდა სახეები და გარკვეული წერილები, რომლებიც ხალხისათვის წინასწარმაუწყებელი იყო. მსგავსად ამისა, ღვთისმსახურიც პურის ტრაპეზზე გადატანამდე და მსხვერპლად შეწირვამდე მასზე ქრისტეს მსხვერპლის გარემოებებს გამოსახავს. ამით იგი იმ აზრსაც გამოხატავს, რომ ეს პური მალე გარდაიქცევა იმ ჭეშმარიტ პურად, რომელიც ჯვარცმულ იქნა და მსხვერპლად შეიწირა (1კორ. 11:26). ამ ყველაფერთან ერთად, რადგან უფლის სიკვდილის უწყებაა საჭირო, რათა უყურადღებოდ არ დაგვრჩეს არც ერთი საშუალება უწყებისა და თხრობისა, - რისთვისაც ათასი ბაგე უნდა გვქონოდა, - ის სიტყვიერადაც მოგვითხრობს და მოქმედების მეშვეობითაც.
7. რას მოიცავს უფლის მოხსენიება
პირველ რიგში, იღებს რა სეფისკვერს, რომლიდანაც უნდა ამოიკვეთოს წმინდა პური, ამბობს: "მოსახსენებელად უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესა", მისი მცნებისამებრ, რადგან ამას ჰყოფდით, ამბობს იგი, ჩემს მოსახსენებლადო (ლუკ. 22:9).და ამას ღვთისმსახური არა მხოლოდ ამ პურზე ამბობს, არამედ მთლიან მსახურებაზე. თითქოს ღვთისმსახურება დასასრულიდან იწყება, ვინაიდან უფალმა საიდუმლოს შეუთავსა ეს სიტყვა: "ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა".
რას ნიშნავს მოხსენიება? როგორ მოვიხსენიებთ უფალს ღვთისმსახურებისას? როგორია მისი ქცევა და მისი მდგომარეობა? მე მინდა ვთქვა: რას ვფიქრობთ, რას ვაუწყებთ ამ მოხსენიებისას? იქნებ იმას, რომ მან აღადგინა მკვდარნი, ბრმებს თვალი აუხილა, თავისი სიტყვით ქარი ჩაახშო, მცირედი პურით ათასობით სიმაძღრემდე დააპურა, - ამით გამოიხატა ღმერთი და ყოვლისშემძლე? არა. პირიქით, იმის გახსენებით, რაც, როგორც ჩანს, უმწეობის ნიშანია, - ჯვარი, ვნება, სიკვდილი, - აი, რის შესახებ გვიბრძანა მან ყურადღება მისი გახსენებისას. საიდან ჩანს ეს? ასე ფიქრობდა პავლე, რომელმაც ეს კარგად იცოდა.
როდესაც ის კორინთელებს ზიარების საიდუმლოს შესახებ სწერს, გადასცემს მათ უფლის სიტყვებს: "ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა" და ამატებს: "რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით" (1კორ. 11:26). თავად უფალმაც იგივე აზრი გამოხატა, როდესაც საიდუმლოზე იქადაგა, რადგან თქვა: ესე არს ხორცი ჩემი, ესე არს სისხლი ჩემი (ლუკ. 22:19-20); სასწაულები კი არ დაურთო მათ, არ თქვა: მათ აღადგინეს მკვდარნი, განწმინდეს კეთროვანნიო.
მაშ, რა? მხოლოდ ვნება და სიკვდილი: თქვენთვის დაღვრილი. რის საფუძველზე გვახსენებს იგი არა სასწაულების შესახებ, არამედ ვნებისა? იმის, რომ ეს უკანასკნელი პირველზე აუცილებელია, იმის განსჯით, რომ ერთი ჩვენი ხსნის მიზეზია და მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ადამიანისთვის აღდგომა, - ვგულისხმობ ვნებას, - ხოლო სასწაულები მხოლოდ დასამოწმებელია და იმისთვის აღესრულებოდა, რომ ყველას ერწმუნა უფალი ჭეშმარიტად მხსნელია.
8. იმის შესახებ, რაც პურზე აღესრულება
ვინაიდან უფლის მოხსენიება ამგვარად უნდა აღსრულდეს, მღვდელი ამბობს: მოსახსენებელად უფლისა... და დაურთავს იმას, რითაც გამოიხატება ჯვრისა და სიკვდილის შინაარსი. პურის ამოკვეთით მას გამომხსნელი ტანჯვის შესახებ ძველი წინასწარმეტყველება მოჰყავს: "კრავივით დასაკვლელად მიიყვანეს (და ა.შ.)" (ისა. 53:7), მოგვითხრობს, რამდენადაც შესაძლებელია სიტყვით და საქმით. პურის დანაწილებას აღასრულებს, ერთი მხრივ, იმ აუცილებლობით, რომ უნდა ამოიკვეთოს ძღვენი და კიდევ იმის გამო, რომ გამოსახოს ის, რის შესახებაც ითქვა ზემოთ: აღინიშნოს უფლის განსვლა სოფლიდან და სიკვდილის გზით მისი მამასთან დაბრუნება, როგორც თავად თქვა: "გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად" (იოან. 16:28).ამიტომ მღვდელმსახური მრავალგზის არჭობს ლახვარს, შემდეგ ჭრის პურს და ამდენივე ნაწილად ყოფს საწინასწარმეტყველო სიტყვას. თითოეულ სიტყვას უწყობს პურის ამა თუ იმ ნაწილს, რათა აჩვენოს, რომ აქ საქმე გამოხატავს სიტყვას; რომ, როგორც ეს პურია გამოცალკევებული მისთვის ერთსახოვანი ნივთიერებიდან, რომ მიერთვას უფალს და იკურთხოს, ასევე უფალიც გავიდა ხალხის წიაღიდან, ვისთანაც კაცთმოყვარეობით ჰქონდა ერთი და იგივე ბუნება, და ვითარცა ცხვარი დასაკლავად, და ამგვარად "ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა" (ისაია 53:8). შემდეგ დაერთვება, რასაც მიგვითითებს წინასწარმეტყველება.
მღვდელი, დებს რა პურს წმინდა ფეშხუმზე, ამბობს და აკეთებს იმას, რითაც გამოიხატება თავად მსხვერპლშეწირვა - უფლის სიკვდილი: "დაიკვლის ტარიგი ღმრთისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა" (ისაია 53:8) - ამ სიტყვებითა და მოქმედებებით ის თვით სიკვდილის სახეს გამოხატავს, რადგან პურზე გამოსახავს ჯვარს და სწორედ ამით აჩვენებს, რომ მსხვერპლშეწირვა ჯვრით აღესრულება. ამის შემდეგ იგი ხვრეტს პურს, ამასთან, მარჯვენა მხრიდან, რაც ფერდის გახვრეტის სიმბოლოა; ამავე მიზეზით პურის გახვრეტისათვის საჭირო იარაღი ლახვრად იწოდება და დამზადებულია ლახვრის მსგავსად იმისათვის, რომ მისით ის ლახვარი იხსენებოდეს. ღვთისმსახური მოქმედებებით გამოხატვასთან ერთად ამ მოვლენას გადმოგვცემს სიტყვებითაც: "ერთმან მხედართაგანმა ლახვრითა განაღო გვერდი მისი" (იოან. 19:34). ასევე იმას, რომ იქიდან გადმოვიდა სისხლი და წყალი, ის გვაუწყებს სიტყვებით და გამოხატავს მოქმედებებით, ასხამს რა ბარძიმში ღვინოს და წყალს (ეს ხდება უფლის მოსახსენებლად) და ურთავს სიტყვებს: "და მეყსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი".
9. რისთვის გვიბრძანა უფალმა მის მოსახსენებლად ამის აღსრულება
რატომ გვიბრძანა ეს უფალმა? რას გულისხმობდა, როდესაც ამგვარი მოხსენება მოგვთხოვა? იმას, რომ უმადურნი არ დავრჩენილიყავით. ცნობილია, რომ კეთილისმყოფელთათვის, ერთგვარად, ისიც ჯილდოა, როცა მათგან სიკეთის მიმღებთ ახსოვთ იგი: ახსოვთ ის საქმენი, რომლითაც სიკეთე აღესრულა მათ მიმართ. ამის გასახსენებლად ადამიანებმა სხვადასხვა საშუალება მოიგონეს: ძეგლები, ქანდაკებები, სვეტები, დღესასწაულები, ზეიმები, შეჯიბრებები... ყოველივე ამის მიზანი ერთია: რათა ადამიანთა სიქველე დავიწყებას არ მიეცეს.იგივე მიზანი აქვს მხსნელსაც; მაგრამ სხვები, - თითქოს გვეუბნება მაცხოვარი, - სხვა საშუალებებს ეძებენ დავიწყების წინააღმდეგ, რომ ახსოვდეთ ისინი, ვინც მათ მიმართ სიკეთე გამოიჩინა, ხოლო თქვენ ამას იქმოდეთ მოსახსენებელად ჩემდა. და როგორც ქალაქების გმირთა მოსახსენებელ სვეტებზე გამარჯვებებია გამოსახული, რომლითაც გადარჩნენ, უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ასევე ამ ძღვენზე გამოვსახავთ უფლის სიკვდილს, რომლის მეშვეობითაც სრული გამარჯვება იქნა მოპოვებული ბოროტზე. მაგრამ ქალაქებს გამოსახულების მეშვეობით კეთილისმყოფელის მხოლოდ სხეულებრივი სახე აქვთ, ხოლო ჩვენ, ამ ძღვნის მეშვეობით, გვაქვს არა სხეულებრივი სახე, არამედ თვით გმირობის ფუძემდებლის სხეული. ამასთან, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში მცნებად იდო იმის ხატოვნად, სიმბოლურად აღსრულება, რისი აღსრულებაც მან ახლა გვიბრძანა სინამდვილეში, თავად საქმით: სწორედ ამას ნიშნავს პასექი - კრავის დაკვლა და მისი დაკვლისა და იმ სისხლის მოხსენიება, რომლის მეშვეობითაც გამოხსნილ იქნენ ებრაელთა პირმშოები (გამოს. თავი 12).
აი, ასეთი მნიშვნელობა აქვს ამ მოხსენიებას!