წმიდა ნიკოლოზ კავასილა
1. ლიტურგიისთვის მომზადება
წმიდა საიდუმლო ღვთისმსახურებისას პატიოსანი ძღვენი ღვთაებრივ ხორცად და სისხლად გარდაიქცევა.
მისი მიზანი - მორწმუნეთა განწმენდაა, რომლებიც წმიდა ძღვნის მიღებით (ზიარებით) ცოდვების მიტევებას, ცათა სასუფევლის მემკვიდრეობას და სხვა მსგავს წყალობას იღებენ.1. ლიტურგიისთვის მომზადება
როგორც უშუალოდ ქმედების (წმიდა ძღვნის კურთხევა), ასევე მიზნის (ღვთისმსახურება) მისაღწევად შემწედ და მოსამზადებლად ლოცვები, ფსალმუნთგალობა და წმიდა წერილის კითხვა გვევლინება, ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც ღვთისმსახურებისას აღესრულება და წარმოითქმება, როგორც ძღვნის კურთხევამდე, ასევე კურთხევის შემდეგ. მართალია, ღვთის ყოველი სიწმიდე ძღვნის სახით მოგვეცემა, ხოლო ჩვენ მას ვერაფერს მივართმევთ და მისი ძღვენი უმკაცრესი მნიშვნელობით არსობრივად ძღვენია, მაგრამ იგი დაჟინებით მოითხოვს ჩვენგან, რომ შევძლოთ სიწმიდის არა მხოლოდ მიღება, არამედ შენარჩუნებაც. ადამიანებს, რომლებიც არ არიან მზად ამისათვის, ის არც კი მისცემდა კურთხევას. ამ პირობით გვიძღვნის იგი ნათლობისა და მირონცხების მადლს. ამავე პირობით უშვებს თავის სერობაზე და გასცემს საშინელ საზრდელს, რაც მან გამოხატა თესლის შესახებ იგავში, როდესაც თქვა - დათესე თესლი, მაგრამ დათესვამდე კარგად დაამუშავე და მოამზადე ნიადაგი (მათ. 13:3).
ამრიგად, რადგან ასე მნიშვნელოვანია, საიდუმლოებების ზიარებას ამგვარი კეთილგანწყობითა და შემზადებით შევუდგეთ, წმიდა მსახურების შემადგენელ ნაწილად ისიც (სათანადო მომზადება) უნდა შესულიყო ისე, როგორც არის. სწორედ ამგვარი ძალა აქვს ჩვენთან მიმართებით ლოცვებს, ფსალმუნებს და ყოველივე იმას, რაც ლიტურგიის დროს აღესრულება და წარმოითქმება, ვინაიდან ისინი განგვწმენდენ და კეთილად განგვაწყობენ სიწმიდის შესაბამისი მიღებისთვის, მისი შენახვისა და შემდგომი შენარჩუნებისთვის.
ისინი ორი საშუალებით განგვწმენდენ. პირველი საშუალება ის არის, რომ ჩვენ სარგებელს ლოცვებით, ფსალმუნებითა და კითხვით ვიღებთ. ლოცვები ღმერთისკენ მიგვმართავს, ცოდვათა შენდობას გამოითხოვს, ისევე, როგორც ფსალმუნთგალობა ხდის ჩვენდამი მოწყალეს ღმერთს და ზეციდან დახმარებას იზიდავს. ნათქვამია: "შესწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისაი... და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე" (ფს. 49:14-15). ხოლო წმიდა წერილი ღვთის მოწყალებასა და კაცთმოყვარეობასთან ერთად სიმართლესა და მსჯავრს გვაუწყებს, ჩვენს სულებში ღვთის შიშს ნერგავს, ღვთის სიყვარულით გვატყვევებს და ამგვარად მისი მცნებების აღსრულების მტკიცე მზადყოფნით გვავსებს. ყოველივე ეს როგორც სასულიერო პირის, ისე მრევლის სულებს უკეთესსა და ღვთივსათნოს ხდის. მასაც და ხალხსაც პატიოსანი ძღვნის მიღებისა და დაცვის უნარს ანიჭებს, რაც ღვთისმსახურების მიზანს წარმოადგენს. კერძოდ, მღვდელს ამზადებს მსხვერპლშეწირვის ღირსეულად აღსრულებისთვის, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, საიდუმლო ღვთისმსახურების საგანს შეადგენს. სწორედ ამას მრავალგან შეიცავს ლოცვები; ღვთისმსახური იმისთვის ლოცულობს, რომ არ აღმოჩნდეს უღირსი მომავალი ღვთისმსახურებისა, არამედ წმიდა ხელებით, გულითა და ბაგეებით მოახერხოს საიდუმლოს მსახურება და ამგვარად ის სიტყვებიც, რომლებიც იკითხება და იგალობება, თავისთავად გვეხმარება ღვთისმსახურების (საიდუმლოს) აღსრულების დროს.
გარდა ამისა, ყოველივე ამით და ყველაფრით, რაც ღვთისმსახურებისას აღესრულება, განწმენდას მეორე საშუალებითაც ვიღებთ - იმით, რომ ამ ყველაფერში ვჭვრეტთ ქრისტეს სახებას, მის საქმეებს ჩვენ მიმართ და მის ტანჯვას, ვინაიდან ფსალმუნებში, საკითხავებსა და ყველაფერში, რაც ღვთისმსახურის მიერ ღვთისმსახურების მიმდინარეობისას აღესრულება, მხსნელის მნეობა (გამოხსნის მსახურება) გამოისახება ისე, რომ რაც უპირველესია გამოხსნის მსახურებაში, ღვთისმსახურების პირველ მოქმედებაში განიმარტება, მეორე ადგილი - მეორე მოქმედებაში, მათი შემდგომნი კი დანარჩენ ღვთისმსახურებაში; ყველა ეს გარემოება თითქოს მაყურებელთა თვალწინ არსებობს: ასე მაგალითად, ძღვნის კურთხევა ანუ თავად მსხვერპლი გვაუწყებს მაცხოვრის სიკვდილს, აღდგომასა და ამაღლებას, რადგანაც ეს პატიოსანი ძღვენი თავად უფლის სხეულად იქცევა, სწორედ იმად, ვინც ყოველივე ეს საკუთარ თავზე მიიღო, რომელიც ჯვარცმულ იქნა, აღდგა და ამაღლდა ზეცად. ის კი, რაც ამ მსხვერპლს უძღვის წინ, იმას გამოხატავს, რაც იყო მხსნელის სიკვდილამდე - მისი მოვლინება, მისი გამოცხადება და მისი საბოლოო მსახურება (კაცობრიობის გამოხსნის მსახურება); ხოლო რაც მსხვერპლშეწირვას მოსდევს - მამის აღთქმა (ლუკ. 24:49), რომლის შესახებაც თვითონ თქვა, მოციქულებზე სულიწმიდის მადლის გარდამოსვლა, მათი საშუალებით ღვთისკენ წარმართთა მოქცევა და მათი ღმერთთან ურთიერთობა.
მთელი ღვთისმსახურება თითქოს სახეა მხსნელის მეუფების ერთიანი სხეულისა - სახე, რომელიც ყოველ ნაწილს დასაწყისიდან დასასრულამდე ურთიერთთანმიმდევრულად და თანხვედრილად წარმოადგენს.
ამრიგად, ფსალმუნები, რომლებიც დასაწყისში იგალობება და ყოველივე ის, რაც წინ უძღვის იმას, რაც აღესრულება და წარმოითქმება ძღვნის კურთხევამდე, ქრისტეს გამოხსნის აღსრულების პირველ პერიოდს აღნიშნავს, ხოლო რაც ფსალმუნებს მოსდევს, - წმიდა წერილის კითხვა და სხვა, - შემდგომს გამოხატავს. მართალია, ზემოთ საკითხავისა და ფსალმუნთგალობის სხვა სარგებელია ნაჩვენები, რადგან ისინი, როგორც ჩანს, იმისთვის არის შემოტანილი, რომ სიკეთისკენ წაგვაქეზოს და ღვთის გული მოვიგოთ, თუმცა არაფერი უშლით, ამგვარი მნიშვნელობაც ჰქონდეთ.
რასაკვირველია, ერთსა და იმავე საშუალებას შეუძლია როგორც მორწმუნეთა სიკეთისკენ წარმართვა, ისე ქრისტეს მნეობის გამოხატვა. სამოსს, ერთი მხრივ, უბრალო დანიშნულება აქვს - დაფაროს სხეული, მეორე მხრივ კი, იმისდა მიხედვით, თუ როგორია, გამოხატავს იმ ადამიანის ხელობას, ცხოვრების წესს და ღირსებას, რომელსაც ის აცვია. ასევეა ჩვენს შემთხვევაშიც. წმიდა წერილი ღვთივსულიერ გამონათქვამებს, ღვთის სადიდებელ საგალობლებსა და სიკეთისკენ მოწოდებას მოიცავს, ყოველივე ამით განწმენდს მათ მკითხველებსა და მგალობლებს. ხოლო რადგან სწორედ ეს საკითხავებია შერჩეული და სწორედ ამ თანმიმდევრობით განლაგებული, ამას სხვა მნიშვნელობაც აქვს - მკაფიოდ გადმოგვცეს ქრისტეს დედამიწაზე ყოფნა და მისი მეუფება. ამასთან, ამგვარი მნიშვნელობა არა მარტო იმას აქვს, რაც იგალობება ან იკითხება, არამედ იმასაც, რაც აღესრულება. ყოველი მოქმედება აუცილებლობით აღესრულება: ის ან ქრისტეს საქმეთა და ქმედებათაგან რომელიმეს, ან მის ვნებას აღნიშნავს. ამგვარია, მაგალითად, სახარებით ან პატიოსანი ძღვნით საკურთხეველში შესვლა. ორივე საჭიროებით აღესრულება: პირველი იმისათვის, რომ შემდეგში სახარება იქნეს წაკითხული, მეორე - მსხვერპლშეწირვის აღსრულებისთვის, ხოლო ერთიც და მეორეც გამოცხადებასა და ქრისტეს გამოაშკარავებულ შესვლას აღნიშნავს კაცობრიობის ხსნის მსახურების საქმეში. ერთი - გაურკვეველი და არასრული გამოცხადებაა, როდესაც მაცხოვარმა ის იყო, თავი გამოიაშკარავა, ხოლო მეორე - სრულყოფილი და უკანასკნელი. აღსასრულებელ მოქმედებათა შორის, რასაკვირველია, ისეთი რამეებიც არის, რომლებიც რაიმე საჭიროების დასაკმაყოფილებლად კი არ აღესრულება, არამედ გარკვეული აზრის გადმოსაცემად. მაგალითად, პურის გახვრეტა და მასზე ჯვრის გამოსახვა ან ის, რომ გახვრეტისთვის განკუთვნილ დანას ლახვრის ფორმა აქვს და ბოლოს ის, რომ წმიდა ძღვენს თბილი წყალი ემატება. ბევრი მსგავსი რამ სხვა საიდუმლოებებშიც შეიძლება შეგვხვდეს, მაგალითად, ნათლობაში: მოსანათლებმა უნდა გაიხადონ სამოსი და ფეხსაცმელი, მიიქცნენ დასავლეთისკენ, გაიწოდონ ხელები და შეჰბერონ, რითაც იმის შთაგონება ხდება, თუ როგორი სიძულვილი უნდა გვქონდეს ბოროტი სულისა და როგორი ხარისხით უნდა განივრცოს ზიზღი მის მიმართ იმათგან, ვისაც ჭეშმარიტ ქრისტიანად ყოფნა სურს. ამგვარ მოქმედებებს საიდუმლოთა აღსრულების დროს სხვა მნიშვნელობა აქვს.
ხოლო რაც წმიდა ძღვნის ღვთისმსახურებისას აღესრულება, ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მხსნელის გამოხსნის მსახურებასთან (მნეობასთან) და აღესრულება იმ მიზნით, რომ ჩვენ თვალწინ მიმდინარე ქრისტეს მნეობის ჭვრეტით ჩვენი სულები განიწმინდოს და წმიდა ძღვნის მიღება შევძლოთ. როგორც ერთ დროს ამ მნეობამ სამყარო აღადგინა, ამჟამადაც, თუკი მუდმივად მის ჭვრეტაში ვიქნებით, მჭვრეტელის სულს უკეთესსა და ღვთისსათნოს გახდის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ქრისტეს ვნება მაშინაც არავითარ სარგებელს არ მოიტანდა, თუ მას არ განჭვრეტდნენ, თუ არ ერწმუნებოდნენ.
ამიტომაც იქადაგეს ღმერთის შესახებ და ამიტომაც გამოიყენა ღმერთმა ურიცხვი საშუალება, რომ იგი ერწმუნათ. იგი ვერ განახორციელებდა თავის მოქმედებას - ადამიანთა გამოხსნას, მისი არსებობა დაფარული რომ ყოფილიყო მათგან, ვინც ხსნას ელოდა. მაგრამ მაშინ, როდესაც მაცხოვრის მნეობაზე ჯერ მხოლოდ ქადაგებდნენ, ამით უწინამძღვრო ხალხის სულში ქრისტეს თაყვანისცემას, მისადმი რწმენასა და სიყვარულს აღძრავდნენ, ე.ი. ისეთ გრძნობას, რომელიც არ არსებობდა, ამჟამად, როდესაც უკვე მორწმუნე ადამიანები ღვთისმოსაური გულმოდგინებით უცქერენ ამავეს, ქადაგება არ აღაგზნებს ამ ღვთისმოსავ გრძნობას, რადგან ის უკვე არის მათში, იგი მხოლოდ ინახავს, განაახლებს და აძლიერებს მას. ქადაგება ხალხს უძლიერებს რწმენის სიმტკიცეს, დიდ მოშურნეობას ღვთისმოსაობასა და სიყვარულში. თუკი ქადაგებით შესაძლებელი გახდა განსხეულებულიყო არარსებული, რასაკვირველია, უფრო ადვილია ქადაგებითვე არსებულის დაცვა, შენახვა და განახლება. ამავე დროს, ღვთისმოსაობა, რწმენა, ღვთის სიყვარული, მხურვალე მოშურნეობა - ეს ის გრძნობებია, რომლებიც უეჭველად უნდა გვქონდეს წმიდა საიდუმლობებთან მიახლებისას, რადგან ამ გრძნობათა გარეშე მათი ცქერაც კი მეტისმეტი უწმინდურებაა.
ამიტომაც, ბუნებრივია, ღვთისმსახურების წესი იმ ჭვრეტის გამოხატულებას უნდა ემსახურებოდეს, რომელიც შეძლებდა ჩვენში ამგვარი გრძნობების აღძვრას, რათა ჩვენ არა მხოლოდ გონებით ვაანალიზებდეთ, არამედ გარკვეულწილად ვხედავდეთ მდიდრის უაღრესად გლახაკ და მწირ ცხოვრებას (2კორ. 8:9), ვინც ყველგან მყოფობს, ვინც შეურაცხყოფას მადლიერებით ითმენს. უვნებოს ვნება ვიხილეთ; ვიხილეთ, როგორ სძულდათ იგი, მაგრამ მას უყვარდა თავისი მოძულეები; ვიხილეთ, ვინ იყო იგი და როგორ დაიმცირა თავი, რა მოითმინა, რა აღასრულა და ამის შემდეგ როგორი ტრაპეზი განგვიმზადა. ამრიგად, მოულოდნელი ხსნისგან გაკვირვებით დამარცხებულებსა და მისი მოწყალების მრავალფეროვნებით გაოცებულებს თაყვანი უნდა გვეცა მისთვის, ვინც ამგვარი წყალობა გამოიღო ჩვენზე, ვინც ამგვარი ხსნა მოგვანიჭა, უნდა მიგვენდო ჩვენი სულები, დაგვეთმო ჩვენი სიცოცხლე და დაგვეტყვევებინა გულები მისი სიყვარულის ცეცხლით. შემდეგ, როცა მივაღწევთ ამგვარ მდგომარეობას, უშიშრად, როგორც საკუთარს, ისე უნდა მივეახლოთ მგზნებარე წმიდა საიდუმლოს.
ამგვარი მდგომარეობის მისაღწევად არ კმარა გარკვეული დროის მონაკვეთში ქრისტეს შესახებ ცოდნის შეძენა და დაუფლება. არა, ამისთვის აუცილებელია, ჩვენი გონების თვალი მუდმივად ამ საგნებისკენ იყოს მიმართული, რათა განვჭვრიტოთ ისინი და მთელი ძალ-ღონე მოვახმაროთ ყველა სხვა გულისთქმის განდევნას, რადგან ამასთან ერთად, როგორც უკვე აღვნიშნე, უნდა ვიგულისხმოთ ჩვენი სულის კურთხევისთვის მომზადება. თუ ჩვენ ღვთისმოსაობას გავიაზრებთ იმგვარად, რომ შევძლოთ გონიერი პასუხის გაცემა აღნიშნულ საკითხზე დასმულ შეკითხვაზე, ხოლო საიდუმლოსთან მიახლებისას ყოველივეს სწორად არ განვჭრეტთ, არამედ ყურადღებას სხვა საგნებისკენ მივმართავთ, მაშინ ეს ცოდნა არავითარ სარგებლობას არ მოგვიტანს, რადგან მხოლოდ იმ აზრების შესაბამისი განწყობილება გვექნება, იმ დროისთვის რომ ვიქნებით დაკავებულნი და ის გრძნობები გადააჭარბებენ, რომლების გაღვიძებაც მათ ძალუძთ.
ამიტომ ღვთისმსახურებას ისეთი სახე აქვს მინიჭებული, რომელშიც პირველი არა მარტო სიტყვით გამოითქმება, არამედ სახილველადაც ზედმიწევნით არის შესაძლებელი, ხოლო მეორე მთელ ღვთისმსახურებაში იმიტომ გამოიხატება, რომ მისი მეშვეობით უკეთესად იმოქმედოს ჩვენს სულებზე, რათა გაიღვიძოს ჩვენში გრძნობამ და არა მხოლოდ უბრალო ჭვრეტამ, რადგან თვალის მეშვეობით წარმოსახული გაცილებით ნათლად წარმოგვიდგენს საგანთა არსს. ამის საშუალებით კი არ უნდა მოხდეს დავიწყება, არ დავუშვათ აზრების სხვა საგნებისკენ მიმართვა, ვიდრე საქმე თავად ტრაპეზამდე არ მიაღწევს, რათა ამ სახით, ამგვარი აზრებით აღვსებულნი გონების მთელი ძალმოსილებით ვეზიაროთ წმიდა საიდუმლოს, შევუერთოთ განწმენდას განწმენდა, განჭვრეტით განწმენდას - მსახურებით განწმენდა და უმცირესი დიდებიდან ყველაზე მეტ დიდებაში გარდაქმნა (2 კორ. 3:18).
ზოგადად ეს არის მთელი ღვთისმსახურების არსი. შემდეგ, შეძლებისამებრ, საჭიროა მისი თავიდან ნაწილებად განხილვა: თავდაპირველად დასაწყისი ლოცვები, წმიდა სიტყვები, წმიდა საგალობლები და საკითხავები; შემდეგ - თავად ღვთისმსახურება და ძღვენი; შემდეგ - კურთხევა, რომელშიც ამ ძღვნის მეშვეობით განიწმინდებიან როგორც ცოცხალთა, ასევე მიცვალებულ ქრისტიანთა სულები; შემდეგ - ამის შემდგომი მრევლისა და ღვთისმსახურთაგან აღვლენილი საგალობლები და ლოცვები, რაც განხილვასა და განმარტებას მოითხოვს. უმთავრესად და მუდმივად კი მხედველობაში უნდა გვქონდეს მთლიან ღვთისმსახურებაში გამოხატული ჩვენი მაცხოვრის მნეობა. უნდა განვმარტოთ ისეთი საგნები, რომლებიც ამ მნეობას მიეკუთვნება და ღვთისმსახურების ამა თუ იმ მოქმედებით აღინიშნება.