დიდმარხვის 40 დღის შემდეგ იწყება ვნების კვირა, რომელიც გვირგვინია დიდმარხვისა. შეიძლება თქვას, რომ მთელი დიდმარხვა მზადებაა ვნების კვირისთვის.
თავისი შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ "დიდი" უწოდა. და რადგან ამ კვირაში ჯვარზე ევნო უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ამის გამო ამ დღეებს ვნების კვირას უწოდებენ. ვნების კვირის პირველი სამი დღე თავიანთი სიმბოლური დატვირთვით იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიაში მირონი როცა თავდებოდა, მხოლოდ ამ დღეებში ხდებოდა საგანგებოდ მისი ხარშვა. ამ სამი დღის განმავლობაში მხოლოდ პირველშეწირული წირვები ტარდება. ამ დროს თავიდან ბოლომდე იკითხება წმინდა სახარება. ოთხივე სახარების წაკითხვა ერთგვარი შეჯამებაა მაცხოვრის კაცთა შორის მოღვაწეობისა.
დიდი ორშაბათი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე დიდებით შევიდა იერუსალიმში. უბრალო ხალხი ქებას შეასხამდა, მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი მძვინვარებდნენ, უფალმა კი თავი აარიდა დიდებასაც და მრისხანებასაც და ბეთანიაში გაათია ის ღამე. ორშაბათს დილით იერუსალიმისკენ წამოვიდა. განთიადისას გზად შეემშია. ერთი ლეღვის ხე დაინახა, მივიდა მასთან და ნაყოფი ვერ იპოვა. მარკოზ მახარებელი სხვების ნათქვამს უმატებს: ჟამი არ იყო ლეღვის მწიფობისაო. უფალმა მისი უნაყოფობა დასწყევლა და თქვა: ნუღარა იყოფინ შენგან ნაყოფი საუკუნოდო. ლეღვი მეყსეულად გახმა. ეკლესიის მამათა ნაწილის აზრით, ეს ლეღვი სახე იყო უნაყოფო ძველი შჯულისა, რასაც წმინდა იოანე ოქროპირი არ იზიარებს. მისი აზრით, სჯულის ნაყოფი სარწმუნოებაა, ძველმა სჯულმა ნაყოფი რომ გამოიღო, ამას მოწმობს მაცხოვრის მოწაფეებისადმი ნათქვამი: "აღიხილენით თვალნი თქვენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე" (იოან. 4,35). თვითონ სიტყვები: "არა იყო ჟამი ლეღვისა" - გვაგულისხმებინებს, რომ უფალი არა შიმშილის გამო, არამედ მოწაფეთათვის, მათ გასამხნევებლად მივიდა, რათა ლეღვის განხმობის სასწაული ეჩვენებინა მათთვის, რომ ისინი შემდგომში მოძღვრის ჯვარცმისას არ დაბრკოლებულიყვნენ და გაეხსენებინათ ხის განხმობა. უფალს ასევე შეეძლო თავის დაღწევა ჯვარმცემლებისგან და ისინიც ლეღვის ხესავით გაეხმო, მაგრამ მაცხოვარმა ისინი ნებსით მიუშვა და არ ინება თავის მტანჯველებზე ძალის ჩვენება. ამასვე მოწმობს უფლის ნათქვამი: "თუ სარწმუნოება გექნებათ და არ შეორგულდებით, არათუ ამ ლეღვს, არამედ ეტყვით მთას: აღიფხვერ აქედან და ზღვაში ჩავარდიო და ასეც მოხდება".
ლიტურგიაზე წასაკითხი სახარებით წმინდა ეკლესია ღვთისგან განდგომილი იუდეველების ბედს იხსენებს. უფალი იერუსალიმის ტაძარში მივიდა თუ არა, გამოეცხადნენ მღვდელთმოძღვარნი და მოხუცებულნი ერისანი და უფალს ხალხის დამოძღვრას უკრძალავენ: რომელი ხელმწიფებით იქმ ამას, ვინ მოგცა ამის ნებაო. მართლაც რომ საოცარია. უფალმა ორი დღის წინ ოთხი დღის მკვდარი ლაზარე გააცოცხლა. მღვდელმთავარნი კი კვლავ იმას ეკითხებიან, "რომლითა ხელმწიფებითა იქმ ამასო". უფალი მათ კითხვას კითხვითვე მიუგებს: ჯერ ის მითხარით, იოანეს ნათლისცემა ზეცით იყო თუ კაცთაგან და მერე გეტყვითო. მღვდელმთავრებმა ვერაფერი მიუგეს: ხალხი ხომ ეტყოდა, თუ ზეციდან იყო, რად არ მიიღეთო. კაცთაგან იყოო - ამის თქმას კი ვერ ბედავდნენ, რადგან უბრალო ერს იოანე ნათლისმცემელი წინასწარმეტყველად მიაჩნდა. მერე კი უფალმა მათ ორი იგავი უთხრა, რომელთაც საერთო აზრი ჰქონდა: "ამისთვის გეტყვი თქვენ, - მიმართავს მღვდელმთავრებს და მათი სახით თავის უარმყოფელ ურიებს, - მიგეღოს თქვენგან სასუფეველი ღმრთისაი და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდნენ ნაყოფსა მისსა". ქრისტე მაცხოვარი ასევე ბრძანებს იგავს მეფის ძის ქორწილისა, რომელზეც დაპატიჟებული ხალხი არ მივიდა. მაშინ მეფემ თავის მონებს გზაზე საგლახაკოდ გამოსულ კაცთა მოკრება და საქორწინო სუფრაზე მოყვანა უბრძანა, მათ შორის იყო ისეთიც, რომელსაც საქორწინე სამოსელი არ ეცვა, ანუ არ ჰქონდა კეთილი საქმეები და განგდებულ იქმნა ქორწილიდან.
უფალს გამოსაცდელად ფარისევლებმა მოწაფეები მიუგზავნეს და ჰკითხეს: კეისარს მივცეთ თუ არა ხარკიო. უფალმა მათ მონეტა აჩვენა, რომელზეც კეისარი იყო გამოსახული და უთხრა, - მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა. მერე კიდევ ერთელ ამხილა ფარისეველნი და მწიგნობარნი და ბოლოს უთხრა: "აჰა ესერა დაეტეოს თქვენგან სახლი თქვენი ოხრად, რამეთუ გეტყვი თქვენ: "არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ - კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა".
ტაძრიდან გამოსულ მაცხოვართან მოწაფენი მოვიდნენ და ჰკითხეს, - ნუთუ ეს ულამაზესი ტაძარიც განადგურდებაო. უფალმა კი ბრძანა: რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩებაო. ზეთისხილის მთაზე ჩამოჯდა უფალი, გაოცებულმა მოწაფეებმა ჰკითხეს, როდის დაინგრევა ტაძარიო. მაცხოვარმა მათ იერუსალიმის დანგრევის და ქვეყნის აღსასრულის ნიშნები გააცნო და მორწმუნეებს ყოველთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა. მოუთხრო მათ იგავები ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ, ბოლოს კი უთხრა: იცით, რომ ორი დღის შემდეგ ძე კაცისა ჯვარცმად მიეცემაო?
დადგა დიდი ოთხშაბათიც, ის ღამე მაცხოვარმა სვიმონ კეთროვნის სახლში გაატარა. იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს მაცხოვრის მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება გადაეწყვიტათ, მოუხდა ვინმე დედაკაცი, რომელმაც ინახით მჯდომ მაცხოვარს თავზე ძვირფასი ნელსაცხებელი უხვად გადაასხა, რითაც, როგორც თვით მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფვლელად მოამზადა. საპირისპიროდ დედაკაცისა, მაცხოვრის თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის იუდას უმადურ სულში საკუთარი მოძღვრის გაცემის სურვილი ჩაისახა. წავიდა მღვდელმსახურებთან, მიითვალა მათგან ოცდაათი ვერცხლი და ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა იესოს გასაცემად...
დიდ ორშაბათს წყდება დიდი მეტანიები, რომელთაც ეფრემ ასურის ლოცვის, "უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო" - დროს ვასრულებთ. ამის მერე ამ ლოცვას პარასკევამდე მხოლოდ მონაზვნები ასრულებენ სენაკში.
აქვე უნდა ითქვას ხალხურ ჩვეულებაზე - "ჭიაკოკონობაზე". ჩვენში დიდ ოთხშაბათს ვეებერთელა კოცონებს ააგუზგუზებენ ხოლმე და მათზე გადახტომით ვითომდა კუდიანებს განდევნიან. ცეცხლთაყვანისმცემლობის, მაზდეანობის რიტუალი - ცეცხლით განწმენდისა საქართველოში ირანის ბატონობის მერე უნდა შემოსულიყო და საერთო არა აქვს ქრისტიანობასთან. კუდიანებს და საკუთარ სულში ჩამალულ ვნებებს ცეცხლზე გადახტომით ვერ განდევნი, ამგვარი წარმართული ჩვეულებების მიდევნამ კი შეიძლება პირიქით - საუკუნო ცეცხლს მიგვცეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი