ძველად წირვაზე მოსულ ქრისტიანებს თან პური და ღვინო მოჰქონდათ წმინდა ზიარებისთვის, ამიტომაც უწოდებდნენ კვეთას "პროსკომიდიას", რაც ბერძნულად მოტანას ნიშნავს.
წმინდა ზიარების შესასრულებლად პური და ღვინოა აუცილებელი. პური გაფუებული უნდა იყოს - სწორედ ასეთი პური იხმარა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე. ამ გაფუებულ პურს სეფისკვერი ეწოდება. ღვინო ყურძნისა უნდა იყოს, თავად მაცხოვარიც ხომ ყურძნის ღვინით ეზიარა საიდუმლო სერობაზე. წითელი კი სისხლის ფერია.
ტრადიციულად, წირვის დაწყებამდე ქრისტიანები სეფისკვერს შეიძენენ და მოსახსენებლებთან ერთად საკურთხეველში აგზავნიან.
სეფისკვერი, როგორც აღვნიშნეთ, სუფთა საფუვრიანი ცომისგან გამომცხვარი კვერია. ის უნდა იყოს: 1) მრგვალი; 2) ორნაწილიანი, ქრისტეს ორბუნებოვნების აღმნიშვნელი - ღვთაებრივისა და ადამიანურისა; 3) თავზე გამოსახული უნდა ჰქონდეს ჯვარი, ნიშნად იმისა, რომ ის ღვთისმსახურებისთვისა არის განკუთვნილი; 4) ჯვარზე კი გამოსახული უნდა იყოს წარწერა: "იესუ ქრისტე ძლევა", რაც იმას ნიშნავს, რომ მაცხოვარმა ყველას სძლია.
წირვის ჩასატარებლად ხუთი მოზრდილი სეფისკვერი მზადდება. თითოეულს თავისი მნიშვნელობა აქვს. წირვის პირველ ნაწილში მღვდელი ასრულებს კვეთას - ხუთივე სეფისკვერიდან ნაწილებს ამოიღებს. პირველი სეფისკვერი სიმბოლურად მაცხოვარს - ჩვენთვის დაკლულ (შეწირულ) ღვთის ტარიგს განასახიერებს. ევქარისტიული კანონის შესრულების შემდეგ მისგან ამოღებული ნაწილებით მორწმუნეებს აზიარებენ. კვეთის დროს მღვდელი კითხულობს ლოცვებს, რომლებშიც მაცხოვრის შობა, ვნება, მის შესახებ წინასწარმეტყველებანი და სწავლანი მოიხსენიება. მეორე სეფისკვერიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ამოიღება ნაწილები, მესამიდან - წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, მღვდელმთავართა, მოწამეთა, აღმსარებელთა და ყოველთა წმიდათა სახელზე; მეოთხიდან - ცოცხალთათვის; მეხუთიდან კი - მიცვალებულთათვის. ამავე დროს ხდება მორწმუნეთა მიერ შეგზავნილი პატარა სეფისკვერების კვეთა და მოსახსენებელში ჩამოწერილ მონათლულ ქრისტიანთა სახელების მოხსენიება.
ყოველი სახელის მოხსენიების შემდეგ მღვდელმსახური სეფისკვერის ნაწილს ამოკვეთს სიტყვებით: "მოიხსენე, უფალო, (მიუთითებს ჩვენ მიერ ჩაწერილ სახელს)". ეს ნაწილებიც საღვთისმსახურო სეფისკვერიდან ამოკვეთილ ნაწილებთან ერთად ფეშხუმზე ეწყობა. ფეშხუმზე ამ რიგით დაწყობილი სეფისკვერთა ნაწილები ქრისტეს ეკლესიის სიმბოლოა.
მოსახსენებელი
წირვის დროს მორწმუნენი ტაძრის საკურთხეველში გზავნიან მოსახსენებელს, რომელშიც მხოლოდ იმათ სახელთა ჩაწერა შეიძლება, ვინც მართლმადიდებელ ეკლესიაშია მონათლული.მოსახსენებლის ერთ ნაწილში ცოცხლებს ვიხსენიებთ, მეორეში კი გარდაცვლილებს. ცოცხალთათვის განკუთვნილ მოსახსენებელს ასევე ეძახიან მოსახსენებელს "ჯანმრთელობისთვის". ჯანმრთელობის ცნება მხოლოდ ფიზიკურ სიჯანსაღეს არ გულისხმობს, ის ადამიანის სულიერ მდგომარეობას, მატერიალურ კეთილდღეობასაც მოიცავს. ამდენად, თუ ისეთი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ვლოცულობთ, რომელმაც მრავალი ბოროტება ჩაიდინა, უფალს შევთხოვთ, შეცვალოს მისი შინაგანი მდგომარეობა და ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი კაცი სიკეთისკენ მოაქციოს.
ამ მოსახსენებელში ყველა იმ ადამიანის სახელი უნდა ჩავწეროთ, ვისაც ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ცხონებას ვუსურვებთ. უპირველესად, ცხადია, პატრიარქს ვწერთ, შემდეგ - ეპარქიის მღვდელმთავარს, რომელიც მისთვის ჩაბარებული სამწყსოსთვის წირვა-ლოცვას აღავლენს უფლის წინაშე. მის შემდგომ უნდა ჩავწეროთ სულიერი მოძღვრის სახელი, რომელიც თავისი სამწყსოს ქრისტიანულ ცხოვრებას წარმართავს, მათი სულის ცხონებისთვის ზრუნავს და ლოცულობს. მერე იწერება მშობლების სახელები, ჩვენი სახელი, ოჯახის წევრთა, ახლობლებისა და ნათესავების სახელები... დასასრულს, თუკი მოძულენი, მაჭირვებელნი, მოშურნენი ან სულაც მტრები გყავთ, მოსახსენებელში მათი სახელებიც ჩაწერეთ, რამეთუ უფალმა ბრძანა: "გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მაწყევართა თქუენთა და კეთილს უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ" (მთ. 5,44). მტრისთვის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. მრავალი შემთხვევაა ცნობილი, როცა საეკლესიო მოსახსენებელში მისი სახელის ჩაწერის შედეგად მტერი კეთილისმსურველად ქცეულა.
მოსახსენებლის მეორე ნაწილი მიცვალებულთა სახელზეა. მასში იმ გარდაცვლილთა სახელები იწერება, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასნი და ახლობელნი არიან.