ასეა თუ ისე, პატარა დაბადების პირველივე თვეებიდან განიცდის შიშს. თავიდან მას მკვეთრი ხმები აფრთხობს, მოგვიანებით - უცნობი გარემო და უცხო ადამიანები, რაც სრულებით ბუნებრივია. უზარმაზარი და უცნობი სამყარო პატარას სიმყუდროვეს ვერ აგრძნობინებს. ეს იგივეა, უფროსებმა უეცრად უცხო, გოლიათებით დასახლებულ პლანეტაზე რომ ამოყონ თავი.
თავიდან მშობლები ბავშვების შიშებს გაგებითა და თანაგრძნობით ეკიდებიან, მაგრამ ძალიან მალე მათი დამოკიდებულება იცვლება. უცხო კაცით ან ძაღლით შეშინებულ ბავშვს სამი, ოთხი ან ხუთი წლის ასაკში უკვე ხშირად ესმის: "როგორ არ გრცხვენია?! შენ ხომ უკვე დიდი ხარ!"
ასეთი მიდგომა არამართებულია. თუ ბევრ ბავშვურ პრობლემაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დროთა მანძილზე მათ გადაიტანს, შიშებთან დაკავშირებით საქმე სულ სხვაგვარადაა და მდგომარეობაც არცთუ სანუგეშოა. ბავშვის ზრდასთან ერთად ხშირ შემთხვევაში შიშებიც იზრდება. რაც უფრო ფართოვდება მისი მსოფლაღქმა და ვითარდება ფანტაზია, მით მეტად აცნობიერებს საშიშროებებს, რომელნიც ჩვენს საფრთხით აღსავსე სამყაროში სდევს ადამიანს, განსაკუთრებით დღეს, როდესაც დედამიწა განსაკუთრებულად არასტაბილური და აგრესიით აღვსილია. ამის შედეგია, რომ ბოლო პერიოდში სპეციალისტები ბავშვთა შიშების საოცარ ზრდას აფიქსირებენ, რაც უდავოდ საგანგაშოა.
თუმცა უკიდურესობებს უნდა ვერიდოთ, რადგან ბავშვები, რომლებსაც არაფრის ეშინიათ და მზად არიან ყოველგვარი სისულელეების ჩასადენად, თავადვე ხდებიან გაცილებით სახიფათონი.
მსგავს "უშიშრობას ვხვდებით, მაგალითად, ზოგიერთი ფსიქიკური სნეულებისას. ამ გაგებით, მშიშარა ბავშვი ნაკლებ მღელვარებას მოუტანს მშობელს. იგი ფრთხილია, მარცხიც იშვიათად მოსდის, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ზღვარი ნორმალურ, თავდაცვით და პათოლოგიურ შიშებს შორის ხშირად წაშლილია. შიშები, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ბავშვს ცხოვრებას ურთულებს, ჯიჯგნის მის ფაქიზ სულს და ნერვულ აშლილობას იწვევს. ტიკები, უნებლიე მოქმედებები, ენურეზი, ენის ბორძიკი, ცუდი ძილი, აგრესიულობა, დაბნეულობა, გონებაგაფანტულობა, გარემოსთან არაკონტაქტურობა და ყურადღების დეფიციტი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ შედეგებისა, რასაც გადაულახავი ბავშვური შიშები იწვევს. ზოგჯერ შიში, შესაძლოა, გაცილებით სერიოზულ ფსიქიკურ სნეულებებზე (შიზოფრენია, აუტიზმი) მიანიშნებდეს, მაგრამ, რასაკვირველია, დიაგნოზის დასმა ჩვენი კი არა, ექიმთა პრეროგატივაა.
მაგრამ რა უნდა მოიმოქმედონ მშობლებმა ან როგორ დაეხმარონ პატარა მშიშარას?
უპირველესად, კრიტიკულად უნდა შევაფასოთ ოჯახური სიტუაცია და გავაანალიზოთ ჩვენი ქმედებანი. ძალზე ხშირად შიშები იმ ბავშვებს უჩნდებათ, რომლებსაც მეტისმეტად აკონტროლებენ. თითქოს მეთვალყურეობა ბავშვში დაცულობის განცდას და შინაგან კომფორტს უნდა ბადებდეს, მაგრამ ასე სულაც არ გახლავთ. როდესაც ბავშვის მისამართით ზედმეტ მზრუნველობას იჩენენ, იგი თავს პატარად და სუსტად აღიქვამს, სამყარო კი მრისხანედ და მტრულად ეჩვენება და რადგანაც ასეთი ბავშვი, ფაქტობრივად, არ იცნობს სამყაროს (ამის საშუალებას არ აძლევენ), ცოდნის ნაცვლად ფანტაზიას მიმართავს. ის, რაც არ ვიცით, მოგეხსენებათ, ორმაგად სახიფათოდ გვეჩვენება.
ამიტომ, რაც უნდა დიდი იყოს ცთუნება, რომ ბავშვი სიბერემდე ჩვენს ფრთებქვეშ ვამყოფოთ (უფროსებისთვისაც გაცილებით მშვიდობისმომტანია ეს მდგომარეობა), ჭკვიანი მშობლები საკმაოდ ადრე, სკოლამდე უშვებენ ბავშვს "თავისუფლად სანავარდოდ". რასაკვირველია, ეს დროთა განმავლობაში, ასაკისა და მოზარდის ხასიათის გათვალისწინებით ხორციელდება. ასეთი ბავშვი უფრო ადრე ხვდება, გარესამყაროში რა მართებულია და რა - არა. მაგალითად, პატარა ქალაქებში ცოტა მანქანაა და, დედაქალაქთან შედარებით, ცხოვრებაც გაცილებით უსაფრთხოა. ასეთი დეტალების გათვალისწინება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვის კომპლექსების მიზეზი უფრო იზრდება - მასში მძლავრობს შიში, არ გახდეს თანატოლთა ქილიკის ობიექტი, რაც იმაზე მტანჯველი გრძნობაა, ვიდრე უფროსები წარმოიდგენენ.
გარდა ამისა, ბავშვთა შიშებს ხშირად ოჯახური კონფლიქტები იწვევს და ამას უფროსები ვერც წარმოიდგენენ, რადგან ბავშვებს ძალუძთ, გარეგნულად არ შეიმჩნიონ შინაგანი შფოთვა. გარეგნულად თითქოს არც აღელვებთ უფროსების კონფლიქტი და შეუძლიათ, ყვირილისა და ჩხუბის ფონზე წყნარად განაგრძონ თამაში თავიანთ კუთხეში. თუმცა არაადეკვატური და გულგრილი რეაქცია ურეაქციობას სულაც არ ნიშნავს, იგი, უბრალოდ, დროებით იჩქმალება და სულ სხვა, სრულიად მოულოდნელ ფორმებში გამოიხატება. მაგალითად, ბავშვი უეცრად ენის ბორძიკს იწყებს, ძილში შარდავს, უჩნდება სიბნელის, მარტოობის და მოჩვენებების შიში...
მაგრამ ჰიპერმზრუნველობა ხომ მსგავს რეაქციებს ყველა ბავშვში არ იწვევს?! სხვა ხასიათის ბავშვი ცდილობს ბუნტი მოაწყოს, ნეგატიური რეაქციები გამოავლინოს, იფლიდოს, იმლიქვნელოს, ჯიუტად დაარღვიოს "წესები"...
ოჯახური კონფლიქტი ყველას ერთნაირად არ აზიანებს. მთავარია, არა ზოგადად შინაგან მდგომარეობაში ჩაკირკიტება, არამედ ბავშვის ფსიქიკის თავისებურებათა გაგება. გულნატკენი, მგრძნობიარე, შთაბეჭდილებათა ადვილად მიმღები ბავშვები უფრო ხშირად ითრგუნებიან შიშებით.
განსაკუთრებით ბიჭუნებს უმძიმთ, რადგანაც მათგან გაცილებით მეტ სიმამაცეს მოელიან. თანამედროვე მასკულტურაც ხომ სუპერმენებზეა ორიენტირებული, ამიტომ ფაქიზი ბუნების ბიჭს თითქოს ორმაგად ავიწროებენ: მას არა მხოლოდ შიში თანგავს, არამედ სირცხვილიც საკუთარივე შიშის გამო. მშობლებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასცინონ ასეთ მშიშარა პატარას, რასაც ხშირად სჩადიან "აღმზრდელობითი თვალსაზრისით", განსაკუთრებით კი - მამები. მაგრამ ოდენ იმას აღწევენ, რომ პატარა კიდევ უფრო იკეტება საკუთარ თავში და უფროსებისადმი ნდობას კარგავს.
შესაძლოა, მშვიდ გარემოში, როდესაც ბავშვს არაფრის ეშინია და არ ნერვიულობს, მასთან ერთად გაიცინო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უნდა გვახსოვდეს: უნდა გავიცინოთ არა მასზე, არამედ მის შიშზე.
ამის გარდა, სასარგებლოა, როდესაც მშობლები (პირველ რიგში კი - მამები) შვილებს თავიანთ ბავშვურ შიშებზე უამბობენ, რადგან ეს პატარებში თავდაჯერებულობას წარმოშობს.
მსგავსი ისტორიები, შესაძლოა, გამოვიგონოთ კიდეც, მთავარია, სასაცილო იყოს. ავტორიტეტის დაკარგვის არ შეგეშინდეთ, პირიქით, ამით ბავშვს უფრო დაუახლოვდებით. როდესაც მშობლები ოლიმპოს კერპებივით უცოდველნი, ძლიერნი და მიუწვდომელნი არიან, ბავშვს ეს განუზომლად ამძიმებს.
დიდი ფსიქოლოგი, გუსტავ იუნგი წერდა: "მამა რომ ფიზიკურად მართლა ფლობდეს წარმოუდგენელ შესაძლებლობებს, ვაჟები უცილობლად დახოცავდნენ საკუთარ მამებს ან თავად იტყოდნენ მამობაზე უარს, რადგან რომელ ზნეობრივ ადამიანს ძალუძს იტვირთოს ასეთი არათანაბარი პასუხისმგებლობა?!"
როდესაც პატარებს შიშების დაძლევაში ვეხმარებით, სწრაფ შედეგს არ უნდა ველოდოთ. მოცემულ შემთხვევაში, როგორც არასდროს, უპრიანია ანდაზა: "მოჩქარეს მოუგვიანდესო". უმჯობესია, შიშები თანმიმდევრულად, განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე დაიძლიოს, რომ ისინი თავისთავად განიფანტონ.
მაგრამ, ამასთან ერთად, მყარად უნდა ჩავუნერგოთ, რომ მან უკვე ბევრ რამეს სძლია საკუთარ თავში, რასაც ადრე (დაე, ეს არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს) გაცილებით უფრთხოდა. ნებისმიერი, თვით ყველაზე უმნიშვნელო გამარჯვებაც კი (ვთქვათ, წამით შეიხედა ბნელ ოთახში, რასაც ადრე კატეგორიულად უფრთხოდა) უზარმაზარ მიღწევად უნდა ჩავუთვალოთ, ამის შესახებ უნდა ვუამბოთ ახლობლებს, მაგრამ აუცილებლად ბავშვის თანდასწრებით და მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვს საკუთარი შიშები იმაზე ძლიერ ტანჯავს, ვიდრე წარმოგიდგენიათ და როგორც კი ამას გააცნობიერებს, დაძლევს კიდეც მათ. თქვენი ქება კი მისთვის ისეთივე მნიშვნელობის იქნება, როგორიც გაღვივებული ხორბლისთვის - მზის სხივი.
უკანასკნელ ხანს თამაშის მეთოდები აქტიურად შემოვიდა პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში. სპეციალისტები დარწმუნდნენ, რომ თამაში ბავშვის ფსიქიკაზე ზემოქმედების უმძლავრესი ინსტრუმენტია, თუმცა ზოგი მშობელი მას ოდენ გართობას უწოდებს.
მსგავსი თამაშების მეშვეობით სკოლამდელები და დაწყებითი კლასების მოსწავლეები უკეთ ითვისებენ არა მხოლოდ ცოდნას, არამედ სხვა, ძალზე ბევრ საჭირო უნარ-ჩვევასაც და თავისთავად, შეუმჩნევლად იწყებენ საკუთარი ქცევების კორექტირებასა და ფსიქოლოგიური სიძნელეების დაძლევას. ასე რომ, თამაშით გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე ზნეობრივი გაკვეთილებით.
სხვა საქმეა, რომ ბავშვთან თამაში ბევრ დიდს უჭირს, ეს მათთვის უკვე უცხოა. ყველაზე მარტივი "დედაშვილობანაც" კი ცოცხალ ფანტაზიას და შემოქმედებითობას მოითხოვს, რაც უფროსებში ძალზე ხშირად გაფლანგულია.
მშობლები, რომლებსაც პრობლემები აქვთ შვილებთან (თუმცაღა რომელ მშობელს არ აქვს მსგავსი პრობლემები?!), უნდა ხვდებოდნენ, რომ მონდომება სიბერის ჟამს დაუფასდებათ. ბავშვთან სათანადო ურთიერთობა თამაშის საჭირო მიმართულებით, ტაქტიკურად წარმართვა მშობლებს შეუდარებელ, წარმოუდგენელ შედეგებს მოუტანს.
ტატიანა შიშოვას მასალების მიხედვით
მოამზადა მანანა ტუაევამ
მოამზადა მანანა ტუაევამ