- ეკლესიაში სიარული, წირვა-ლოცვაზე დასწრება, აღსარება-ზიარება და ღმერთთან ურთიერთობა დიდი ბედნიერებაა. მით უმეტეს, თუ ამას ჩვენი შვილები შეძლებენ. გადამწყვეტი სიტყვა აქ მშობლებს ეკუთვნით, შემდგომ იმ ადამიანებს, ვინც ბავშვს ძალიან უყვარს, ასევე პედაგოგებს. პატარა ქრისტიანს უნდა დავანახოთ საჭიროება, აუცილებლობა სამყაროს შემოქმედთან ურთიერთობისა. ამ დროს სიტყვაზე მეტად ჩვენი, პირადი მაგალითი ჭრის, რომელსაც პატარა ხედავს.
ღმერთთან ურთიერთობა გულისხმობს ეშმაკის შეურაცხყოფას და ისეთი ცხოვრების წესის არჩევას, როდესაც ქრისტიანი თავისი ყოფიდან შეგნებულად გამორიცხავს უფლის ღალატს, ცოდვის ჩადენას, მცნებების დარღვევას, ფარისევლობას, სიბილწეს დაა ყოველგვარ უკეთურებას. ძალიან კარგია, როდესაც გვსურს ჩვენი შვილები უნაკლონი იყვნენ, ღმერთს ადიდებდნენ და ეშმაკს შეურაცხყოფდნენ, მაგრამ ეს როგორ უნდა აღსრულდეს? შვილებს ჩვენვე უნდა ვაჩვენოთ პირველ რიგში ჩვენი ცხოვრების წესი და ის საქმეები, რომელიც უფალს ესათნოება. ის, რაც მშობელს გულით უყვარს, ბუნებრივია, შვილსაც ეყვარება, თუ მისთვის მშობელი ავტორიტეტს წარმოადგენს.
მშობელი როგორიც არის, შვილებიც, უმეტეს შემთხვევაში, ისეთები იზრდებიან. თუ გვინდა, რომ შვილები სრულყოფილად აღვზარდოთ, ჩვენ თვითონ უნდა გავუძღვეთ მას სრულყოფილების გზაზე, რამეთუ შვილი მშობლისგან გათელილ გზას ადვილად გადის. ცოცხალი მაგალითები დიდ ძალას აძლევს მათ.
***
პატარა აუცილებლად უნდა გავათავისუფლოთ ცრუ ავტორიტეტებისგან. უნდა ვხედავდეთ, ვინ უყვარს მას ყველაზე მეტად. თუ შეიყვარა უსახური "სპაიდერმენი", ან როკ-მომღერალი, ან რეკლამირებული სპორტსმენი და სხვა, გაუუცხოვდება საკუთარ ოჯახს. მშობლები მის თვალში დამცირებული, წარუმატებელი, არაანგარიშგასაწევ ადამიანებად გამოჩნდებიან და ამით დაინგრევა ოჯახური ერთობა. ჩვენ ყოველთვის ძლიერი ოჯახური წყობა გვქონდა და ეს ინარჩუნებდა ჩვენს სიცოცხლეს ისტორიის ურთულეს პერიოდში. ოჯახურ წყობაში ვგულისხმობ მშობლებისგან შვილზე უსაზღვრო ზრუნვას, შვილებისთვის კი მშობლები იყვნენ უპირველესი ავტორიტეტები უფლის შემდგომ. ქართველი სადაც დაიბადა, თავის ქვეყანას, მშობელთა სამყოფელს ანუ სამშობლოს ეძახის.შვილებისთვის ოჯახი მშობლიური გარემო უნდა იყოს, სადაც იგი იზრდება სიხარულში. მშობელმა უნდა შეაყვაროს ღმერთი, ეკლესია, სამშობლო, მოყვასი და ასე შემდეგ. პატარას ყველაზე მეტად მშობელთან ყოფნა უხარია. შვილებს სჭირდებათ მშობელი, ისე როგორც ახალნერგს - ძლიერი ჭიგო. პატარა მცენარეს თავიდან ნაყოფი ვერ გამოაქვს, ჭიგოთი დაცულია, ძლიერი ფესვთა სისტემა უნდა ჩამოიყალიბოს, არ გამრუდდეს და თუ ყველაფერი კარგად წავა, გაიხარებს, გაიზრდება, გაძლიერდება, სრულყოფილი გახდება და თავის დროზე ნაყოფს გამოიღებს. ასევეა პატარა, ის გონივრულ თანადგომას საჭიროებს.
***
ბავშვს პატარაობიდანვე უნდა დავეხმაროთ, რომ ბოროტებას არ შეეხოს. ბოროტება მაცდუნებელია ანუ გარეგნულად მომხიბვლელი. მშობელმა შვილი თუ არ დაიცვა, დემონი ადვილად მოატყუებს პატარას და შეუსახლდება მას ცუდი თვისებების, არასწორი აზროვნების ჩამოყალიბების საშუალებით. ანიმაციური ფილმებიც კი უნდა შევურჩიოთ, სადაც ძალადობის სცენები არ იქნება, თორემ აგრესიულობას და ძალადობას ცხოვრების წესად დაისახავს. სათამაშოები და თამაშიც არ უნდა იყოს დატვირთული აგრესიით, დაუნდობლობით, ეროტიკული ელემენტებით, თორემ თუ მშობელს ეს გამოეპარა, ბავშვი გამრუდებით გაიზრდება. იქნება ძალზე აგრესიული მშობლის, საზოგადოების მიმართ. ასეთი პიროვნებისათვის ძნელია ერთბაშად ცუდი თვისებებისაგან დაიცალოს და ეკლესიურ ადამიანად ჩამოყალიბდეს.***
ჩვენი ერის თანამედროვე მდგომარეობა შეესაბამება ათეისტურ ხანგამოვლილ ქვეყანას. ვცდილობთ გავხდეთ ქრისტიანები, ეს მარტო გარეგნული იერსახის შეცვლით ვერ მიიღწევა. ადამიანმა უნდა შეიცვალოს შინაგანი სამყარო და ფერი იცვალოს. კაცი უმიზნოდ, იდეის გარეშე ვერ იცხოვრებს. თუ მისი მიზანი არ არის ღმერთთან ერთობა, სამშობლოს სიყვარული, პატიოსნება, მაშინ ადამიანი იგონებს თავის მიზანს, შემოფარგლავს თავის ტერიტორიას და ცდილობს, "სამოთხე" შეიქმნას.2008 წლის 13-19 ოქტომბერს "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა შედეგი გამოკითხვისა: "რა არის უმთავრესი ღირებულება ჩვენს ცხოვრებაში?" პირველ ადგილზეა ჯანმრთელობა, შემდეგ უსაფრთხოება, მატერიალური კეთილდღეობა და ასე შემდეგ. სულიერება მეშვიდე ადგილზეა. ჩვენც ვხედავთ, რომ ეს ასეა... ამ მიზანს, ანუ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ემსახურება ჩვენი ერის უმეტესობა ყოველდღიური ცხოვრებიდან დაწყებული და თუნდაც შვილების აღზრდით დამთავრებული. მიზანი განსაზღვრავს ყველაფერს ჩვენს პირად და საზოგადო ცხოვრებაში.
***
ადამიანს უნდა ჰქონდეს იდეა, მიზანი, რომლისთვისაც იგი იცხოვრებს, იღვაწებს და თუ საჭირო იქნება, თავსაც გაწირავს. ოჯახმა, სკოლამ, ეკლესიამ მოზარდს უნდა დაანახოს, რა არის მთავარი მიზანი ადამიანის ცხოვრებაში და ასწავლოს, "პატარ-პატარა" მიზნები როგორ დაუმორჩილოს მთავარს. ყველამ, ვისაც შეხება გვაქვს მომავალ თაობასთან, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ წესრიგის მოყვარე ადამიანები აღვზარდოთ, რათა მათ შეძლონ საკუთარი, პირადი ცხოვრების ორგანიზება. ეს რომ მოახერხონ ჩვენმა შვილებმა, პირადი მაგალითი და ცხოვრების წესი უნდა დავანახოთ. თუკი მშობელი შეძლებისდაგვარად არის სრულყოფილი, ბოლომდე ერთგული და თავდადებული კეთილ საქმეში, თუ მთელი ძალით შეიყვარებ უფალს, ბუნებრივად ხდები ავტორიტეტული და სანდო პატარა ადამიანისთვის. პატარა თუ ჩათვლის, რომ შენ ხარ უეჭველად კეთილი, ის კიდეც მოგენდობა და მთელი გულით შეგიყვარებს. თავის ცხოვრებაში კი ეცდება მოგბაძოს, რთულ სიტუაციებში გაახსენდები და ბურჯად ეყოლები. თუ არ მოგენდო, გულსაც არ გაგიხსნის ანუ თავის შინაგან სამყაროში არ შეგიშვებს. მერე ელაპარაკე, რამდენიც გინდა, თავს დაგიქნევს, მაგრამ მაინც ისეთი იქნება, როგორი "ავტორიტეტიც" ჰყავს.შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი "ავტორიტეტებში" უნდა იზრდებოდეს და "იდეალური" ადამიანი საძებარი არ უნდა ჰყავდეს. ასეთები უნდა იყვნენ მისი მშობლები, ნათლიები, ბებია-ბაბუები, ნათესავები, ოჯახის მეგობრები, მეზობლები, სკოლაში - დამრიგებელი, დირექტორი, პედაგოგები, ეკლესიაში, მისი მოძღვარი, სხვა მოძღვრები, ტაძრის მსახურები, ღმერთის ერთგული ქრისტიანები. ასეთ სიტუაციაში იმ იდეის მსახური იქნება, რომელსაც მისი საყვარელი ადამიანები ემსახურებიან.
***
ფსიქოლოგთა რჩევით, ბავშვმა თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, 5-6 წლამდე ასაკი მშობელთან უნდა გაატაროს, სიყვარულსა და ერთობაში. ამის საპირისპიროდ არის ტენდენცია, რომ პატარა დედის ნაცვლად ძიძამ აღზარდოს ან საბავშვო ბაღში ატარონ, რათა პატარებმა იქ ისწავლონ ლექსები, სიმღერები, ცეკვები, თანატოლებთან ურთიერთობა, გახდნენ დამოუკიდებლები და ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად. ეს ლოგიკურად ჩანს და მშობლის კეთილი მსურვილებიდან მოდის, მაგრამ ფსიქოლოგთა კვლევა მოწმობს, რომ მშობლიურ გარემოს ბავშვს ვერაფერი ჩაუნაცვლებს. ყრმობის ასაკში ოჯახისგან ძალით მოწყვეტა იწვევს ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელიც შემდგომში აუცილებლად ვლინდება აგრესიულობით, გაუცხოებით, უნდობლობით, უპატივცემულობით და სხვა მანკიერი თვისებებით, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ასაკში გამოავლინოს შვილმა მშობლების მიმართ.***
ჩვენ წარსულშიც გვყავდა და დღესაც მრავლად გვყავს ღირსეული ოჯახები და პიროვნებები, რომელნიც ღირსეულ მაგალითად შეიძლება წარმოვიდგინოთ იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა.მინდა გავიხსენო ჩვენი უმდიდრესი ისტორიიდან ხერხეულიძეთა წმინდა ოჯახი. ხერხეულიძეებმა სიცოცხლე გაწირეს მარაბდის ბრძოლაში ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით. ვიცით, რომ ისინი იყვნენ "გორგასლიან-დავითიან-თამარიანი" წმინდა დროშის მცველები. ბრძოლისას ერთიმეორის მიყოლებით იღუპებოდნენ, ბოლოს, როდესაც ცხრავე ძმა დაიღუპა, დროშა მათმა პატარა დამ იტვირთა, რომელიც ასევე დაეცა ბრძოლის ველზე. უდიდესი სიწმინდე, ჩვენი უძველესი და ისტორიული დროშა ბრძოლის ველიდან გამოიტანა მედროშეთა დედამ, მანდილოსანმა, რომელსაც ათი შვილი დაეღუპა ერთ დღეს ბრძოლის ველზე. ათი შვილის შობასა და აღზრდას ხომ მთელი ცხოვრება სჭირდება. როდესაც დედამ თავისი ათი შვილის ღირსეული აღსასრული იხილა, სასოწარკვეთაში კი არ ჩავარდა, არამედ შვილების ქცევით აღფრთოვანებულმა წმინდა დროშა, ღვთისგან ნაკურთხი, წინაპრისა და საკუთარი შვილების სისხლით გაპატიოსნებულ სამშობლოს შეუნარჩუნა. აი, მიზანიც და ცხოვრებაც. ასე ცხოვრობდნენ წმინდანები, ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, რომელთაც სწორი მიზანი ჰქონდათ ცხოვრებაში.