მშობლებმა უნდა უზრუნველყონ შვილები. "ზოგი ცოლ-ქმარი ცდილობს, უპირველესად სხვადასხვა პრობლემა მოაგვაროს და მერე იწყებს ბავშვების გაჩენაზე ფიქრს. ასეთი ხალხი ანგარიშს არ უწევს ღმერთს.
სხვა ცოლქმრული წყვილი ამბობს: ახლა ცხოვრება გაძნელდა და ერთი ბავშვიც საკმარისია. იმ ერთის გაზრდაც კი ძნელიაო. ამიტომაც სხვა შვილებს აღარ აჩენენ. ასეთებს არ ესმით, როგორ სცოდავენ ამგვარი ფიქრით, ღვთისადმი უნდობლობით. ღმერთი გულშემატკივარია, მას ადვილად შეუძლია, შვილთა მიცემა შეუწყვიტოს ცოლ-ქმარს, როცა დაინახავს, რომ მათ მეტის გაზრდა აღარ შეუძლიათ", - ბრძანებს პაისი ათონელი.
წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "პირველ რიგში გამოსახე სული შენი ვაჟისა, ქონებას კი ის მერე მოიხვეჭს. თუ მას სული კარგი არ ექნება, მცირეოდენ სიკეთესაც ვერ ნახავს ის ფულისგან. და პირიქით, თუ სწორ განათლებას მისცემ, სიღარიბე ვერაფერს ავნებს. გსურს, შვილი გამდიდრებული დატოვო? ასწავლე, რომ იყოს პატიოსანი... ბავშვებისთვის, რომელთაც სწორი აღზრდა არ მიუღიათ, სიღარიბე საუკეთესო საგანძურია. რადგან თუ პირველს (სწორ განათლებამიღებულს) მისი ნების გარეშეც (ცოდნა) სათნოებათა საზღვრებში აკავებს, მეორეს (ვისაც აღზრდილი სული არ აქვს) - კეთილგონივრულად ცხოვრების სურვილი რომ ჰქონდეს, ქონება ამის ნებას არ აძლევს, არამედ გაიტაცებს, დაამხობს და უამრავ დანაშაულს ჩაადენინებს... თუ კეთილმოშიშება არა აქვს, მაშინ საგანძურსაც გაანიავებს და სამარცხვინოდ დაასრულებს სიცოცხლეს. ამიტომ მშობლებმა შვილების ოქრო-ვერცხლით გამდირებაზე კი არ უნდა იფიქრონ, არამედ იმაზე, თუ როგორ გაამდიდრონ ისინი ღვთისმოშიშებით, სიბრძნით და სათნოებათა მოხვეჭით".
"გიხაროდეს, დედავ, ამ სიცოცხლეში და სიკვდილის ჟამსაც. შენ არ მოკვდები, რადგან შენში სიცოცხლეს ფლობ. შენი ნებით მოკვდი ამ ცხოვრებისთვის, რადგან კეთილი ღვაწლი მოიღვაწე (I ტიმ. 6,12), რადგან უარი თქვი მიწიერზე ზეციურის დაუფლების გულისთვის... უზრუნველად მიდიხარ ამ ქვეყნიდან, ანდერძის დაუტოვებლად, რადგან არაფერი გაქვს ისეთი, რომელიც შეგიძლია უანდერძო (ახლობლებს), ტყაპუჭისა და სხვა რაიმე უბრალო ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ნივთების გარდა. აქედან უკვე განშიშვლებული მიდიხარ ღმერთთან, რადგან გაქვს სული წმინდა, თავისუფალი ფიზიკური არაწმიდებისგან.
მაგრამ შენ მაინც გაქვს რაღაც, ჩვენთვის დანატოვარი - სახელდობრ, ძლიერი ლოცვა, რომლითაც გვიფარავდი ჩვენ სიყმაწვილის ჟამს, ჯვარს დაგვსახავდი, შუაღამისას აღავლენდი ლოცვებს ჩვენთვის, უფლისა მიმართ. საუნჯედ გვიტოვებ შენს დაუზარელ სწრაფვას საღმრთო მსახურებისთვის, სიყვარულს სიწმინდისადმი, სათნოების შეძენისადმი მოშურნეობას და შრომისმოყვაროების მოციქულებრივ განდიდებას", - ბრძანებს ღირსი მამა თეოდორე.
მშობლების პასუხისმგებლობა. ვისაც სურს ღირსეული შვილები ჰყავდეს, კეთილგონივრული იქნება, თუ საკუთარ თავს ღირსეულ მშობლად აქცევს, - ბრძანებს წმინდა ფილარეტ მოსკოველი.
წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: მშობლები დაისჯებიან არა მარტო თავიანთი ცოდვებისთვის, არამედ შვილებზე დამღუპველი ზეგავლენის გამოც. მიუხედავად იმისა, მოასწრო თუ არა მათი დაცემამდე მიყვანა.
წარმოიდგინე, რომ შინ ოქროს ქანდაკება გაქვს - ბავშვები, ყოველდღიურად გულდასმით მიაქციე მათ ყურადღება, ყველა საშუალებით განამშვენე და აღაშენე მათი სულები; მიბაძე ნეტარ იობს, რომელსაც თავისი შვილების ცოდვიანი ფიქრებისაც ეშინოდა, ამის გამო მსხვერპლს შესწირავდა და გულმოდგინედ ზრუნავდა მათზე. მიბაძე აბრაამს, რომელიც სიმდიდრის დაგროვებას კი არ ცდილობდა, არამედ საღვთო სჯულის კანონების შეძენას, რომ მერე შთამომავლობისთვის მათი განუხრელად დაცვა ესწავლებინა.
პატარა ნერგი ყველა მხარეს ადვილად მიიდრიკება, - ბრძანებს წმინდა ტიხონ ზადონელი, - ხოლო თუ მას ერთ მხარეს გადაწევენ და არ გაასწორებენ, დაგრეხილი გაიზრდება. ასე ემართებათ პატარებსაც, რასაც ასწავლიან - იმას მიეჩვევიან, ხოლო რასაც მიეჩვევიან, მომავალშიც იმას გააკეთებენ. "ვაი კაცს, რომლისგანაც მოვიდეს საცთური", - ამბობს ქრისტე უფალი. მშობლები, რომლებიც არათუ არ ასწავლიან შვილებს, არამედ აცდუნებენ კიდეც - გულქვა მკვლელები არიან. რადგან მკვლელი მხოლოდ ხრწნად სხეულს კლავს, ხოლო უკვდავ სულს კლავენ, როცა მათ აცთუნებენ და ცოდვიან გზაზე აყენებენ.
როგორი უნდა იყოს მშობლის სიყვარული. მღვდელმოწამე არსენი (ჟადანოვსკი, +1937) ამბობდა: "წმინდად, ამაღლებულად, სულიერად უყვართ მშობლებს შვილები, როცა მათ უყურებენ როგორც ღვთის კურთხევას, როგორც ახალ წევრებს ეკლესიისა, რომლებიც ღვთის სასუფეველში უნდა შევიდნენ, ამიტომაც ცდილობენ, ღვთის შიშით აღზარდონ, კეთილი ჩვევები ასწავლონ, მაგრამ შეუძლიათ შეუყვარდეთ თავიანთი შვილები, როგორც გვარის გამგრძელებელნი, იამაყონ მათი სილამაზით, წოდებით, თანამდებობით, მაგრამ მშობლის ასეთი სიყვარული სულმდაბლური და ხორციელია.
შვილებზე არად ნაღვლობენ ისინი, ვინც მხოლოდ ართობენ მათ, მაშინაც კი, როცა დგება ჟამი მათი განსწავლისა. ბრძნულია და მაცხოვნებელი ის მშობლიური სიყვარული, რომელიც რამდენადმე იკავებს თავს შვილების სიყვარულისგან, ძუნწობს მათი ნუგეშისცემისას, ხოლო ამ ნუგეშისცემას ინახავს წასაქეზებლად და დასაჯილდოვებლად იმ დროისთვის, როცა ისინი მორჩილებენ და წარემატებიან სულიერ სწავლაში".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი