ეპისკოპოსი ბესარიონი - მამინაცვალსა და დედინაცვალზე, ასევე გერებზე
არიან მამაკაცები და დედაკაცები, რომლებიც მოყვარული და ერთგული თანამეცხედრის დაკარგვის შემდეგ აღთქმას დებენ, რომ ხელახლა არ დაქორწინდებიან
- ჩემს შვილებს შინ დედინაცვალს ან მამინაცვალს არ შევუყვან, მე ვიქნები მათი დედაც და მამაცო. ზოგიერთი, ღვთის შეწევნით, აღთქმის შესრულებას ახერხებს. ვიცნობთ ქვრივებს, რომელთაც უარყვეს ხელახლა ქორწინების ხელსაყრელი წინადადება და დარჩენილი დღეები მიუძღვნეს ღვთისმოშიშების საქმეებს, გარდაცვლილი მეუღლისთვის ლოცვას და სიყვარულით და თავგანწირვით ზრუნავენ შვილებზე. ვიცნობთ მამაკაცებს, რომლებიც ახალგაზრდობაში დაქვრივდნენ და ცხოვრების ახალი მეგობარი არ უძებნიათ, იშვიათად ჩნდებოდნენ ხალხში, ყველანაირად გაურბოდნენ ისეთ შეხვედრებს და ნაცნობობას, რომელსაც შეიძლება აღთქმის დარღვევამდე მიეყვანა; ბავშვების მოვლაში, ღვთისმოშიშებით აღზრდაში ტოლს არ უდებდნენ დედებს. მაგრამ ყველა სიცოცხლის ბოლომდე ქვრივად არ რჩება. ან უძლურია ხორცთან ბრძოლაში, ანდა მარტოხელა ცხოვრებას მიუჩვეველია, ან ვერ ახერხებს ბავშვების ფხიზელ მეთვალყურეობას. ამიტომ ბევრი ქვრივი საჭიროდ თვლის, იპოვოს ბავშვებისთვის ახალი დედა, დიასახლისი. ბევრი დაქვრივებული ქალიც მეორედ ხალისით თხოვდება, რათა ახალი ქმარი პოვოს დასაყრდენად და შვილების მფარველად. ახალი აღთქმა ქრისტიანთა შორის მეორედ ქორწინების მაგალითს არ გვამცნობს, თუმცა ცოდვად არ თვლის, თუ მეუღლის სიკვდილის შემდეგ დაქვრივებული მეორედ დაქორწინდება. წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს: "დედაკაცი შეკრულ არს შჯულითა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი, ხოლო უკუეთუ მოკვდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაი, გარნა მხოლოდ უფლისა მიერ" (1 კორ. 7,39). ის ეპისკოპოს ტიმოთეს ურჩევს, დიაკონისები მოხუცებულ ქვრივთაგან აირჩიოს, რადგან ახალგაზრდა ქვრივნი ამ თანამდებობაზე არასაიმედონი არიან. მათზე კი ამბობს: "მნებავს უკვე ჭაბუკთა ქორწინებაი, შვილთა სხმაი, სახლისა პყრობაი..." (2 ტიმ. 5,14). ძველ აღთქმაში მთელი წიგნი ეძღვნება ღვთისმოშიში რუთის ქებას, რომელიც ქმრის სიკვდილის შემდეგ მეორედ გათხოვდა და ამ ქორწინებით მეფე დავითის დიდედა გახდა. თვითონ დავითიც დაქორწინებული იყო ნავალას ქვრივზე, ავიგეზე. ამგვარად წმინდა წერილი არათუ ეწინააღმდეგება მეორე ქორწინებას, არამედ იწონებს კიდეც. ისინი ხომ ამით კარგ საქმეს აკეთებენ, ხელახლა დაოჯახებასთან ერთად თავს მოვალედ თვლიან, დაობლებულ ბავშვებს დედა ან მამა შეუცვალონ, რამდენადაც ეს მათთვის შესაძლებელი იქნება. ასეთ დედინაცვალს და მამინაცვალს შეიძლება მიეკუთვნოს მაცხოვრის სიტყვები: "რომელმან ერთი ამათგანი ყრმაი შეიწყნაროს სახელისა ჩემისათვის, მე შემიწყნაროს" (მკ. 9,37).
რა დასამალია და, ამ დიდ საქმეს დიდი სირთულეებიც სდევს, რომელიც ყოველმხრივია. დავიწყოთ ბავშვებით. ხდება ხოლმე, რომ დედინაცვალს და მამინაცვალს ისეთი ბავშვები ხვდებათ წილად, რომელთა აღზრდაში შეცდომები იყო დაშვებული ან მშობლების სიცოცხლეშივე, ან ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალების მერე. ახალ აღმზრდელს მძიმე შრომა მოუწევს ასეთების ხელახლა აღსაზრდელად. მათი შრომა ან წარუმატებელი აღმოჩნდება ხოლმე, ანდა ძალზე ნელა გამოაქვს სასურველი ნაყოფი. ამგვარად დედინაცვალი და მამინაცვალი თავისი ქორწინების პირველ ხანებში ნაკლებად განიცდიან სიხარულს და ბედნიერებას. ზოგჯერ კი ცრემლის ღვრაც უწევთ. ზოგიერთი ახალგაზრდა ქალი ჩაიხედავს თავისი გერების გულში და სასოწარკვეთა ეუფლება. ნანობს, რომ მათი დედობა იკისრა. მამინაცვალს და დედინაცვალს რთული ურთიერთობა აქვთ მოზრდილ გერებთან. ხშირად ამ უკანასკნელთ არ სურთ ოჯახში ახალი მამის თუ დედის შემოსვლა, ამიტომაც მათ უკმაყოფილებით, მტრულადაც კი ხვდებიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ დედინაცვალი ან მამინაცვალი მათგან ასაკით დიდად არ განსხვავდება. არ იციან, მათ რა დაუძახონ, უჭირთ დედის ან მამის დაძახება. და არცთუ იშვიათად ამის გამო ოჯახში უსიამოვნო სცენები იმართება. პირველი ქორწინებიდან გაჩენილ შვილებს ზოგჯერ მათი ნათესავები უდგებიან გვერდით. ცდილობენ, ბავშვებზე გავლენა მოიპოვონ და გული გაუციონ დედინაცვლის თუ მამინაცვლის მიმართ. ეს არამკითხე შუამავლები მოაყოლებენ ბავშვებს, თუ როგორ ექცევა მათ მამინაცვალი ან დედინაცვალი და დამშვიდების მაგიერ უფრო აღიზიანებენ და უმხედრებენ. ზოგჯერ უცხოებიც კი თავს უფლებას აძლევენ, ჩაერიონ იმ საქმეში, რომელიც მათ არ ეხებათ. ყველას თავი გერების დამცველად მოაქვს. თუ ბავშვებს საკუთარი მშობელი სჯის თუნდაც უსამართლოდ, ამას ყურადღებას არავინ აქცევს, მაგრამ თუ მამინაცვალი ან დედინაცვალი გერს ცუდი საქმის გამო დასჯის, ერთ ამბავს ატეხენ, თითქოსდა დიდი უსამართლობა ჩაედინოს. დიდი ზიანი მოაქვს კაცთაგან უგუნურ ჩარევას გერების ცხოვრებაში.
ხშირად ასეთი ცუდი ურიერთობის მიზეზნი მეორედ დაქორწინებული ქვრივები არიან. ცუდია, როცა ასეთი ქორწინებისას არ არის მათ შორის გულწრფელი ნდობა. ცუდია, თუ ერთი ნახევარი, რომელსაც ბავშვები ჰყავს პირველი ქორწინებიდან, მეორეს ეჭვით უცქერს და თავის შვილებისადმი ცუდ დამოკიდებულებას აბრალებს. ცხადია, ასეთი ქორწინება კურთხეულ ნაყოფს ვერ გამოიღებს.
ოჯახური აყალმაყალის მიზეზი ხდება ის, რომ მამინაცვალს თუ დედინაცვალს არასწორად ესმით თავისი მოვალეობა. ხშირად ფიქრობენ, რომ ბავშვებზე არანაირი უფლება არ აქვთ, ამიტომაც მათ მშობლებივით არ ექცევიან. ისინი ივიწყებენ ან არ სურთ იმის გაგება, რომ ცოლქმრული კავშირის მერე ღვთისგან ბავშვებზე ალალი დედის ან მამის სრული უფლება აქვთ მიღებული, ისინი კი მათ, როგორც სხვის შვილებს, ისე ეპყრობიან, თავიანთი ქმრის ან ცოლის შვილებს ეძახიან, მათ ცუდ საქციელს გულგრილად უყურებენ და არ ეწინააღმდეგებიან. რა მოსდევს ამას? ბავშვებიც არ ცნობენ მამინაცვალ-დედინაცვალს მშობლებად და შეუფერებლად ექცევიან. საქმე იქამდე მიდის, რომ გერებისგან შეურაცხყოფილნი, დათრგუნულნი მხოლოდ ოხრავენ და ჩივიან. ამის მიზეზნი კი თვითონვე არიან, რადგან თავიდანვე არასწორად მიუდგნენ გერებს.
დაბოლოს, ხშირად გერებთან ცუდი ურთიერთობა აქვს ისეთ დედინაცვალ-მამინაცვალს, რომელსაც თვითონვე ჰყავს შვილები. გასაგებია, ეს რატომაც ხდება: ღვიძლ შვილებს, საკუთარ სისხლსა და ხორცს გერებზე წინ აყენებენ, ეფერებიან, ურჩევენ საჭმელს და ტანსაცმელს. უფრო გულმოდგინედ აღზრდიან და მემკვიდრეობასაც მეტს უტოვებენ. თანაბრად გაყოფა რომ უნდოდეს, გამოჩნდებიან ჭკუის დამრიგებლები - როგორ შეიძლება სხვის შვილებს იმდენივე ქონება მისცე, რამდენიც შენს კანონიერ მემკვიდრეებსო. როცა გერი ხედავს, რომ საკუთარ შვილს კარგად ექცევიან, მას კი უსამართლოდ, ბუნებრივია, დედინაცვალ-მამინაცვალსაც შეიძულებს და მის შვილებსაც.
ასეთ მეჩეჩებზე იმსხვრევიან საცოდავი ადამიანები! და რაც აღსანიშნავია, უპირატესად დედაკაცები. დედინაცვლის სახელი უფრო მუქი ფერებით არის მოცული, ვიდრე მამინაცვლისა. ყველა ხალხის ისტორიაში ბევრია ნათქვამი ასეთ დედინაცვალზე. სამწუხაროდ, გამოცდილება ხშირად გვარწმუნებს მათ სისწორეში. მართლაც, რამდენ დედინაცვალს არა აქვს დედის გული.
როგორ უნდა მოიქცეს დედინაცვალი, გერებმა რომ არ იტირონ? ისინი უნდა მიიღოს იესო ქრისტეს სახელით. უფალმა ხომ ბრძანა: "რომელმან ერთი ამათგანი ყრმა შეიწყნაროს სახელისა ჩემისათვის, მე შემიწყნაროს" (მარკოზი 9,37). გერებსაც იგივე ღმერთი გვაძლევს, ღვიძლი შვილები რომ გვიბოძა. ამიტომ დედინაცვალმა და მამინაცვალმა ასე უნდა იფიქრონ: "ეს ბავშვები ღმერთმა მაჩუქა. უფალმა მათზე ხელმწიფების უფლება მომცა. ღმერთმა, რომელმაც თავისი მოწყალების გამო თავი ისრაელის ერის მამად იწოდა, ღმერთმა, რომელმაც თავის შვილებად გახადა კაცნი, რომელთაც თავიანთი ცოდვების გამო დაკარგული ჰქონდათ ღვთის შვილად წოდების უფლება. ღმერთმა, რომელმაც მიშვილა მე ცოდვილი, ჩემი ყოველგვარი დამსახურების გარეშეც, იმავე ღმერთმა მიბოძა ბავშვები, რომლებიც მე არ მიშვია". თუ შენ მათი აღზრდა ძნელი გგონია, მაშინ გაიხსენე, რომ შენი აღზრდაც ბევრ შრომას მოითხოვდა და მოითხოვს შენი ღვთისგან. ხშირად ევედრე უფალს, რომ მოგმადლოს სიყვარული, რომლითაც, როგორც ღვიძლი მშობელი, ისე მოექცევი გერებს. ღმერთიც შეისმენს და აღასრულებს შენს ლოცვას. თუ მშობელივით არ გიყვარს გერები, თუ ნათესავები წინაღობებს აღმართავენ თქვენს გულებს შორის, მაშინ დავარდი ჯვრის წინაშე. და დაეცემა მისგან შენს სულს მშვენიერი ნაყოფი სიყვარულისა, იმავ სიყვარულისა, რომელმაც ჯვარზე აიყვანა უფალი ჩვენი, ყველას ხსნისა და ბედნიერებისთვის. უფალი ჯვარზეც შეუნდობდა თავის მტრებს. "მამაო, შეუნდე, რამეთუ არა იციან, რასა იქმან". შენმა გერმაც არ იცის, რას აკეთებს, როცა გულცივად და უხეშად გექცევა. ილოცე, ოღონდ ისე, როგორც იესო ლოცულობდა და სულიწმინდა აღავსებს შენს სულს სიყვარულით და სიმშვიდით. უფრო მეტად ის შესთხოვე უფალს, შენი მოვალეობის ღირსეულად შესრულებაში განგამტკიცოს. კარგად იცი უძლურება და დაუდგრომლობა ჩვენი ბუნებისა. მხნე სული გულწრფელ აღთქმას დებს ცოლის ან ქმრის და მათ შვილთა სიყვარულისა. ხორცს კი უძნელდება აღთქმის შესრულება.
თუ დარწმუნებული ხარ შენს მიერ ნატვირთ მოვალეობათა სიწმინდეში, მათ შესასრულებლად, სიყვარულის გარდა, სამართლიანობითაც უნდა ხელმძღვანელობდე. იცოდე, შენი ქმრის თუ ცოლის შვილებზე ძალაუფლება ღმერთმა მოგცა და მტკიცედ იპყარ ხელში. მათ მიმართ არა მარტო ალერსიანი, არამედ მკაცრიც იყავი, როცა ამას სამართლიანობა მოითხოვს. ნუ მოისურვებ, რომ ბავშვებმა მაშინვე გულით შეგიყვარონ. მათი შენდამი სიყვარული თანდათანობით გაიზრდება. ისინი თქვენი მათდამი სიყვარულისა და ზრუნვის შედეგს დაინახავენ. ადამიანებმა შეიძლება განიკითხონ შენი სიმკაცრე, გაგკიცხონ ბავშვის დასჯის გამო, მაგრამ მტკიცედ იდექი შენს კეთილ განზრახვებში. გამარჯვება შენ დაგრჩება. შენი სამართლიანობა დაფასდება, ბოროტი და გრძელი ენები დამოკლდება და ხალხიც პატივისცემით წარმოთქვამს შენს სახელს. ბავშვები დააფასებენ შენს სამართლიანობას და დღითიდღე უფრო მოგეჯაჭვებიან.
დედინაცვალმა და მამინაცვალმა კეთილი გავლენა რომ შეძლონ გერზე, ღვიძლმა მშობლებმა წინასწარ უნდა შეამზადონ შვილების ახალგაზრდული გულები ამ გავლენის მისაღებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკეთეს არ უნდა ველოდოთ, მაგალითად, თუ დედინაცვალი ეტყვის ქმარს, - ჩემს შვილებთან ხელი არა გაქვს და არც ბრძანების უფლებაო. კარგი დედინაცვალიც კი ასეთი სიტყვებით ბავშვებს სიკეთეს არ მოუტანს. განსაკუთრებით ბავშვების გასაგონად არ უნდა წარმოთქვათ ეს, თორემ მათ მეხსიერებაში სამუდამოდ ჩარჩება და დედინაცვლისთვის სიმწარის წყაროდ იქცევა.
ჭეშმარიტად ბრძნულად და ქრისტიანულად იქცევა ის მამინაცვალი და დედინაცვალი, რომელიც ზრუნავს ოჯახში ღვიძლი მამის თუ დედის ხსოვნის დამარხვისთვის. კეთილი დედინაცვალი ყოველთვის სიამოვნებით ახსენებს ბავშვებს იმ დროს, როცა ცოცხალი იყო მათი დედა, იხსენებს მხოლოდ კარგი მხრიდან და თავს უფლებას არ მისცემს, მრუმე ფერით წარმოგვიდგინოს განსვენებული. მის შეცოდებებზე, ცუდ თვისებებსა და მოქმედებებზე დუმილი სჯობს. არაფერი ისე არ განაშორებს გერებს დედინაცვლისგან, როგორც მისი ცივი და დამცინავი დამოკიდებულება ბავშვების გარდაცვლილი დედისადმი. ვიცნობთ დედინაცვლებს, რომლებიც მიცვალებულთა საეკლესიო მოხსენიების დღეებში ქმართან და ბავშვებთან ერთად გულწრფელად ლოცულობს გარდაცვლილის, პირველი ცოლის საუკუნო განსვენებისთვის, ლოცულობენ ეკლესიაში, საფლავთან და შინ. გონიერი და კეთილი დედინაცვალი შეინახავს ოჯახში ქმრის პირველი ცოლისგან დადგენილ წესებსა და ტრადიციებს. ყველაფერი ძველებურად მიედინება, დედინაცვალი განაგრძობს იმას, რაც განსვენებულმა დაიწყო. რამდენადაც მისთვის შესაძლებელია, ცდილობს, მეგობრულად იყოს განსვენებულის ნათესავებთან და თუ ეს ზიანს არ მოუტანს, ბავშვებსაც აძლევს მათთან წასვლის ნებას. ერთი მხარის ნდობას მეორეც ნდობით უპასუხებს.
უფალი არ დატოვებს დაუჯილდოებლად მას, ვინც ასრულებს დედინაცვლის და მამინაცვლის მოვალეობას, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო იქნება მათთვის, თუ მათი გერები იტყვიან, - ჩვენი დედინაცვალი ჩვენთვის მშობელ დედასავით იყო. ისე ვუყვარდით და ზრუნავდა ჩვენზე, რომ ზოგჯერ მშობელი დედაც კი ვერ იზრუნებს შვილებზეო. განა ეს შექება არ სჯობს დიდებულ საფლავის ძეგლს და ზედ ამოტვიფრულ ხატოვან ეპიტაფიას?