შვილიერება ღვთისგან ბოძებული დიდი მადლია. ეს განსაკუთრებით კარგად აქვთ გაცნობიერებული ეკლესიის მამებს. ამიტომ აღარც გვიკვირს, როდესაც გავიგებთ, ამა თუ იმ სასულიერო პირს მეშვიდე ან მერვე შვილი შეეძინაო.
ჩვენი ჟურნალის სტუმარი, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გოჩა ცაავა, ამ მადლით უფალმა უხვად დააჯილდოვა - მას ახლახან მეცხრე შვილი შეეძინა...
- მამაო, როგორ აირჩიეთ ის გზა, რომელსაც ახლა ადგახართ?
- უფალი ბრძანებს, მე ვარ გზა და ჭეშმარიტება. ახლა რომ ვაცნობიერებ, ბავშვობიდან ვეძებდი მართალ გზას. იმ დროს იდევნებოდა რწმენა, თუმცა მშობლები დიდ დღესასწაულებზე სანთელს ანთებდნენ და ალბათ ამიტომ იყო, რომ დაახლოებით ათი წლის ასაკში ჩუმად ჩამოვქენი თაფლის სანთელი და დავანთე. ჭამის შემდეგ გულში ვიტყოდი ხოლმე, მადლობა, ღმერთო, რომ დამანაყრე-მეთქი, თუმცა ეს არავის უსწავლებია, შინაგანად მქონდა რაღაცნაირი მადლიერების გრძნობა... მოგვიანებით ათი მცნება ჩამივარდა ხელში. ამან მიმახვედრა, რომ ეკლესიური ცხოვრება აუცილებელია. მაშინ ჭყონდიდის ეპარქიის არქიმანდრიტი იყო მამა იოაკიმე ასათიანი. მამა იოაკიმე შაბათ-კვირას ჩამოდიოდა თბილისიდან მარტვილში წირვა-ლოცვის ჩასატარებლად. ერთ დღეს, როდესაც მოძღვარს თბილისში ვაცილებდი, მკითხა, - მღვდლობა ხომ არ გინდაო. ეს კითხვა მოულოდნელი იყო ჩემთვის. ვუპასუხე, არ მიფიქრია ამაზე-მეთქი. მითხრა, დღეიდან იფიქრეო... მართლაც, მამა იოაკიმეს წარდგინებით, 1988 წლის 19 დეკემბერს მაკურთხეს დიაკვნად, ერთი თვის შემდეგ, 1990 წლის 19 იანვარს - მღვდლად, ვმსახურობდი მარტვილში...
- მამაო, რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახური სითბო და სიყვარული?
- ეკლესიაში მომსვლელი თავიდან განსაკუთრებულ მადლს გრძნობს და უნდა, განმარტოვდეს, უფალს მიუძღვნას თავი. შესაძლოა, ეს ხიბლია ან ტვირთის საკუთარ თავზე ნაჩქარევად აღება. დასაწყისში მეც ასე დამემართა. ვფიქრობდი ბერობაზე. პავლე მოციქული ამბობს, ცოლიანი კაცი ცოლისთვის ფიქრობს და უცოლო - ღმერთისთვისო. ისევ მოძღვრის ლოცვა-კურთხევით დავოჯახდი. ოჯახი პატარა ეკლესიაა, სადაც დიდი სითბოა, დიდი სიყვარულია, ამავე დროს დიდი ჯვარიცაა. მადლობა უფალს, რომ ამდენი სიხარული მოგვანიჭა - ექვსი ვაჟი და სამი ქალიშვილი გვყავს. მეცხრე, ნიკოლოზი, ახლახან მოევლინა ქვეყანას. ცხრა შვილი - ეს არის ცხრა ანგელოზი ოჯახში. თითოეულს ხომ ნათლობის შემდეგ თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს. მინდა ეს სითბო და სიხარული გადაედოს მთელ ერს, რომ მრავალშვილიანი ოჯახები უფრო მეტი იყოს. ბავშვის დაბადებაში ვხედავ ღვთის მადლს; უბრუნდები სამყაროს შექმნას და გახსენდება უფლის კურთხევა პირველი ადამიანებისადმი, "ინაყოფიერეთ და იმრავლეთო". ეს მადლი დღეს ისევ მოქმედებს. ადამიანი ღმერთთან ახლოს უნდა იყოს, რომ ეს მადლი მიიღოს. უფალმა უწყის, ჩვენ რა გვაცხოვნებს, რა გადაგვარჩენს და რამდენის დატევნა შეგვიძლია. არის ისეთი ოჯახები, რომლებიც ღვთის ნებას იღებენ და იმდენ შვილს აჩენენ, რამდენსაც უფალი აძლევთ. ზოგსაც გარკვეულ დრომდე არ ეძლევათ ღვთისაგან შვილი, თუმცა ამის გამო ეჭვი არ შეაქვთ ღმერთში და მოთმინებით ელიან წყალობას. მაგალითად, ასეთები იყვნენ წმინდა იოაკიმე და ანა, ზაქარია და ელისაბედი, აბრაამი და სარა... მათ შვილი არ უჩნდებოდათ. მიუხედავად ამისა, წუწუნი არ დაუწყიათ, მოთმინებით ელოდნენ და რომც არ ყოფილიყო წყალობა, მზად იყვნენ, დაეტიათ ეს ყველაფერი. ასე რომ, უშვილობის ჯვარიც ძალიან დიდია ღვთის წინაშე, თუ მას ადამიანი სულგრძელობით დაიტევს. ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ ადამიანები ნებით ამბობენ შვილზე უარს. მეექვსე მცნებაში უფალი გვეუბნება: არა კაც ჰკლაო. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი შვილი ისე მოვაკვდინოთ, რომ განცდაც არ გვქონდეს ცოდვის... არასწორია, როდესაც მატერიალური მდგომარეობის გამო უარს ვამბობთ შვილზე, ღმერთი მოწყალეა და თავის გაჩენილს კიდეც დაარჩენს... საქართველოს დასაკარგი შვილი არ ჰყავს. თამარის დროს თორმეტი მილიონი ვყოფილვართ, იმიტომ რომ მაშინ სულიერება წინა პლანზე იყო...
- ერის ძლიერება შვილთა სიმრავლეშია, მაგრამ მარტო მათი ქვეყნად მოვლინება არაა მთავარი, მათი აღზრდა და გზაზე დაყენებაც მშობლის მოვალეობაა. რამდენად რთულია ბავშვების აღზრდა?
- როდესაც ეკლესიურად ცხოვრობ, ეს უფრო მარტივია. მათ ბავშვობიდანვე აზიარებ ღვთის სიტყვას, ასწავლი უფლისა და მოყვასის სიყვარულს. შემდეგ აღზრდაშიც ნაკლები პრობლემებია... მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად მრჩება დრო ოჯახისა და ბავშვებისათვის. ხორციელი შვილების გარდა მოძღვარს სულიერი შვილებიც ჰყავს. მაინც ვცდილობ, დრო გამოვნახო, თუნდაც საღამოს, ძილის წინ, ქრისტიანული ზღაპარი ან ბიბლიური მოთხრობა წავუკითხო.
- მშობლები ბავშვის აღზრდისას სიყვარულსა და დარიგებებთან ერთად ვერც დასჯას არიდებენ თავს. თქვენ თუ სჯით ხოლმე შვილებს?
- მრავალშვილიან ოჯახში აღზრდილი ბავშვები შრომისმოყვარენი და ნაკლებად პრეტენზიულნი არიან, რაც აქვთ ღვთის წყალობით, ის აკმაყოფილებთ... ბავშვობიდანვე ეჩვევიან ერთმანეთზე ზრუნვას. გოგონები უკვე დამოუკიდებლად უძღვებიან საოჯახო საქმეებს, ეხმარებიან დედას. დამეთანხმებით, რომ მღვდლის ოჯახს ათასი თვალი უყურებს, უბრალო შეცდომაც ერთიორად დიდი ჩანს, ამიტომ მღვდლის შვილები სამაგალითონი უნდა იყვნენ. იშვიათად, მაგრამ მაინც ყოფილა შემთხვევები, როცა დამისჯია ბავშვები. დასჯის ფორმა შეიძლება იყოს უზიარებლობა, კუთხეში დაყენება, ძირითადად ისეთი დასჯა, რომელიც მათში სინანულს გამოიწვევს, დააფიქრებს...
- ოჯახში უამრავი საზრუნავია, მით უფრო მრავალშვილიან ოჯახში...
- რა თქმა უნდა, ოჯახში ბევრი ყოფითი პრობლემაა, თუმცა უფლის წყალობით ყველაფერი მოგვარებადია. მახსენდება ასეთი შემთხვევა: ოჯახში ვსაქმიანობდი. წასასვლელი ვიყავი ეკლესიაში, სადაც სხვა მოძღვართან ერთად ზეთის კურთხევა უნდა აღმესრულებინა. საჭმელი არ მქონდა, რომ ბავშვებისთვის დამეტოვებინა და მშვიდად წავსულიყავი. არც ტრანსპორტის ფული მქონდა ტაძარში მისასვლელად. გულში ვლოცულობდი, უფალო, შენ ყველაფერი იცი და იქნებ რაიმე გამოსავალი გამომიჩინო-მეთქი... ამ დროს მანქანით მოვიდა იმ ეკლესიის მღვდელი, სადაც უნდა წავსულიყავი, თან პროდუქტები მოიტანა. ასეთი მოწყალეა უფალი, მთავარია, მისი რწმენა და იმედი არ დაკარგოს კაცმა.
მარტვილში მცირე მეურნეობა გვაქვს. ჩვენთან ერთად ბავშვებიც აქტიურად შრომობენ და ასე მოვიწევთ ხორციელ საზრდოს.
- მამაო, ყველაზე მეტად რა გახარებთ?
- მიხარია თუნდაც ის, რომ ბოლო წლებში საქართველოში მართლაც დაიწყო ქრისტიანობის მძლავრი გამოცოცხლება, იხსნება და მშვენდება აქამდე დაცარიელებული ტაძრები, შენდება ახლები, აღდგენილ მონასტრებში მკვიდრდებიან ბერ-მონაზვნები. მახარებს მრავალი ახალგაზრდის სურვილი - იცხოვრონ მონასტრებში, უფრო ღრმად და სერიოზულად ჩასწვდნენ სულიერი ცხოვრების სიფაქიზეს. ადამიანები ყველაზე დიდს, თავის თავს სწირავენ უფალს.
- დაგვლოცეთ, მამაო.
- ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჟურნალი "კარიბჭე".
- მადლობას გიხდით საინტერესო საუბრისათვის და რედაქციის სახელით გილოცავთ კიდევ ერთი ვაჟის დაბადებას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი